Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა რთვლის სუბსიდირებას გეგმავს


საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რთვლის სუბსიდირება მოახდინოს. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განმარტებით, სუბსიდირება განსაკუთრებით შეეხება ყურძნის ისეთ ჯიშებს, როგორებიცაა რქაწითელი და კახური მწვანე. გიორგი გახარიას თანახმად, აღნიშნულ ჯიშებზე ყურძნის შესყიდვის ფასი კილოგრამზე 80 თეთრზე ნაკლები არ იქნება.

„ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია, შესაბამისი დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიღებული აქვს. თუ საჭირო იქნა, სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში იმ შემთხვევაში, თუ ასეთი უკიდურესი აუცილებლობა გახდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ქართველმა მევენახეებმა უნდა იცოდნენ, რომ მინიმალური ფასი ქართულ ყურძენზე რქაწითელზე და კახურ მწვანეზე იქნება 80 თეთრი", - განაცხადა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, ეს ის მინიმალური დახმარებაა, რაც კრიზისი პირობებში მთავრობას შეუძლია გაუწიოს ქართველ მევენახეებს.

"ყველას მოგეხსენებათ ბოლო წლებში როგორ ვითარდება მევენახეობა და მეღვინეობა. 2019 წელი იყო რეკორდული, როდესაც საქართველოდან 94 მილიონი ბოთლის ექსპორტი მოხდა. რა თქმა უნდა, შიდა მოხმარებაც იზრდებოდა. საერთოდ მეღვინეობა ქართულ ექსპორტში 2012 წელს იყო დაახლოებით 2,5% და დღეის მონაცემებით ეს არის 6 %. ეს არის ძალზეც სერიოზული დინამიკა განვითარების, დარგის ზრდის და ამიტომ შეუძლებელი იყო ჩვენ ყურადღება არ მიგვექცია ამ დარგისთვის და ანტიკრიზისული გეგმაც სპეციალურად მევენახეებისთვის არ მოგვემზადებინა, განსაკუთრებით რთველის პირობებში", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

XS
SM
MD
LG