Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველისთვის გიორგი რურუას საქმის სუსტი მხარე მტკიცებულებებია


გიორგი რურუა
გიორგი რურუა

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, გიორგი რურუას წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში კითხვის ნიშნებს წარმოშობს ის, რომ საქმის მასალებში არ დევს ობიექტური, ან ნეიტრალური მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ამ პირის მიერ იარაღის ფლობას.

ნინო ლომჯარიამ რურუას საქმეზე ილაპარაკა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, სადაც წარმოადგინა 2019 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.

ლომჯარიას განმარტებით, რურუას საქმის შესახებ ინფორმაცია აქვს იმ მასალებით, რომლებიც ადვოკატმა გააცნო.

„მოწმეები არიან მხოლოდ პოლიციელები. ბუნებრივია, გიორგი რურუას მხარე ამბობს, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. პოლიციელები ამბობენ, რომ მანქანაში მას უპოვეს იარაღი. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ვიდეოჩანაწერები, ან არ გვაქვს დამოუკიდებელი, ან ობიექტური მოწმის ჩვენებები, რომელიც შეესწრო, ან დაასწრეს აღნიშნულ ჩხრეკას და დაადასტურებდა, რომ იარაღი ნამდვილად იპოვეს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარიას თქმით, რამდენად დამაჯერებელია ეს მტკიცებულებები, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, თუმცა, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ეს საქმის სუსტი მხარეა.

თავად სახალხო დამცველმა გიორგი რურუას საპროცესო უფლებების დარღვევა დაადგინა, რადგან საკანში ბიოლოგიური მასალის აღებისას მის ადვოკატს არ მისცეს დასწრების შესაძლებლობა.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა 2019 წლის ნოემბერში, თბილისში დააკავეს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. თავად რურუა ამბობს, რომ იარაღი პოლიციამ ჩაუდო.

„პოლიტპატიმარ გიორგი რურუას“ გათავისუფლებას საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ინიცირებული კონსტიტუციური კანონპროექტის მხარდაჭერის პირობად ასახელებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. მათი განცხადებით, რურუას გათავისუფლება ხელისუფლებასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია. ამას უარყოფენ „ქართულ ოცნებაში“.

საკონსტიტუციო ცვლილებები ორი მოსმენით უკვე მიღებულია. მესამე, საბოლოო მოსმენა და კენჭისყრა 29 ივნისაა დანიშნული.

24 ივნისს, ფეისბუკით გავრცელდა გიორგი რურუას განცხადება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია. საპასუხოდ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ მედიას უთხრა, რომ რურუას ვაჟკაცური განცხადება მისასალმებელია, თუმცა, პოზიციის შეცვლას და მის გათავისუფლებამდე კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ.

XS
SM
MD
LG