„ქართული ოცნების“ წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით და განაცხადა, რომ ეს ფასილიტატორი ელჩების მკაფიო მოწოდების შედეგია.
მდინარაძე ოპოზიციის ამ გადაწყვეტილებას სანახევროს უწოდებს და ამბობს, რომ „ევროპული საქართველო“ აგრძელებს სპეკულაციას და ვაჭრობას:
„პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იქნებოდა, თუ ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს სამივე მოსმენაზე დაუჭერდნენ მხარს“, - ამბობს მდინარაძე.
რაც შეეხება პირობას, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ ხელისუფლებას წაუყენა - „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლება, ამ საკითხზე მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ „შეთანხმების ნაწილი რომელიმე პატიმრის გათავისუფლება და, მით უმეტეს, მისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება, ნამდვილად არ ყოფილა“.
20 ივნისს ცნობილი გახდა „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება, რომ ისინი მონაწილეობას მიიღებენ 21 ივნისს დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით კენჭისყრაში, თუმცა უარზე არიან პროცესში ჩაერთონ მეორე მოსმენისას, თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება.
კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და შენიშნავს, რომ ხელისუფლებამ 8 მარტის შეთანხმებით აღებული ვალდებულება უნდა შეასრულოს.
ევროპელი და ამერიკელი დიპლომატების მონაწილეობით, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში პარლამენტის 150 წევრიდან 120 პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული სისტემით უნდა აირჩიონ.
ამ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.
საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს უნდა უყარონ კენჭი, 21 ივნისს არის დანიშნული.