Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე: გამოჩნდა განსხვავება ძველ და ახალ ოპოზიციას შორის


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენითაც მიიღებენ. რიგგარეშე სესიის გახსნამდე, ბიუროს სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ პირველი და მეორე მოსმენით კენჭისყრის შედეგები და შექმნილი ვითარება, პრაქტიკულად, იყო წყალგამყოფი, სადაც გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალაა, ასრულებს დადებულ პირობას, დემოკრატიული პრინციპების ერთგულია და მზად არის გადადგას მომდევნო ნაბიჯები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.

თალაკვაძის შეფასებითვე, ეს იყო წყალგამყოფიც, სადაც გამოჩნდა „განსხვავება ძველ და ახალ ოპოზიციას შორის“. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტში გამოჩნდნენ ახალი ოპოზიციური ჯგუფები, რომლებმაც მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი პასუხისმგებლობა და მხარდაჭერა დემოკრატიული ცვლილებების მიმართ. არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს დასაფასებელი და აღსანიშნავია, რადგან ის პოლიტიკური ძალები, რომლებმაც ვერ აიღეს პასუხისმგებლობა იმაზეც კი, რასაც საზოგადოებას დაჰპირდნენ და შედგა შეთანხმება, რაზეც ხელი მოწერეს, ვერც მომავალში შეძლებენ ვერანაირი პასუხისმგებლობის აღებას.

პარლამენტის თავმჯდომარე გულისხმობს „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“, რომლებიც საკონსტიტიციო ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობად ასახელებენ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას და „პოლიტპატიმარ გიორგი რურუას“ გათავისუფლებას. შეთანხმებაში ასეთი პირობის არსებობას უარყოფს მმართველი პარტია.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის გარდა, საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი და მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს „დამოუკიდებელი დეპუტატების“ და „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციების წევრებმა და უფრაქციო დეპუტატების ნაწილმა.

XS
SM
MD
LG