კალათბურთელი თორნიკე შენგელია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გახდა მოსკოვის "ცსკა"-ს წევრი, ამ ინფორმაციის დადასტურების შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს. ფეისბუკზე ის წერს, რომ რთულია იმ ადამიანს აუხსნა რამე, ვისაც აზრის შეცვლა არ სურს.
"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე, თორნიკე შენგელია, ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან სანამ სული მიდგას და ამას ვერ შეცვლის ვერც ერთის გაკეთებული კომენტარი თუ განცხადება! ყველაზე მშვიდად გავივლი ამ განსაცდელს იმიტომ, რომ ჩემს გვერდით ღმერთი დგას. მხოლოდ მის წინაშე ვარ პასუხის მგებელი და მან კი ნამდვილად იცის თუ ვინ ვარ მე", - აცხადებს ის.
ის რამდენიმე პუნქტში აყალიბებს, რატომ ვერ აუხსნის ვერაფერს მსგავს ადამიანს:
- "ვერ ავუხსნი ამ ადამიანს თუ რა შეგრძნება მეუფლებოდა როცა 10-11 წლის ვიყავი და საქართველოს ნაკრების თამაშზე აჟღერებული ჰიმნის დროს ტრიბუნებუნიდან თვალებ დახუჭული ფეხზე ვიდექი და ჩემი თავი მოედანზე მოთამაშეებს შორის წარმომედგინა";
- "ვერ ავუხსნი ამ ადამიანს თუ რას ნიშნავს ჩემთვის, საქართველოს ნაკრების თამაშის, ტელევიზორიდან ყურება და რა საშინელი შეგრძნებაა როცა შენი კარიერის პიკში ყოფნის დროს შენ ნაკრებს და ქვეყანას ვერ ეხმარები იმიტომ, რომ ეს მესამე და მეოთხე მხარემ გადაწყვიტა";
- "ვერც იმას ავუხსნი რამხელა სიხარული და ბედნიერება განვიცადე სულ რამოდენიმე დღის წინ როცა ესპანეთის ჩემპიონი გავხდი და მომეცა შესაძლებლობა ქართული დროშა ამეფრიალებინა"!
- "ვერც იმას მიხვდება, რომ ევროპის ერთ ერთ საუკეთესო გუნდში გადასვლით მეტი მოგების შესაძლებლობები მომეცემა რაც მეტი ჩვენი დროშის ფრიალს ნიშნავს";
- "ვერც იმას გაიგებს თუ რამხელა ბედნიერებაა როდესაც ევროპის ერთ ერთი საუკეთესო გუნდი პატივს ცემს ჩემს პატრიოტიზმს და შესაძლებლობას მაძლევს ნაკრების ყველა თამაშზე ჩამოვიდე ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის წინ წასაწევად გამარჯვებისაკენ"
- "და ვერც იმას ამიხსნით მე თუ რამხელა ტკივილია როდესაც ჩვენი ქვეყანა ჩვენ გმირებს კარგავს, იმიტომ რომ მე ამის ახსნა არ მჭირდება, ეს მე კარგად ვიცი და ისიც ვიცი, რომ თქვენც კარგად იცით, რომ მე ეს ვიცი".
9 ივლისს ოფიციალურად დადასტურდა, რომ შენგელია საკლუბო კარიერას მოსკოვის "ცსკა"-ში გააგრძელებს. ინფორმაცია, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, რუსეთის დედაქალაქის არმიის კლუბმა ოფიციალურად დღეს დაადასტურა.
"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში ჩარიცხვით და მოუთმენლად ველი, როდის შევძლებ ბრწყინვალე მოთამაშეების გვერდით და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, "ცსკა"-სთან ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევ ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე", - განაცხადა მაშინ 28 წლის ქართველმა კალათბურთელმა.