Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პომპეო: აშშ მოითხოვს ბელარუსში ძალადობის დასრულებას, მოკავშირეებთან სანქციების თემას განიხილავს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ბელორუსის მთავრობის მიერ ოპოზიციის მომხრეთა გამოსვლების ძალადობრივი ჩახშობა 9 აგვისტოს სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

პომპეომ 2 სექტემბერს ასევე განაცხადა, რომ აშშ ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან განიხილავს სერიოზული სანქციების დაწესების თემას მათ მიმართ, ვინც ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევასთან არის დაკავშირებული.

პრესკონფერენციაზე გამოსვლისას პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სტივენ ბიგანმა გასულ კვირაში მისი დავალებით იმოგზაურა რეგიონში და განაცხადა ვაშინგტონის პოზიცია, რომ „ბელარუსის ხალხი იმსახურებს უფლებას, თვითონ აირჩიოს საკუთარი ხელმძღვანელი“.

ასეულათასობით ადამიანი გავიდა ბელარუსის ქუჩებში, რათა პროტესტი გამოეთქვათ საპრეზიდენტო არჩევნების „გაყალბებული“ შედეგების მიმართ, რომელთა თანახმად, პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 80 პროცენტი მოიპოვა.

არაერთმა ქვეყანამ არ აღიარა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ბელარუსში და გააკრიტიკა მთავრობის ქმედება - საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი ჩახშობა, ოპოზიციის მიმართ ძალადობა კენჭისყრამდე და მას შემდეგ.

XS
SM
MD
LG