Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატალი საბანაძე: საქართველო დაელოდება და მიიღებს საპასუხო გადაწყვეტილებას შენგენის ქვეყნების მიმართ


ნატალი საბანაძე - საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ევროკავშირში
ნატალი საბანაძე - საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ევროკავშირში

საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ევროკავშირში, ნატალი საბანაძემ, სატელეფონო ინტერვიუში, იმის თაობაზე, თუ რა იწვევს ასეთ დიდ სიფრთხილეს, რის გამოც გადაიდო მიმოსვლის აღდგენა საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რადიო თავისუფლებას უთხრა, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან სწრაფად იცვლებაო. მისი თქმით, ევროკავშირში ვითარება სტაბილურია, მაგრამ ყველგან ერთნაირი არ არის და, სამწუხაროდ, საქართველოს სამეზობლოში პროცესები საკმაოდ რთულად ვითარდება. „გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულად მიდის ევროკავშირში. ძალიან გაუჭირდათ შენგენის შიგნით მიმოსვლის გახსნა, ამაზე შეთანხმდნენ და ახლა მიდის მსჯელობა, რომ მესამე ქვეყნებთან გაიხსნას მიმოსვლა“.

„ჩვენ შესაბამისად ველოდებით გადაწყვეტილებას და გვინდა, ეს ქვეყანა იყოს ერთ-ერთი პირველთაგანი, ვისთანაც ევროკავშირი გახსნის მიმოსვლას“, ამბობს საბანაძე, რომლის შეფასებით, „ეს დღეები ევროპის კავშირის საბჭოში მიმდინარეობს საკმაოდ მძიმე და რთული მოლაპარაკებები, და წევრი სახელმწიფოები ძალიან ფრთხილობენ“.

რადიო თავისუფლება იტყობინებოდა, რომ ევროკომისია 24 ივნისის შემდეგ განიხილავს და უნდა დაამტკიცოს სარეკომენდაციო სია მესამე ქვეყნებისა, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრების ჩაკეტვა აღარ შეეხებათ პირველი ივლისიდან და მასში შეიყვანა საქართველოც, რომელიც ერთი პერიოდი სიიდან ამოიღეს. ჩამონათვალი ეხება 15 სახელმწიფოს, რომლებსაც ევროკავშირი რეკომენდაციას უწევს.

ევროკავშირში საქართველოს ელჩის თანახმად, ზოგმა სახელმწიფომ მეტი დრო ითხოვა და ამ ეტაპზე ორშაბათისთვის გადაიდო საბოლოო შეთანხმება, თუმცა შაბათს დედაქალაქებს უკვე უნდა დაედასტურებინათ პარასკევს, 26 ივნისს მიღებული სია ქვეყნებისა, რომლებთანაც პირველი ივლისიდან ევროკავშირი მიმოსვლას გახსნის.

საბანაძე ამბობს, რომ სიაც და თარიღიც არის სარეკომენდაციო, საქართველო დაელოდება გადაწყვეტილებას და თვითონაც მიიღებს საპასუხო გადაწყვეტილებას შენგენის ზონის ქვეყნების მიმართ. როგორც ნატალი საბანაძემ განგვიმარტა, საქართველოს არ აქვს ვალდებულება, საპასუხო ზომები მიიღოს, მაგრამ ამოქმედდება ნაცვალგების პრინციპი. რა თქმა უნდა, საქართველოს გადასაწყვეტი იქნება, რა პირობებით შეუშვებს ის ევროკავშირის მოქალაქეებს ქვეყანაში, იქნება გარკვეული წესები, რადგან საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური ვითარება, რომელიც ქვეყანაშია, შენარჩუნდეს, დასძენს საბანაძე. იმისათვის, რომ ვიყოთ ამ სიაში და მიმოსვლა გაგრძელდეს, ეს სიტუაცია, ასე ვთქვათ, უნდა „დავიჭიროთ“. შესაბამისი ზომები მთავრობამ უნდა მიიღოს, აზუსტებს ნატალი საბანაძე.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება მუდმივი არ იქნება და ყოველ ორ კვირაში გადაიხედება.

საბანაძის განმარტებით, იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებს კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრების ჩაკეტვა აღარ შეეხებათ პირველი ივლისიდან, მტკიცდება ევროკავშირის საბჭოს მიერ ელჩების დონეზე, ცხადია, დედაქალაქებთან შეთანხმებით. საბჭოს მიერ მიღებული საბოლოო სარეკომენდაციო სია გამოქვეყნდება. ნატალი საბანაძის თქმით, შენგენის ზონის შიგნით მიმოსვლა გაიხსნა და ახლა, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალური კოორდინაციით მოხდეს მესამე ქვეყნებთან მიმოსვლის გახსნა.

ნატალი საბანაძეს ვკითხეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების წლისთავის აღნიშვნის თაობაზეც, რაზეც მან გვიპასუხა, რომ აღნიშვნა ხელშეკრულების კარგად შესრულებაა. დოკუმენტი, საბანაძის თანახმად, პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს ევროპული არჩევანის რეალური, კონკრეტული გამოხატულებაა და ჩვენი მხრიდან მისი შესრულება მისი მნიშვნელობის ყველაზე დიდი დადასტურება იქნება. შესრულება მიდის კარგად და გაწერილი გრაფიკის მიხედვით, გვამცნო ამ ინტერვიუში ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა. „ჩვენი სურვილია, რა თქმა უნდა, და ამაზე ვმუშაობთ, ამაზე ვფიქრობთ, რომ ასოცირების პროცესი გადაიზარდოს სხვა რამეში, უფრო დიდში, რომელიც იქნება ინტეგრაციის პროცესი“, გვითხრა საბანაძემ და ახსნა, რომ ეკონომიკურ დონეზე ამის ყველა წინაპირობა არსებობს და არის შეთანხმებაც, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს ეკონომიკურ ინტეგრაციამდე, რასაც შეიძლება რაღაცები „დავაშენოთ“ და ეს მალე უნდა მოხერხდეს. პოლიტიკურ ინტეგრაციას რაც შეეხება, ნატალი საბანაძის თქმით, „აქ საქმე უფრო რთულად არის“, მაგრამ პოლიტიკური ინტეგრაცია, გაფართოება, არასოდეს ხდებოდა ადვილად და ეს ჩვენც გვეხება, მით უმეტეს, რომ ბალკანეთი რიგში დგას.

ნატალი საბანაძის თქმით, ევროკომისიის სარეკომენდაციო სიაში მოხვედრა იმის დასტურია, რომ საქართველომ ძალიან კარგად გაართვა თავი უდიდეს პრობლემას და ეს ბევრმა ვერ შეძლო, რაც ბრიუსელში „საქართველოს მიმართ პოზიტიურ აღქმას ქმნის“.

ევროკავშირის საზღვრები მარტში კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიკეტა.

ევროკომისია თავდაპირველად განიხილავდა სიას, სადაც 47 ქვეყანა, მათ შორის, საქართველოც შედიოდა. 24 ივნისს საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ამოიღეს სიიდან.

საბოლოო ჯამში, სარეკომენდაციო სიაში, რომელიც 47-დან 15 ქვეყნამდე შემცირდა, საქართველო კვლავ დაბრუნდა.

კომისია თავიდანვე აცხადებდა, რომ იმ მესამე ქვეყნების სია, რომლებთანაც სამგზავრო შეზღუდვები თანდათან მოიხსნება, ყოველ ორ კვირაში გადაისინჯება და სიას თანდათან სხვა ქვეყნებიც დაემატება.

გადაწყვეტილების მიღებისას დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) კრიტერიუმებს ითვალისწინებენ. სარეკომენდაციო სიაში არ მოხვდნენ, ანუ პირველი ივლისიდან ევროკავშირში მოგზაურობის საშუალება ჯერჯერობით არ მიეცემათ მოგზაურებს ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა აშშ და მექსიკა, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა, სამხრეთი აფრიკა, რუსეთი, ირანი, საუდის არაბეთი, ავღანეთი და სხვ.

XS
SM
MD
LG