9 ივლისს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ. კანონპროექტში საქართველოს შესახებაცაა საუბარი.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოსთვის 2021 წელს დახმარების სახით გათვალისწინებულია არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარი.
კანონის ტექსტის თანახმად, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირი დახმარებისთვის გამოყოფილი თანხის 15% შესაძლოა არ გაიცეს და ეს დამოკიდებული იქნება სახელმწიფო მდივანის შეფასებებზე - დგამს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ეფექტიან ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და კორუფციის დასაძლევად.
ამავე დროს კანონის შესახებ კომიტეტის ანგარიშში დაზუსტებულია საქართველოსთან დაკავშირებული კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებისთვის ამერიკის მიერ გამოყოფილი დახმარების სრულად მისაღებად.
ანგარიშში საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებისთვის საჭირო კრიტერიუმების ჩამონათვალს დაემატა ოლიგარქების არაფორმალური მმართველობის ზეგავლენების შეზღუდვასთან თუ საარჩევნო რეფორმის ეფექტიანად განხორციელებასთან, ასევე მედიის თავისუფლების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
კონკრეტულად, უნდა შეფასდეს ხელისუფლების საქმიანობა შემდეგი მიმართულებებით:
- საარჩევნო რეფორმის ეფექტიანი განხორციელება;
- სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პატივისცემა - საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ დონეზე;
- ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა საჯარო ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომის ჩათვლით;
- სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებისა და მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა;
- ოლიგარქების არაფორმალური ზეგავლენების შეზღუდვა მთავრობის საქმიანობაზე და ასევე კანონებისა და რეგულაციების დამტკიცების პროცესზე.
საბიუჯეტო კანონის შესახებ კომიტეტის ანგარიშში, რომელიც მიღებულ კანონს ახლავს, ასევე ნახსენებია საქართველოს მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ამსახველი საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება. კონგრესმენები მიესალმებიან, რომ ამ ცვლილებებს საქართველოს პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს.
წინა წლების მსგავსად, 2021 ფისკალური წლის კანონპროექტიც შეიცავს ჩანაწერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მასში გათვალისწინებული ფონდები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ მთავრობებისთვის, რომლებიც აღიარებენ ან დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ან რაიმე ფორმით არღვევენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
საბიუჯეტო კანონპროექტი 6 ივლისს დაამტკიცა ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის ქვეკომიტეტმა.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტში საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონის დამტკიცება ერთ-ერთი ეტაპია აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის მიერ 2021 წლის ბიუჯეტის დოკუმენტის საბოლოოდ მიღებამდე, რაც 2020 წლის დასრულებამდე უნდა მოხდეს.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ჯერ ადრეა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წიაღში განხილული კანონპროექტის საბოლოო სახეზე მსჯელობა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, წინ მისი შემუშავების ხანგრძლივი პროცედურებია - როგორც საკუთრივ წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში.
აშშ-ისთვის უმნიშვნელოვანეს საბიუჯეტო კანონპროექტში ასეთი მწვავე ჩანაწერების გაჩენა უკვე განგაშის საფუძველია ოპოზიციისთვის, რადგან ისინი მსგავს ფაქტს ვერ იხსენებენ ბოლო სამი ათეული წლის მანძილზე.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ამერიკის ფინანსური დახმარების შესაძლო შეზღუდვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის მმართველობის "დამღუპველი პოლიტიკის" შედეგია. ხელისუფლება კანონპროექტში 15 პროცენტიანი შეზღუდვის პირობის გაჩენას ვაშინგტონში ოპოზიციის ლობისტურ საქმიანობას უკავშირებს.