პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების გეგმას გამოეხმაურა. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან ჟურნალისტის შესაბამის კითხვას უპასუხა.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მობრძანდეს. ვერავინ და ვერაფერი ქვეყნის სტაბილურობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს. ვერავინ და ვერაფერი საარჩევნო პროცესის ნორმალურ, მშვიდ გარემოში ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მიხეილ სააკაშვილი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელეს.
6 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მორიგ მიმართვას საქართველოში დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით 7 სექტემბერს გააკეთებს. ერთ-ერთ თავის ბოლო ვიდეომიმართვაში 27 აგვისტოს კი მან ბოდიში მოუხადა საქართველოს მოსახლეობას და ჩამოსვლას დაჰპირდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 2020 წლის მაისიდან ხელმძღვანელობს უკრაინის რეფორმების აღმასრულებელ კომიტეტს. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე სააკაშვილის კანდიდატურა განიხილებოდა უკრაინის ვიცე-პრემიერად, რასაც მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტ ზელენსკის პარტიის "ხალხის მსახურის" საპარლამენტო ფრაქციის წევრთა უმრავლესობამ.
მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი რეფორმების კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა, თბილისმა კონსულტაციისთვის კიევიდან ელჩი გაიწვია. საქართველოს მთავრობაში მაშინ განაცხადეს, რომ უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება, თუმცა საქართველოში მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნამ შეკითხვები გააჩინა.
აგვისტოს დასაწყისში, ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში სააკაშვილმა თქვა, რომ შეიძლება იყოს უკრაინის პრემიერობის კანდიდატი. ეს იყო პასუხი შეკითხვაზე, რომელიც ეხებოდა მის შესაძლო დასახელებას საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად.
14 აგვისტოს, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კოალიციური მთავრობის ფორმირების პერსპექტივაზე საუბრისას „რუსთავი 2“-ს უთხრა, რომ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის, პრემიერ-მინისტრად.
მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ ძებნილი პირია. მას საქართველოში დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.