8 წლის განმავლობაში ვიყავით „ქართულ ოცნებასთან“ ერთად და გაცილებით უფრო დიდი ალბათობა იმისი არსებობს, რომ ჩვენ ოცნებასთან ერთად გავაკეთოთ კოალიცია, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობასთან“, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრები “„კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ზვიად ძიძიგურმა. გადაცემაში მან განაცხადა, რომ „კონსერვატიული პარტია“ ყველა იმ წარმატებულ რეფორმასა თუ შეცდომაზე იღებს პასუხისმგებლობას, რაც გასული 8 წლის განმავლობაში განხორციელდა.
„ვფიქრობ ძალიან ბევრი კარგი რამ გაკეთდა. მაგალითად ჯანდაცვის რეფორმა, სადაც აქტიურად ვმონაწილეობდით, თვითმმართველობის რეფორმა, სადაც აქტიურად ვმონაწილეობდით, სასამართლო რეფორმა“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა, რომელმაც გადაცემის წამყვანის კითხვას, არის თუ არა „კონსერვატიული პარტია“ ოპოზიციური პარტია, შემდეგნაირად უპასუხა:
„როდესაც ხელისუფლებაში არ ხარ, ხარ ოპოზიციური პარტია, ამაზე მეორე აზრი არ არსებობს, მაგრამ ოპოზიციაცაა და ოპოზიციაც. ჩვენ გამოვიდეთ და დავიწყოთ ისეთი ტიპის წინააღმდეგობა, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს განვლილ 7 წლიან პერიოდს, ამას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიას პარტია წარმართავს არა რომელიმე პარტიასთან, არამედ იმ პრობლემებთან დაპირისპირებით, რომლებიც ქვეყანაშია. ასეთ პრობლემებად კერძოდ, მაგალითად მან დაასახელა ნარკოდამოკიდებულების პრობლემა.
ზვიად ძიძიგური, საქართველოს კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის ოთხი მოწვევის დეპუტატია. მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იგი გახდა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიით. უმრავლესობა ზვიად ძიძიგურმა, ფრაქცია „კონსერვატორების“ წევრებთან ერთად, 2019 წლის 15 ნოემბერს დატოვა მას შემდეგ, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის უმრავლესობის მიერ მომზადებულმა კანონპროექტმა პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „კონსერვატიული პარტია“ დამოუკიდებლად ღებულობს მონაწილეობას. არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.