Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახდება თუ არა უსაფრთხო გზები მთავრობისთვის პრიორიტეტი


25 აგვისტოს მთავრობის კანცელარიასთან გამართული აქცია
25 აგვისტოს მთავრობის კანცელარიასთან გამართული აქცია

შატილი-ბარისახოს გზაზე 23 აგვისტოს მომხდარი ავტოკატასტროფისას 17 ადამიანის გარდაცვალების შემდეგ საზოგადოება მთავრობას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვს.

საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტები ამბობენ, რომ უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს კოორდინაციით მუშაობს, არაეფექტიანია და საგზაო უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაში ჩართვას პრემიერ-მინისტრისგან ელიან.

პრემიერ-მინისტრმა 23 აგვისტოს უბედური შემთხვევის შემდეგ 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოაცხადა. საგზაო უსაფრთხოების თემაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ამ დღეს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მდუმარე აქცია გამართეს და მოითხოვეს, შეიქმნას ახალი და უფრო ქმედითი საკოორდინაციო საბჭო პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელიც ისევე რეგულარულად და ეფექტიანად იმუშავებს, როგორც კორონავირუსის პრევენციისთვის შექმნილი საბჭო.

25 აგვისტოს, კანცელარიასთან არაერთხელ აღინიშნა, რომ ერთ დღეში, ერთი უბედური საგზაო შემთხვევისას ქვეყანამ იმდენი ადამიანი დაკარგა, რაც კორონავირუსის პირველი შემთხვევევის დაფიქსირებიდან ამ ავტოკატასტროფამდე. ითქვა ისიც, რომ ქვეყანა, რომელიც „უსაფრთხო ზონის” სტატუსით ცდილობს თავის დამკვიდრებას და ტურიზმს პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევს, არ შეიძლება საგზაო უსაფრთხოების საკითხებს წლიდან წლამდე ვერ აგვარებდეს. აქციაზე გაიხსენეს წლების განმავლობაში თითქმის უცვლელი სტატისტიკაც, რაც ავარიების შედეგად წელიწადში საშუალოდ 500 დაღუპულს და რამდენიმე ათას დაშავებულ, დასახიჩრებულ ადამიანს აერთიანებს.

„ერთობლივად 17 ადამიანის დაღუპვა არის უდიდესი ტრაგედია, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები და მძიმე ტრავმას იღებენ. წლის განმავლობაში 500-მდე ადამიანი იღუპება საგზაო შემთხვევებში და 8 000-მდე იღებს მძიმე დაზიანებას. ამიტომ მხოლოდ გლოვის დღის გამოცხადება არ არის საკმარისი და ხელისუფლებამ საჯაროდ უნდა გამოაცხადოს, თუ რა გეგმები აქვს საგზაო უსაფრთხოების ასამაღლებლად”, - უთხრა აქციაზე ჟურნალისტებს ეკა ლალიაშვილმა, ხელმძღვანელმა ორგანიზაციისა „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”.

მთავრობის ხედვები საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით არაერთ დოკუმენტშია გაწერილი. საგზაო უსაფრთხოება პრიორიტეტად არის გამოცხადებული სამთავრობო პროგრამაში, არსებობს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და სტრატეგიის შესაბამისი ყოველწლიური სამოქმედო გეგმები, სადაც იმ საკითხებსაც შეხვდებით, რომელთა მოუგვარებლობასაც პრობლემად მიიჩნევენ სპეციალისტები.

მაგალითად, სამთავრობო პროგრამაში, რომელიც 2019-2020 წლებისთვისაა განკუთვნილი, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად არის გამოყოფილი. აქვე ნათქვამია, რომ 2019-2020 წლებში მთავრობა განახორციელებს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას, რომელიც ქვეითთა, მგზავრებისა და მძღოლების უსაფრთხოების გაუმჯობესებას მოემსახურება და შეამცირებს გზებზე უბედურ შემთხვევებს. მნიშვნელოვნად გაიზრდება ახალი ტექნოლოგიების გამოყენება საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების სფეროში. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, გაგრძელდება ქულათა სისტემის დახვეწა, მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო გამოცდის პრაქტიკული კომპონენტის საქალაქო პირობებში ინტეგრირება და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო ბაზის განვითარება, მათ შორის ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ცალკეული მიმართულებების ეფექტიანი რეგულირების მიზნით“.

გელა კვაშილავა, გაეროს ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, ამბობს, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა ისე დაასრულა, რომ არ განიხილა და მიიღო შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რაც პროგრამაში გაწერილი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას იძლეოდა. კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც გელა კვაშილავა აქცენტს აკეთებს, სახელმწიფო სტრუქტურებს შორის არაკოორდინირებული მუშაობა და გადაუნაწილებელი პასუხისმგებლობებია, რაც კონკრეტულ უწყებებს აძლევს საშუალებას, თითოეული ამგვარი უბედური შემთხვევისას თითი სხვა უწყებისკენ გაიშვირონ.

მხოლოდ 2020 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების ანალიზის შედეგად მიღებული სურათი ასეთია:

  • 2020 წლის პირველ 7 თვეში შსს-მ გამოძიება დაიწყო 1512 სატრანსპორტო დანაშაულზე. მათგან 1507 შემთხვევაში საქმე გვქონდა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევასთან, რასაც 158 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამგვარი დანაშაულების გახსნის მაჩვენებელი მხოლოდ 8,73%-ია.
  • 2020 წლის პირველ 6 თვეში 44 სამარშუტო ტაქსი მონაწილეობდა ავტოსაგზაო შემთხვევებში. ავარიების შედეგად სამარშუტო ტაქსებში მსხდომი 7 ადამიანი დაიღუპა, 78 დაშავდა.

23 აგვისტოს შემთხვევა ამ სტატისტიკის მიღმაა.

23 აგვისტოს შემდეგ, 24 აგვისტოს, კიდევ ერთი ადამიანის სიკვდილით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზასთან. ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.

XS
SM
MD
LG