Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოდან ფეისბუქს პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალობის მექანიზმის ამოქმედებას სთხოვენ


"საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი თვე რჩება. „ფეისბუქს” აქვს შანსი მტკიცე ქმედებებით და საინფორმაციო გარემოს დაცვის გზით პასუხისმგებლიანი როლი შეასრულოს ამ არჩევნებზე. ამისთვის, მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ ამოქმედდეს პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალობის „ფეისბუქის“ ხელთ არსებული მექანიზმები" - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს საქართველოში მოქმედი 50-მდე ორგანიზაცია აწერს.

სამოქალაქო საზოგადოება, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ფეისბუქისგან წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურ ქმედებებს ითხოვენ, რაც გულისხმობს შემდეგს:

  • რაც შეიძლება მალე ხელმისაწვდომი გახდეს პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა საქართველოში, ისევე როგორც ეს მოხდა 2019 წელს უკრაინაში და ასევე ევროკავშირის ქვეყნებში ევროპარლამენტის არჩევნების წინ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფილი იყოს რეკლამის დამკვეთის/გადამხდელის ვინაობა, საკონტაქტო ინფორმაცია, თითოეული რეკლამისთვის დახარჯული თანხის ოდენობა და ვალუტა, რეკლამის განთავსების პერიოდი, ასევე, პოსტის გავრცელების გეოგრაფიული არეალი და დემოგრაფიული დიაპაზონი.
  • უნდა გაძლიერდეს ძალისხმევა საარჩევნო პერიოდში არაავთენტური კოორდინირებული ქცევის გამოსავლენად და მასში ჩართული ანგარიშების პლატფორმიდან დროულად წასაშლელად.
  • კოორდინირებული საეჭვო ქცევის გამოვლენისა და შესაბამისი ქსელების წაშლის შემდგომ, ამ ანგარიშების მიმდევრებსა და მომწონებლებს „ფეისბუქმა“ შეტყობინებით უნდა აცნობოს რომ შესაბამისი ანგარიში წაიშალა კოორდინირებული საეჭვო ქცევის გამო.
  • „ფეისბუქმა“ უნდა განავითაროს და გააღრმავოს თანამშრომლობა შესაბამისი რეპუტაციის მქონე მიუკერძოებელ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც სოციალური მედიის მონიტორინგსა და ფაქტების გადამოწმებაზე მეთოდოლოგიურად მუშაობენ და უზრუნველყოს მათ მიგნებებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება.
  • აიკრძალოს პოლიტიკური რეკლამების მიკროტარგეტირება მომხმარებლის ქცევის მიხედვით.
  • აიკრძალოს უცხო ქვეყნის ტერიტორიიდან პოლიტიკური რეკლამის განთავსება.
  • „ფეისბუქმა“ უნდა აამაღლოს გვერდების გამჭვირვალობის სტანდარტი და გაასაჯაროვოს გვერდების დადასტურებულ მფლობელთა შესახებ ინფორმაცია. ამასთან, კვლავ საჯარო უნდა იყოს „ფეისბუქ“ გვერდების ადმინისტრატორების რაოდენობისა და ლოკაციის, ასევე გვერდების სახელების ცვლილების შესახებ ინფორმაცია.
  • „ფეისბუქმა“ უნდა შემოიღოს ფაქტების გადამოწმების უფრო მკაფიო მონიშვნის შესაძლებლობა და ამისთვის ითანამშრომლოს IFCN-ის მიერ აკრედიტირებულ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებთან საქართველოში.

ხელმომწერი ორგანიზაციები ფეისბუქის ადმინისტრაციას ახსენებენ, რომ საქართველოში მიმდინარე ანონიმური, კოორდინირებული დასპონსორებული პოლიტიკური დისკრედიტაციის პირობებში მოქალაქეები შეცდომაში შედიან, რითაც მათ ერთმევათ ინფორმაციის თავისუფლება და შესაბამისად შესაძლებლობაც, საკუთარი შეფასებების საფუძველზე ჩამოიყალიბონ პოლიტიკური შეხედულებები, რაც ფეისბუქისავე ფორმულის მიხედვით, დემოკრატია აღარ არის.

"ჩვენ გვჯერა, რომ „ფეისბუქი“ დემოკრატიის მხარეს დადგება" - ნათქვამია წერილში და გამოთქმულია იმედი, რომ „ფეისბუქის“ მხრიდან დროული რეაგირება და ამ საკითხებზე აქტიური თანამშრომლობა შესაძლებელს გახდის ქართული დემოკრატიისა და 2020 წლის უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნების დაცვას ქვეყნის შიგნით თუ გარედან მომდინარე გამოწვევებისგან."

ამ დრომდე ფეისბუქმა ორჯერ უკვე წაშალა საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული, კოორდინირებულად მართული ასობით გვერდი და ანგარიში, რომლებიც არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ, ან სიძულვილის ენას იყენებდნენ ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით.

XS
SM
MD
LG