ტექსტილის საწარმო, რომლის აშენებაც კომპანია „აჭარა ტექსტილმა“ რუსთავში დაიწყო, წამყვანი ევროპული ფეხბურთის კლუბებისთვის სპორტულ ტანსაცმელს შეკერავს.
„აჭარა ტექსტილის“ დირექტორმა, გია ლომინაძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ინგლისის „ლივერპულისთვის", „ჩელსისთვის“, ასევე გერმანიის ქალაქ დორტმუნდის „ბორუსიასთვის“, ხორვატიისა და პოლონეთის სანაკრებო გუნდებისთვის რუსთავში შეიკერება ცნობილი ბრენდების სპორტული ტანსაცმელი, მათ შორის „ნაიკი“, „ადიდასი“ „პუმა“.
„ოქტომბრის ბოლოს დავიწყებთ პროდუქციის გამოშვებას. იმ დროისთვის 600-მდე ადამიანი გადამზადდება“, თქვა ლომინაძემ. მისივე თქმით, დასაქმდებიან როგორც რუსთაველები, ისე გარდაბნელები, მარნეულელები, ახლომახლო სოფლების მცხოვრებნი და, შესაძლებელია, თბილისელებიც.
„ყოველთვიურად 160 ადამიანს გადავამზადებთ აქვე, ძველ შენობაში, რომელიც სპეციალურად მოვაწყვეთ“, თქვა გია ლომინაძემ. რუსთავის ტექსტილის საწარმო რიგით მეოთხე იქნება, რომელსაც ქართულ-თურქული „აჭარა ტექსტილი“ ააშენებს. გია ლომინაძის თქმით, პირველ ეტაპზე განხორციელდება 15 მილიონი ლარის ინვესტიცია. ინვესტიციის საერთო მოცულობა იქნება 20 მილიონი ლარი.
მშენებლობისთვის საძირკვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონიალი 14 ივლისს გაიმართა. მას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, დაესწრნენ.
პროექტი „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.