Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აიძულებს თუ არა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის მერს, თანამდებობიდან გადადგეს


ლაშა კომახიძე
ლაშა კომახიძე

ბათუმის მერისგან, ლაშა კომახიძისგან, დღეს, 13 ივლისს, ბათუმელები  განმარტებას ელოდნენ: დატოვა, მართლაც, თანამდებობა, როგორც გავრცელდა ხმა, თუ არა. 

მერს პასუხი უნდა გაეცა ჟურნალისტების კითხვებზე, მათ შორის - აქვს თუ არა მას უთანხმოება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან.

თუმცა ნაცვლად დაპირებული პრესკონფერენციისა, რომელიც მერიის პრესსამსახურმა 13 ივლისისთვის დააანონსა, ლაშა კომახიძე ერთკვირიან შვებულებაში გავიდა. მან არანაირი განმარტება არ გააკეთა, კითხვები კი უპასუხოდ დატოვა.

ბათუმის მერსა და მთავრობის თავმჯდომარეს შორის უთანხმოების შესახებ კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც თორნიკე რიჟვაძე 2018 წლის ივლისში მოულოდნელად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა. ამის შემდეგ ერთ-ერთი პირველი კრიტიკული განცხადება რიჟვაძემ სწორედ ბათუმის მერიის მისამართით გააკეთა და თქვა, რომ ბათუმს გენერალური გეგმა სჭირდება, თუმცა კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია სამშენებლო პროექტების გაჩერება:

თორნიკე რიჟვაძე
თორნიკე რიჟვაძე

„უნდა მოხერხდეს, რომ ბიზნესს არ შეექმნას რაიმე სახის შეფერხება. ჩვენი მიდგომა ბიზნესის თავისუფლებაა და ვერავინ გაბედავს მათ ჯიბეში ხელის ფათური დაუწყოს. ყველა ჩინოვნიკს მოეთხოვება პასუხი გულგრილობისთვის და თუნდაც გადაწყვეტილების მიუღებლობისთვის“, - თქვა თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერის მისამართით. სწორედ ამ დროს ლაშა კომახიძისგან ბათუმელების არცთუ მცირე ნაწილი კატეგორიულად მოითხოვს, შეასრულოს საარჩევნო დაპირება ბათუმის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ, მანამდე კი ბათუმის ისტორიულ უბნებში მშენებლობებზე მორატორიუმი გამოაცხადოს ძველი ქალაქის გადასარჩენად.

ბათუმის მერიამ ბათუმელების არც ერთი მოთხოვნა არ შეასრულა და მხოლოდ 2019 წელს 3 მილიონ კვ/მ ფართზე მეტი სამშენებლო ნებართვა გასცა.

თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ თვითმმართველობების საქმიანობაში ჩარევას ცდილობს როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური მთავრობა:

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არ აქვს უფლება, სამშენებლო ნებართვების გაცემაში ჩაერიოს. წინა მთავრობის თავმჯდომარემ თვითმმართველობას დაუთმო ეს უფლება, თუმცა არაფორმალურად ცდილობენ შეინარჩუნონ ბერკეტები, ჩაერიონ თვითმმართველობის საქმიანობაში და მოახდინონ გავლენა. ამის მცდელობა გრძელდება როგორც რეგიონის, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. თორნიკე რიჟვაძის მოსვლიდან მალევე ხულოს არჩეულმა მერმა თანამდებობა დატოვა. ყველამ ვიცოდით და ყველა ვხედავდით, რომ რეგიონის ხელმძღვანელს ჰქონდა მუნიციპალიტეტების საქმიანობაში ჩარევის სურვილი“.

ხულოს მუნიციპალიტეტის არჩეული მერი, გოჩა მგელაძე, რომელზეც ნათია აფხაზავა ამახვილებს ყურადღებას, 2018 წლის ოქტომბერში ჯერ შვებულებაში გავიდა, შემდეგ კი ამომრჩეველთან ახსნა-განმარტების გარეშე საკუთარი სურვილით წავიდა თანამდებობიდან ისე, რომ უპასუხოდ დატოვა კითხვა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და უკავშირდება თუ არა იგი თორნიკე რიჟვაძის მიერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტის დაკავებას.

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის, გადაწყვეტილებას კი შიდაპარტიულ დაპირისპირებად აფასებს ბათუმის საკრებულოს ოპოზიციის ნაწილი. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მირდატ ქამადაძე, ამბობს, რომ ბათუმის მერს აიძულებენ, თანამდებობიდან წავიდეს.

არ არსებობს არანაირი დაპირისპირება. არასოდეს მქონია იმის განცდა, რომ ბათუმის მერთან დაკავშირებით ცვლილება უნდა ყოფილიყო. მით უმეტეს, არჩეულ მერზე ვლაპარაკობთ. რატომ საუბრობენ და რას ემსახურება ეს ინფორმაცია, არ ვიცი...
ნატალია ზოიძე

„როდესაც რიჟვაძე თუ ცენტრალური ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობა მას აიძულებს თანამდებობიდან წასვლას, ეს აუცილებლად უნდა შეფასდეს როგორც ამომრჩევლის და ინსტიტუტების უპატივცემულობა, თვითმმართველობის განადგურება. რიჟვაძემ აქაც სამართლებრივი მანიპულაცია მოიფიქრა: თუ მერი 15 ივლისის მერე გადადგება, კანონმდებლობით, მომავალი წლის ოქტომბრამდე მერის რიგგარეშე არჩევნებს ვეღარ ვატარებთ, კომახიძის შემცვლელი მერი კი თავად რიჟვაძემ უნდა დანიშნოს, ანუ მერს ნების საწინააღმდეგოდ აიძულებენ თანამდებობის დატოვებას ისე, რომ რიგგარეშე არჩევნების შესაძლებლობას არ აძლევენ ბათუმელებს“, - ამბობს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მირდატ ქამადაძე.

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ნატალია ზოიძე კი ბათუმის მერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. იგი ლაშა კომახიძის მუშაობას დადებითად აფასებს:

„არ არსებობს არანაირი დაპირისპირება. არასოდეს მქონია იმის განცდა, რომ ბათუმის მერთან დაკავშირებით ცვლილება უნდა ყოფილიყო. მით უმეტეს, არჩეულ მერზე ვლაპარაკობთ. რატომ საუბრობენ და რას ემსახურება ეს ინფორმაცია, არ ვიცი. მე ის ვიცი, რომ სამუშაო პროცესში თანამშრომლობა მქონდა ძალიან აქტიური ყველასთან და არასოდეს მიგრძვნია მსგავსი დამოკიდებულებები“, - ამბობს ნატალია ზოიძე, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

ლაშა კომახიძე ბათუმის მერად 2017 წლის ოქტომბერში ჩატარებულ თვითმართველობის არჩევნებზე აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა 2021 წელს ეწურება.

XS
SM
MD
LG