„მინსკში აღარ უნდა იყოს არავითარი არეულობა. ადამიანები დაიღალნენ, ადამიანები ითხოვენ მშვიდობას და სიწყნარეს“, - განაცხადა ლუკაშენკამ 19 აგვისტოს გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
ბელარუსის პრეზიდენტმა, რომელიც 9 აგვისტოს შემდეგ განვითარებული მოვლენების უკან მეზობელი ნატოს წევრი ქვეყნების დაინტერესებას ხედავს, სამშაბათს მოუწოდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის კომიტეტს, რომ გაამკაცროს „კონტროლი საზღვრის მთელ პერიმეტრზე“, რათა არ დაუშვან სხვა ქვეყნებიდან „ბოევიკების, იარაღის, საბრძოლო მასალებისა და ფულის შემოდინება“ არეულობის დასაფინანსებლად.
ლუკაშენკას ამ განცხადებების ფონია პრეზიდენტობის კანდიდატის, სვიატლანა ციხანოუსკაიას, მორიგი ვიდეომიმართვა, რომლითაც ადრესატს, ევროკავშირს, ბელარუსის ოპოზიციის ახალი ლიდერი მოუწოდებს არ ცნოს 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების ფალსიფიცირებული შედეგი და მხარი დაუჭიროს ხალხის მოთხოვნებს.
ციხანოუსკაიას მიმართვა და ევროკავშირის რეაქცია
ინგლისურ ენაზე გაკეთებულ მიმართვაში ციხანოუსკაია აცხადებს, რომ ლუკაშენკამ დაკარგა ყოველგვარი ლეგიტიმურობა ქვეყანაში, ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია საკუთარი არჩევნების დასაცავად გამოსული ადამიანები, დააპატიმრა და აწამა ასობით ადამიანი.
„მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ ბელარუსის გამოღვიძებას. მოვუწოდებ ყველა ქვეყანას პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს. მოგიწოდებთ პატივის სცეთ ბელარუსის სუვრენიტეტს და ბელარუსი ხალხის არჩევანს“, - აღნიშნავს ციხანოუსკაია ევროკავშირისადმი მიმართვაში, რომელიც დაემთხვა ბელარუსში შექმნილი ვითარების გარშემო ევროკავშირის ლიდერთა საგანგებო ვიდეოკონფერენციას.
9 აგვისტოს არჩევნების არცნობის საკითხში ევროკავშირი ერთსულოვანია.
ევროკავშირი არ ცნობს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, რომელმაც დასძინა, რომ ბრიუსელი სულ მალე სანქციებს დაუწესებს მათ, ვინც კენჭისყრის გაყალბებასთან არის კავშირში და იმ პირებს, ვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა საპროტესტო გამოსვლების ჩახშობისთვის არჩევნების შემდეგ.
„ჩვენი გზავნილი მკაფიოა. ძალადობა უნდა შეწყდეს და უნდა დაიწყოს მშვიდობიანი დიალოგი, რომელშიც ყველა მიიღებს მონაწილეობას. ბელარუსის ხელისუფლება უნდა გამოხატავდეს ხალხის ნებას“, - დაწერა ტვიტერში 19 აგვისტოს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.
საგანგებო ვიდეოსესიის დასრულების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოკლე ხანში ევროკავშირი „სანქციებს დაუწესებს ძალიან ბევრ პირს, პასუხისმგებელს არჩევნების გაყალბებაში, ძალადობასა და რეპრესიებში“, - განაცხადა 19 აგვისტოს შარლ მიშელმა.
ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ კომისია მზად არის დამატებით გამოყოს 53 მილიონ ევროს არსებითი მხარდაჭერა ბელარუსი ხალხისათვის.
„ევროკომისია დამატებით გამოყოფს 53 მილიონ ევროს ამ რთულ დროს ბელარუსი ხალხის მხარდასაჭერად. 2 მილიონი ევრო გამოიყოფა სახელმწიფოს მხრიდან გაუმართლებელი ძალადობისა და რეპრესიების მსხვერპლთათვის, 1 მილიონი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდასაჭერად, ხოლო 50 მილიონი გათვალისწინებული იქნება როგორც კორონავირუსთან დაკავშირებული გადაუდებელი დახმარება ჯანდაცვის სისტემისათვის“, -განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ბელარუსი აცხადებს, რომ ქვეყანა წარმატებით უმკლავდება კორონავირუსს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 19 აგვისტოს მონაცემებით, მთლიანობაში, კორონავირუსისგან ქვეყანაში განიკურნა 67 647 პაციენტი, გარდაიცვალა 622 ავადმყოფი. ვირუსდადებითად ითვლება 2 200 კაცი.
ნიდერლანდელი ჟურნალისტის ნაამბობი
ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებს სურთ დარწმუნდნენ, რომ ბელარუსში არ განმეორდება ის ძალადობა და რეპრესიები, რასაც ადგილი ჰქონდა 9 აგვისტოს არჩევნების პირველ ორ ღამეს.
არჩევნების შემდეგ აზვირთებული საპროტესტო აქციების ჩახშობის პროცესში დააკავეს 7 000-მდე ადამიანი, ასობით დაშავდა. დაიღუპა სამი ადამიანი.
უამრავი ადამიანი, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს, ჰყვება, რომ საპატიმროებში მათ სასტიკად სცემდნენ და ისეთ მდგომარეობაში ამყოფებდნენ, რომელიც წამებას უთანაბრდება.
მილიციის სისასტიკე საკუთარ თავზე გამოსცადა ნიდერლანდელმა ჟურნალისტმა, ემილი ვან ოუტერენმა, რომელიც 10 დღის წინ საპროტესტო აქციების გაშუქების დროს დაიჭრა მინსკში.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ის აცხადებს, რომ სამოქალაქო პროტესტები ბევრგან გაუშუქებია, მაგრამ არასოდეს უნახავს ისეთი სისასტიკე დემონსტრანტების მიმართ, როგორიც ბელარუსში ნახა.
„საავადმყოფოდან პარასკევს გამოვეწერე. ახლა არა მიშავს, მაგრამ აღდგენა არ იქნება იოლი. მარცხენა ფეხი დამწვარი მაქვს. მაქვს ხუთი ნახვრეტი მარჯვენა თეძოზე. ყველაზე ღრმა 10 სანტიმეტრია. ეს არ არის სიცოცხლისათვის საშიში ტრავმები, მაგრამ საშინელი ნაიარევი მაქვს“, - ამბობს ვან ოუტერენი.
9 აგვისტოს ღამით ემილი ინტერვიუს წერდა დემონსტრანტებთან, როდესაც ფეხში დაიჭრა ხმოვან-მანათობელი ყუმბარის აფეთქების შედეგად.
17-წლიანი სტაჟის მქონე ემილი ვან ოუტერენი ნიდერლანდის ერთ-ერთ წამყვან გაზეთ NRC-ში მუშაობს. იგი ნამყოფია ავღანეთსა და უკრაინაში. აშუქებდა გამოსვლებს უნგრეთსა და პოლონეთში, მაგრამ არსად უნახავს ის, რაც ბელარუსში ნახა; არსად ყოფილა ისე ახლოს საფრთხესთან, როგორც 9 აგვისტოს ღამით.
„იმ მომენტში სამართალდამცველები, ალბათ, არ ფიქრობდნენ, რომ მე ევროკავშირის წარმომადგენელი ჟურნალისტი ვიყავი. რომ სცოდნოდათ, პირიქით, შესაძლოა, უფრო წინდახედულები ყოფილიყვნენ. ეს ძალადობა ჩემკენ კი არ იყო მომართული, არამედ თქვენკენ, ბელარუსებისკენ, რომლებიც ცდილობდით მიგეღწიათ თქვენი უფლებების განხორციელებისთვის სამართლიანი არჩევნების გზით. ჩემთვის მნიშვნელოვანი ისაა, რომ ნიდერლანდში ბელარუსის თაობაზე ცოტა რამ იციან. ისტორია, რომელიც მე გადამხდა, ჩემს ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს დაეხმარება უკეთ გაიგონ, თუ რა ხდება თქვენს თავს“, - განაცხადა ემილი ვან ოუტერენმა საინტერნეტო გამოცემა Tut.by-სთან ინტერვიუში.
ნიდერლანდელი ჟურნალისტი იმედოვნებს, რომ მალე დაბრუნდება დემოკრატიულ ბელარუსში, სადაც საპროტესტო აქციების გასაშუქებლად არ დასჭირდება ხელისუფლების აკრედიტაცია და აღარ აღმოჩნდება მილიციის სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების სასტიკი დარბევის მონაწილე.
ვინ ლესავს დაშნებს ბელარუსის წინააღმდეგ?
მაგრამ ბელარუსის პრეზიდენტი, როგორც ჩანს, არ აპირებს დათმობაზე წავიდეს. ფიქრობს, რომ თავდაცვის ყველაზე საუკეთესო საშუალება თავდასხმაა.
ბელარუსის პრეზიდენტმა, რომელიც 9 აგვისტოს შემდეგ განვითარებული მოვლენების უკან მეზობელი ნატოს წევრი ქვეყნების დაინტერესებას ხედავს, სამშაბათს მოუწოდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის კომიტეტს, რომ გაამკაცროს „კონტროლი საზღვრის მთელ პერიმეტრზე“, რათა არ დაუშვან სხვა ქვეყნებიდან „ბოევიკების, იარაღის, საბრძოლო მასალებისა და ფულის შემოდინება“ არეულობის დასაფინანსებლად.
ბელარუსი ლიდერისგან დავალება მიიღო ასევე ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ.
ლუკაშენკამ სამხედრო უწყებას, კერძოდ, დაავალა, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ნატოს ჯარების გადაადგილებას პოლონეთსა და ლიეტუვაში.
„ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მათი გადაადგილების მიმართულებას და განზრახვას. თუმცა მოცემულ მომენტში ეს განზრახვა აშკარაა. დიდად ეს ჩვენ არ გვაღელვებს, მაგრამ ცალკეული ფაქტები, განსაკუთრებით ჰროდნოს მიმართულებით, გვაიძულებს დავფიქრდეთ, რადგან ძალიან დიდია სურვილი იმისა, რომ იქ მინსკზე უფრო მეტად მოხდეს ვითარების დესტაბილიზაცია,“- განაცხადა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 19 აგვისტოს გამართული უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
ასეთ „ცალკეულ ფაქტად“ ლუკაშენკამ მიიჩნია ჰროდნოში სოლიდარობის მიტინგზე პოლონეთის ორიოდე დროშის აფრიალება და განაცხადა, რომ მსგავსი ქმედებები გადაჭრით უნდა აღიკვეთოს.
„ისინი, ვინც დღეს, განსაკუთრებით საზღვარგარეთ, დაშნებს ლესავს (ეს აშკრად ჩანს), ძალიან სერიოზულ პასუხს მიიღებენ. ეს არ არის ცარიელი სიტყვები. ქალაქ ჰროდნოში უკვე აფრიალებენ პოლონეთის დროშებს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა ლუკაშენკამ 19 აგვისტოს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც რეგიონების ხელმძღვანელების მონაწილეობით გაიმართა.
ბელარუსის სახელმწიფო მეთაურს, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა პოლონეთის რამდენიმე დროშა, რომელიც ჰროდნოში გამართულ სოლიდარობის მიტინგზე გამოჩნდა. ბელარუსის ამ ქალაქში პოლონური წარმომავლობის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ.
ამასთან, ლუკაშენკამ „ფეიკი“ უწოდა ოპოზიციური მედიასაშუალებების ცნობებს ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალის შესვლის შესახებ.
„რაც შეეხება უცხო ქვეყნების ჯარებს, დღეისათვის ბელარუსში არ იმყოფება არც ერთი ადამიანი უცხო ქვეყნიდან“, - განაცხადა ლუკაშენკამ.
ის, თუ რა პოზიციას დაიკავებს ბელარუსის პოლიტიკური კრიზისის მიმართ კრემლი, ბევრ ევროპელ ლიდერს სერიოზულად აწუხებს.
არის თუ არა მოსკოვი ნეიტრალური
სავარაუდოდ, სწორედ რუსეთი თუ ჰყავდათ მხედველობაში „ვიშეგრადის ჯგუფში“ შემავალი ქვეყნების - ჩეხეთის, სლოვაკეთის, პოლონეთისა და უნგრეთის - ლიდერებს, რომლებმაც ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს.
ოთხმა ლიდერმა მოუწოდა „საგარეო მოთამაშეებს, რომ თავი შეიკავონ ისეთი მოქმედებებისგან, რომელმაც შესაძლოა ძირი გამოუთხაროს ბელარუსის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს“.
თავის მხრივ, კრემლშიც ზოგადად აცხადებენ, რომ აშკარაა გარედან ჩარევის მცდელობა ბელარუსის შიდა საქმეებში, რაზეც 19 აგვისტოს კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.
იმავდროულად, პესკოვმა „მიუღებელი“ უწოდა მინსკისათვის რუსეთის სამხედრო დახმარებაზე საუბარს იმის გათვალისწინებით, „რომ ბელარუსის ხელისუფლება ასეთ საჭიროებას არ განიცდისო“.
შეკითხვაზე, თუ რა ვითარებაში შეძლებდა რუსეთი მინსკისათვის დახმარების - მათ შორის სამხედრო დახმარების - აღმოჩენას, პესკოვმა განაცხადა, „ამ საკითხზე ჰიპოთეტური მსჯელობა აბსოლუტურად მიუღებელიაო“.
პესკოვმა უარყო ბელარუსში რუსული სამხედრო ტექნიკის გადასროლასთან დაკავშირებული ინფორმაცია. კრემლის პრესმდივანი აცხადებს, აქ კომენტირება არ არის საჭირო, რადგან „რუსეთის სამხედრო ტექნიკა იმყოფება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეო“.
რუსეთის სამხედრო დახმარებაზე საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებსა და საინფორმაციო საშუალებებში გაჩნდა ცნობები, რომლებიც მათ შორის საგამოძიებო ჯგუფ Conflict Intelligence Team (CIT)-ის ანგარიშშიც მოხვდა, რომ რუსეთის გვარდიის ამოუცნობნიშნიანი სამხედრო კოლონა მიემართებოდა ბელარუსის საზღვარზე და უკვე შეიძლება მის ტერიტორიაზეც იმყოფებოდეს.
მოგვიანებით ეს განცხადება უკან წაიღეს - როგორც აღმოჩნდა, კოლონა ბელარუსის სადესანტო პოლკს ეკუთვნოდა. მაგრამ ამ ცნობაზე რეაქციებმა აჩვენა, რომ რუსეთის სავარაუდო სამხედრო მოქმედებებმა, როგორც ჩანს, გააძლიერა სხვა რეგიონალური კრიზისების მაგალითით გამოწვეული ფართოდ გავრცელებული შიში, რომ მოსკოვი მზად არის ძალა გამოიყენოს პრორუსული ორიენტაციის ლიდერის დასახმარებლად.
ბელარუსში და მის საზღვრებს გარეთ რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო დახმარების შესახებ საუბარი აქტუალობას არ კარგავს მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, 15 აგვისტოს, ბელარუსის პრეზიდენტს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, უთხრა, რომ რუსეთი მზად არის საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს ბელარუსს კოლექტიური სამხედრო ხელშეკრულების ჩარჩოებში.
თავისი ავტორიტარული მმართველობის მანძილზე უდიდესი საფრთხის წინაშე მყოფმა ლუკაშენკამ პუტინთან 15 აგვისტოს საუბრამდე თქვა, „საფრთხე მხოლოდ ბელარუსს არ ემუქრებაო“.
მოგვიანებით მან სამხედრო მეთაურებს უთხრა, რომ პუტინმა შესთავაზა „მრავალმხრივი დახმარება“ და „ბელარუსის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“.
ბელარუსში შექმნილი მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე ბევრი ავლებდა პარალელს 2014 წელს უკრაინაში რუსეთის ინტერვენციასთან, როცა სადავო რეფერენდუმმა გზა გაუხსნა მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიას და პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების სამხედრო დახმარებას.
აშკარად უკრაინის სცენარზე მიანიშნებდა კრემლის ფავორიტი ჟურნალისტი, ინგლისურენოვან „რაშა თუდეის“ ხელმძღვანელი, მარგარიტა სიმონიანი.
14 აგვისტოს მისმა ორწინადადებიანმა ტვიტმა ააფეთქა საინფორმაციო სივრცე.
„საერთოდაც, დიახ, დროა უკვე, რომ თავაზიანმა ადამიანებმა დაამყარონ წესრიგი, როგორც ეს მათ იციან“, - დაწერა მარგარიტა სიმონიანმა.
„თავაზიან ადამიანებად“ და „პატარა მწვანე კაცებად“ რუსულ მედიაში მოიხსენიებდნენ იმ რუს ჯარისკაცებს, რომლებმაც 2014 წლის მარტში ყირიმის ანექსია მოახდინეს.
მაგრამ ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბელარუსის კრიზისში სამოქმედოდ პუტინს არ მოეპოვება კარგი შესაძლებლობები არათუ სამხედრო გზით, არამედ, საერთოდაც, აქტიურად ჩაერიოს არაპოპულარული ლუკაშენკას დასახმარებლად. მაგრამ, საბოლოო ჯამში, რუსეთის ნეიტრალურობაზე საუბარი თავის მოტყუება იქნება მანამ, სანამ კრემლისათვის საბოლოოდ არ გახდება მკაფიო ლუკაშენკას ოპონენტების პოზიცია სამოკავშირეო სახელმწიფოს მიმართ, - მიიჩნევს ცნობილი პოლიტოლოგი, გლებ პავლოვსკი.
„რუსეთს, მოსკოვს, არ უკავია ნეიტრალური პოზიცია. ეს არ არის ნეიტრალური პოზიცია. თანაც, არსებობს სამოკავშირეო სახელმწიფო და მოსკოვს კატეგორიულად არ სურს სამოკავშირეო სახელმწიფოზე უარის თქმა. ამიტომ აქ (რუსეთში) მუდმივად დაელოდებიან დადასტურებას ოპოზიციის მხრიდან, რომ მათ არ აქვთ გეგმებში სამოკავშირეო სახელმწიფოსა და, მით უფრო, რუსეთ-ბელარუსის სამხედრო კავშირის ლიკვიდაცია. მოსკოვი არ არის ნეიტრალური, მაგრამ ის არის ფრთხილი, ლუკაშენკა კი ცდილობს თავის მხარეზე ჩაითრიოს ის კონფლიქტში. კი, ეს გააძლიერებს მის (ლუკაშენკას) პოზიციებს, მაგრამ სამომავლოდ დაასუსტებს მოსკოვისას. ამის შემდეგ ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ გამოვიდეთ მოდერატორის, მესამე ძალის როლში. ჯერჯერობით მოსკოვს არ დაუკარგავს ეს შესაძლებლობა, რომელიც მას დასჭირდება“, - აცხადებს პავლოვსკი.
ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრმა, მარია კოლესნიკოვამ, 19 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიცია მიზნად არ ისახავს საკონსტიტუციო წყობისა და ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას.
საკოორდინაციო საბჭომ, რომელმაც პირველი ყრილობა დღეს გამართა, მოუწოდა ბელარუსის ხელისუფლებას დაუყოვნებლად დაიწყოს დიალოგი ოპოზიციის მოთხოვნების გარშემო. "მოლაპარაკებისგან თავის არიდება მოქმედ ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას ბელარუსის რესპუბლიკაში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გარღმავებაზე", - ნათქვამია ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს რეზოლუციაში.
"თუ ევროკავშირი და რუსეთი შეეცდებიან რამენაირად შეუწყონ ხელი ამ დიალოგს, იმას, რომ ჩვენ ყველა მივიდეთ კონსენსუსამდე, - ეს, რა თქმა უნდა, მშვენიერია. მაგრამ ზეწოლის სხვა ვარიანტებზე და კიდევ რაღაცაზე სასაუბროდ მე მზად არ ვარ. შესაძლოა იმიტომ, რომ არ არის საამისოდ ხელსაყრელი დრო და ვერ ვხედავ მის მიზანშეწონილობას", - განაცხადა მარია კოლესნიკოვამ რადიო თავისუფლებისა და "ამერიკის ხმის" რუსულენოვან არხ, "ნასტოიაშჩეე ვრემიასთან", ექსკლუზიურ ინტერვიუში.