Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისის უხუცესთა საბჭო სათემო რადიოსა და გელა მთივლიშვილს მხარდაჭერას უცხადებს


პანკისის უხუცესთა საბჭო სათემო რადიო "ვეისა" და მისი დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.

საბჭო აცხადებს, რომ გელა მთივლიშვილი ქისტების ქომაგი და მხარდამჭერია, რომელიც უანგაროდ ეხმარებოდა პანკისელებს საკუთარი უფლებების დაცვასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში.

"პანკისის სათემო რადიო „ვეი“-ს მიმართ აგრესიული განწყობილება ვაჰაბიტ-სალაფიტებში ადრეც იყო. მთივლშვილის წინააღმდეგ გამოხტომებიც ბევრი ყოფილა, არც თავიანთი უხუცესების მიმართ უკადრისი მიმართვების ხმარებას მორიდებიან, მაგრამ აგრესიულ მუქარას ადგილი არ ჰქონია! აქ დაინტერესებულმა პირმა ეშმაკური ფანდი იხმარა - გელა მთივლიშვილი შენობას ყიდულობს და ინგლისური ენის უფასოდ შემსწავლელ კურსებს დახურავსო, რაც სიმართლისაგან ძალზე შორსაა, რადგანაც გელა მთივლიშვილს აზრად არ მოსვლია ამ შენობის შესყიდვა და ეს ყველაფერი გათვლილი იყო ხალხის ემოციებზე ზემოქმედებისთვის: აი, ხედავთ, ვიღაც ჟურნალისტი გვართმევს შენობასო", - აცხადებს უხუცესთა საბჭო.

უხუცესებისთვის აშკარაა, რომ მთივლიშვილის მოწინააღმდეგე ადამიანების უკან დგას გარკვეული ძალა, რომელიც თვითონ შენიღბულია და სხვებს იყენებს.

"შეიძლება ითქვას, აზრის მესვეურებმა თავიანთ მიზანს ნაწილობრივ მიაღწიეს და ჟურნალისტის წინააღმდეგ კიდევ უფრო განაწყვეს გარკვეული ძალები. მთავარი მაინც ის არის, რომ მომიტინგეთა მხრიდან არ მოხდა არანაირი კონკრეტული დანაშაულის გამოკვეთა ჟურნალისტის მიმართ, მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლნენ".

უხუცესთა საბჭო აცხადებს, რომ ადგილობრივებმა უპირველესად ხეობის ინტერესები უნდა გაითვალისწინონ.

"ჩვენ, უხუცესთა კავშირი, ვგმობთ ყოველგვარ აგრესიულ გამოხტომებს ადამიანების მიმართ. ცხადია, ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ გელა მთივლიშვილი იდეალური ჟურნალისტია ან პიროვნება, ისევე როგორც ჩვენ ან ნებისმიერი სხვა, ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი პლიუს-მინუსები, რომლებისგანაც არავინ არ ვართ დაზღვეულები. აქვე აღვნიშნავთ, რომ გელა მთივლიშვილი ჟურნალისტია, მისი პროფესიაა მიმდინარე მოვლენების გაშუქება, თუნდაც ეს „შორტებს“ ან სხვა თემებს ეხებოდეს. უნდა დავიცვათ და შევინარჩუნოთ ქისტური ადათ-წესები და ღირსების გრძნობა! საქართველო პანკისიდან იწყება, ნუ დავივიწყებთ ამას!"

1 სექტემბერს პანკისის სათემო რადიომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ახმეტის მერიის ორგანიზებულ აქციაზე რადიოს დარბევით ემუქრებოდნენ.

5 სექტემბერს რადიო „ვეის“ შენობასთან გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ გაიმართა აქცია რამდენიმე ადგილობრივის მონაწილეობით. მათი აზრით, მთივლიშვილი ხეობაში მიმდინარე მოვლენებს არაობიექტურად და პროვოკაციულად აშუქებს.

კოალიციის "მედიის ადვოკატირებისათვის" წევრი ორგანიზაციები პანკისის სათემო რადიოს დარბევის მუქარაზე დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ შსს-სგან. გამოძიების დაწყების მომხრეა სახალხო დამცველიც.

საქართველოს კანონმდებლობით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. ხოლო ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა მუქარით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ასევე ნახეთ: "მუქარების მიუხედავად, არ ვაპირებთ იქიდან გამოსვლას ან მუშაობის გაჩერებას. პანკისის სათემო რადიო არ აპირებს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას"

XS
SM
MD
LG