არჩევნებამდე 3 თვით ადრე ზოგი ისევ ერთობაზე ლაპარაკობს, ზოგი - დამოუკიდებელ თამაშზე და ზოგიც ჯერ მოლოდინის რეჟიმშია. „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში კი ამომრჩეველმა შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი იხილოს, რასაც არ გამორიცხავს პრემიერი გახარია და რასაც ისურვებდნენ „ქართულ ოცნების“ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც.
რამდენად ეფექტიანი იქნება ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ პარტიული სიის სათავეში და რა არის მიზანი? როგორია ოპოზიციური სპექტრის განლაგება და მოლოდინი? რა მიმართულებით გრძელდება და რა მიმართულებით შეწყდა მოლაპარაკებები ოპოზიციურ ერთობაში? დაიშლება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანება „ძალა ერთობაშია“?
ბიძინა ივანიშვილი სიაში? რისთვის?
თუკი ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი იქნება, ე.ი. გადაწყვიტა, რომ ხელისუფლებაში ოფიციალურად დაბრუნდეს. რა იქნება შემდეგ?
ანალიტიკოსებისთვის, თეორიულად, განვითარების რამდენიმე სცენარი არსებობს (იმ შემთხვევისთვის, თუკი „ქართული ოცნება“ უმრავლესობის შექმნას შეძლებს):
- ბიძინა ივანიშვილი გახდება პარლამენტის თავმჯდომარე;
- ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ გახდება პრემიერ-მინისტრი;
- ბიძინა ივანიშვილი გახდება პარლამენტის რიგითი წევრი;
- ბიძინა ივანიშვილი მოვა და შემდეგ ისევ წავა (როგორც 2012 წლის არჩევნების შემდეგ).
რომელი უფრო რეალისტურია?
წარსულის გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილს პრაქტიკულად ვერცერთ ამ პოზიციაზე ვერ ხედავს ანალიტიკოსების ნაწილი. მათ შორის არის არჩილ გამზარდიაც - „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ წლებში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული ანალიტიკური ჯგუფის - „2030“-ის წევრი, რომელმაც ეს სივრცე საკუთარი ნებით დატოვა.
თუკი ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლას გადაწყვეტს, არჩილ გამზარდიასთვის ეს იქნება გამოუვალი სიტუაციით ნაკარნახები და საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაგზავნილი მესიჯი.
გამზარდიას თქმით:
- „მართალია, ბიძინა ივანიშვილს აღარ აქვს ხალხის „ჭარბი ნდობა“, რომელზეც ის ლაპარაკობდა, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებისთვის სხვა ავტორიტეტული ფიგურები პრაქტიკულად არ ჰყავს და ბიძინა ივანიშვილის გამოყვანა მომგებიანი სვლა იქნება ამ ვითარებაში“;
- "ავტორიტეტული ფიგურები იმიტომაც არ არიან, რომ მათ შექმნას თავად ბიძინა ივანიშვილი ეწინააღმდეგებოდა - მათ ის პოტენციურ საფრთხედ აღიქვამს“;
- „რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს იქნება საერთაშორისო თვალსაზრისით პოზიციონირება და იმის ჩვენება, რომ საქართველოში არ არის არაფორმალური მმართველობა“;
- „მე ის არ წარმომიდგენია არც პარლამენტის თავმჯდომარისა და არც პრემიერის პოსტზე, თუ რაღაც ფაქტორებმა არ აიძულა როგორც ქვეყნის შიდა, ასევე გარე სივრციდან“;
- „თუ ბიძინა ივანიშვილი რიგითი დეპუტატი იქნება, მაშინ ეს არაფორმალური მმართველობის გაგრძელებად აღიქმება“.
„ქართულ ოცნებაში“ ჯერ არავინ იცის, მართლაც იყრის თუ არა ბიძინა ივანიშვილი კენჭს 2020 წლის არჩევნებში, თუმცა თუ ეს ასე იქნება, მის თანაგუნდელებს გაეხარდებათ; მაგრამ, როგორც ჩანს, ამ სვლას გარდაუვალ საშველად არ ჩათვლიან.
- „ბიძინა ივანიშვილი არის ქართული ოცნების სათავეში და ის მაინც არის „ქართული ოცნების“ გუნდთან, რაც არ უნდა იყოს და საშველიც, ზოგადად, „ქართულ ოცნებას“ არაფერი არ სჭირს“ - სოფიო კილაძე, საპარლამენტო უმრავლესობა;
- „არ უჭირს „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა-არგამოჩენა არ იქნება რაიმე გაჭირვებასთან თუ არგაჭირვებასთან დაკავშირებული - ეს იქნება პარტიის პოზიცია... რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება - ვისურვებდი დიდი სიამოვნებით“ - კახა კუჭავა, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, უმრავლესობის წევრი;
- „ეს უნდა თქვას თავად ბიძინა ივანიშვილმა, პარტიის ხელმძღვანელმა.. პარტიაში არა თუ პარტიის თავმჯდომარის პირველ ნომრად ჩაწერაზე, არამედ საერთოდ პირველ ნომერზე - არ ყოფილა ჯერჯერობით კონსულტაციები... კონსულტაციები იყო მხოლოდ და მხოლოდ მაჟორიტარებზე და უკვე ფინალში გავდივართ“ - მამუკა მდინარაძე, უმრავლესობის ლიდერი.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილი უკვე აღარ იყო „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში და პირველ ნომრად საზოგადოებამ იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იხილა. პირველ ათეულში მას მოსდევდნენ: კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, აკაკი ზოიძე, თამუნა ხულორდავა, რომან კაკულია, სოფო ქაცარავა, ირინა ფრუიძე.
ამ ათეულიდან, ისევ გაპრემიერებული კვირიკაშვილი თანამდებობიდან და პარტიიდან დიდი უკმაყოფილების ფონზე 2018 წელს წავიდა; დანარჩენი ცხრიდან კი - ხუთი 2019 წელს „ქართული ოცნების“ უმრავლესობას პროტესტის ნიშნად გამოეთიშა. თუმცა სოფო ქაცარავა ოდნავ მოგვიანებით, ბევრისთვის მოულოდნელად, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა.
ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველს მხარდაჭერა 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ სთხოვა და დაპირებებიც გასცა.
ოპონენტები ფიქრობენ, რომ ამჯერად ის ვეღარ მოახერხებს საზოგადოების კიდევ ერთხელ დაყოლიებას, რადგან არც 2018 წლის დაპირებები შესრულდა. თავად "ქართულ ოცნებას" კი ეჭვი არ ეპარება, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად პარლამენტში უმრავლესობას შექმნის.
ოპოზიციური სპექტრის დიდ ნაწილს "ქართული ოცნების" დამარცხება მხოლოდ ერთიანი ფრონტითა და კოორდინირებული მოქმედებით წარმოუდგენია.
რა ხდება ოპოზიციაში?
10 ივლისს, გაერთიანებაში - „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიების ლიდერები ამაოდ ელოდებოდნენ ლიდერი პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, ერთი შეხედვით ჩვეულებრივ შეხვედრაზე. მერე ზოგიერთმა უკმაყოფილებაც გამოხატა, რა გამოდის - „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ ვჭირდებითო?!
მომხდარს ჩვენთან საუბრისას გაუგებრობას უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი კობა ნაყოფია - „ჩვენ გვინდა, რომ ახალი წინადადებებით მივიდეთ მათთან და არ ვიყავით ჯერ მზად ამისთვის. ვაცნობეთ ჩვენ ეს მათ წინასწარ, რომ არ მივიდოდით“.
რა იქნება ახალი წინადადებები? დაიშლება „ძალა ერთობაშია“?
კობა ნაყოფიას პასუხია, რომ:
- გაერთიანება „არ დაიშლება“ და პირიქით, კიდევ უფრო გაფართოვდება - „ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს ერთიანობის იდეას და „ქართული ოცნების“ ამ არჩევნებში დამარცხებას“;
- გაერთიანების „კიდევ უფრო გაფართოების“ მიზნით კონსულტაციები მიმდინარეობს - როგორც პოლიტიკურ ძალებთან, ასევე ცალკეულ პირებთან და მათ შორის - არაპოლიტიკოსებთან.
- ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი - შექმნიან თუ არა საარჩევნო ბლოკს „ძალა ერთობაშია“-ში შემავალი პოლიტიკური ძალები ანდა შედგება თუ არა საერთო სია - „ეს მოლაპარაკების საკითხია. გადაწყვეტილება უნდა გამოხატავდეს ჩვენი მხარდამჭერებისა და ხალხის ინტერესს“.
თუმცა საერთო ხაზთან გარკვეული აცდენები უკვე შეინიშნება. გაერთიანებაში შემავალი პარტიის - „კანონი და სამართალი“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა გადაწყვიტა, რომ თბილისის მასშტაბით შემდგარი შეთანხმების ერთიან გეგმას გადაუხვიოს და მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს კენჭი საბურთალოს ოლქში.
კობა ნაყოფია გვეუბნება, რომ - „მსჯელობა ამ საკითხზე „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰქონია“. რადიო თავისუფლებამ თავად ჩარკვიანთან დაკავშირება ვერ მოახერხა. ჩარკვიანი ოპოზიციურ ერთობას თვეების წინ გამოეთიშა - „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის გამო.
ოპოზიციურმა ერთობამ, რომელიც ტრადიციულ შეხვედრებს ლეიბორისტული პარტიის ოფისში მართავდა, თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან ექვსზე საერთო კანდიდატები შეათანხმა. დარჩენილია ორი ოლქი - საბურთალო და დიდუბე-ჩუღურეთი.
რაც შეეხება რეგიონებს, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ გვითხრეს - რეგიონების 22 საარჩევნო ოლქში პარტიას თავისი კანდიდატები ეყოლება. შესაბამისად, უკვე გადაწყვეტილია, რომ ამ მიმართულებით მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება. არადა, ოპოზიციურ ერთობაში გარკვეული იმედები იყო ამ საკითხთან დაკავშირებითაც.
მურმან დუმბაძე პარტია - „ემსახურე საქართველოს“ დამფუძნებელია. ეს პარტიაც შედის გაერთიანებაში - „ძალა ერთობაშია“ და დუმბაძეს იმედი აქვს, რომ გაერთიანების თორმეტივე სუბიექტი ერთიანი ძალებით გავა 2020 წლის არჩევნებში - „ყველას ასე გვაქვს გადაწყვეტილი“.
მურმან დუმბაძე გვეუბნება, რომ ეს შეიძლება იყოს ერთიანი სია ან ბლოკი. თუკი „ძალა ერთობაშიას“ 12 პარტია ერთ ბლოკად გავა არჩევნებზე, ახალი საარჩევნო სისტემის თანახმად, მას 12%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევს - „ეს სავსებით დაძლევადია“. თუმცა ის არც იმას გამორიცხავს, რომ რომელიმე პარტიამ ცალკეც მოინდომოს საარჩევნო პროცესების დამოუკიდებლად გავლა, მაგრამ "გაერთიანებას "ნაციონალური მოძრაობა" არ გამოეთიშება".
- შიგადაშიგ ვრცელდება ინფორმაცია პარტიათა შესაძლო დაჯგუფება-გადაჯგუფებათა შესახებ. თუმცა მაგალითად, ეს არ ეხება „ევროპულ საქართველოს“;
- „ლეიბორისტული პარტია“, „გირჩი“ და „ერთიანი საქართველო“ პროცესების გავლას ასევე დამოუკიდებლად აპირებენ.
- ოპოზიციურ ერთობაში ლაპარაკია ასევე მეორე ტურის შემთხვევაში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატების კოორდინირებულად მხარდაჭერის შესახებ.
კვლავაც უცვლელია მოძრაობის „ლელო საქართველოსთვის“ პოზიცია. მართალია, ეს პოლიტიკური ძალა მონაწილეობდა ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრებში, მაგრამ არასდროს დაუმალავს, რომ საკუთარი მაჟორიტარები ეყოლებოდა და სიასაც მხოლოდ საკუთარს წარუდგენდა ამომრჩევლებს.
არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“ ამ მიზანს ემსახურება „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის - ალექსანდრე ელისაშვილის პოლიტიკური გეგმები. უკვე შექმნილია პოლიტიკური პლატფორმა და, როგორც ელისაშვილმა უთხრა „ინტერპრესნიუსს“, გამორიცხული არ არის, რომ ახალი პლატფორმის წევრებმა - თავად მან, ლევან კობერიძემ და ანა დოლიძემ კენჭი იყარონ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში. თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ელისაშვილი საბურთალოს ოლქს აირჩევს - „მე თუ დავდგები მაჟორიტარად, ეს მხოლოდ და მხოლოდ საბურთალოზე იქნება“.
მართალია, ელისაშვილი ოპოზიციურ ერთობაში შემავალ პარტიებს მწვავედ აკრიტიკებს და ეს კონფლიქტსაც იწვევს, მაგრამ მაგალითად - საქებარ სიტყვებს არ იშურებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას მისამართით.
ორპოლუსიანობის დაძლევა და ხალხისთვის მესამე არჩევნის შეთავაზება დააანონსა ახლად შექმნილმა პარტიამ - "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“, რომელიც ძირითადად „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატებით დაკომპლექტდა.