Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალური კვლევებით, რუსეთში 76%-მა მხარი დაუჭირა „პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებებს“


29 ივნისს გამოქვეყნებული სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის (ВЦИОМ) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საარჩევნო უბნებიდან გამოსული მოქალაქეების 76%-მა დადებითი პასუხი გასცა შეკითხვას, დაუჭირა თუ არა მხარი „პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებებს“.

კვლევითი ინსტიტუტის თანახმად, შესწორებებს მხარი არ დაუჭირა 23,6%-მა. რუსეთში 25 ივნისს დაიწყო საყოველთაო ხმის მიცემა საკონსტიტუციო ცვლილებების, მათ შორის, პრეზიდენტობის ვადის „განულებისთვის“. ეს ცვლილება პუტინს მისცემს შესაძლებლობას, პრეზიდენტად კენჭი ახალი ვადებით იყაროს და ხელისუფლების სათავეში დარჩეს 2036 წლამდე. საყოველთაო კენჭისყრა 1 ივლისამდე გაგრძელდება.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ელა პანფილოვამ, განაცხადა, რომ კენჭისყრის დასრულებამდე ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნება არ ეწინააღმდეგება რუსეთის კანონმდებლობას.

რუსეთის ტერიტორიაზე გახსნილია 96 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი და კიდევ 254 მსოფლიოს 144 ქვეყანაში. ბოლო ერთი თვის განმავლობაში მედია არაერთხელ იუწყებოდა, რომ დამსაქმებლები და ხელმძღვანელები მოქალაქეებს მასობრივად აიძულებენ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას.

XS
SM
MD
LG