Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დექსამეტაზონი“ - შეამცირებს თუ არა კრიტიკული კოვიდ-პაციენტების სიკვდილიანობას?


"ეს არის პირველი სამკურნალო პრეპარატი, რომელმაც აჩვენა, რომ შეუძლია შეამციროს სიკვდილიანობა იმ პაციენტებში, რომლებსაც ჟანგბადი ან ფილტვების ვენტილაცია ესაჭიროება. ეს არის არაჩვეულებრივი ამბავი".

ასე გამოეხმაურა 16 ივნისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს ადჰანო ღებრეისუსი ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ კლინიკურ გამოკვლევას, რომელმაც აჩვენა, რომ დაბალფასიანი პრეპარატი „დექსამეტაზონი“, COVID19-ით ინფიცირებულ, კრიტიკულ პაციენტებში ერთი მესამედით ამცირებს სიკვდილიანობის მაჩვენებელს.

დიდმა ბრიტანეთმა ჯერ კიდევ მარტში დაიწყო კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატების ყველაზე დიდი კლინიკური კვლევა, RECOVERY, რომელშიც 11 500 პაციენტი ჩაერთო 175 კლინიკიდან. საკვლევ პრეპარატებად კი გამოყენებულ იქნა ლოპინავირ/რიტონავირი (შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტი), დექსამეტაზონის მცირე დოზა, ჰიდროქსიქლოროქინი, აზიტრომიცინი (ანტიბიოტიკი), ტოცილიზუმაბი (იმუნოდეპრესიული საშუალება) და COVID-19-სგან გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმა.

Recovery-ის გამოკვლევის მიხედვით, 10 დღის განმავლობაში, 2104 პაციენტი, დღეში ერთხელ იღებდა 6 მგ "დექსამეტაზონს". მათი მონაცემები მკვლევრებმა შეადარეს იმ 4321 პაციენტის მონაცემებს, რომლებსაც დექსამეტაზონი არ მიუღიათ, შედეგად კი აღმოჩნდა, რომ სასუნთქ აპარატზე დამოკიდებულ პაციენტებში, რომლებიც დექსამეტაზონს იღებდნენ, სიკვდილიანობის რისკი 40%-დან 28%-მდე შემცირდა. ხოლო იმ პაციენტებში, რომლებსაც ჟანგბადის თერაპია სჭირდებოდათ, ეს მაჩვენებელი 25%-დან 20%-მდე დავიდა.

როგორც გამოკვლევის ავტორები წერენ, ეს შედეგი ნიშნავს, რომ ვენტილაციაზე დამოკიდებული ყოველი რვა პაციენტიდან, ამ მკურნალობის შედეგად, ერთის სიცოცხლის გადარჩენა იქნება შესაძლებელი. ხოლო ჟანგბადზე დამოკიდებული პაციენტებისთვის, მედიკამენტი ყოველ მეოცე-ოცდამეხუთე ინფიცირებულს შეუნარჩუნებს სიცოცხლეს.

მთავარი მკვლევარი, პროფესორი პიტერ ჰორბი, „ტვიტერის“ გვერდზე წერს: „ეს არის ამ დრომდე ერთადერთი პრეპარატი, რომელმაც აჩვენა სიკვდილიანობის კლება - მნიშვნელოვანი კლება. ეს უდიდესი გარღვევაა“.


ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში, რომელიც RECOVERY-ის გამოკვლევას ეხება, მარტინ ლენდრეი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და ერთ-ერთი მთავარი მკვლევარი ამბობს: „COVID19-ის გამოჩენიდან, უკვე ექვსი თვეა მიმდინარეობს იმ პრეპარატის ძიება, რომელიც ყველაზე მძიმე პაციენტებში შეამცირებს სიკვდილიანობის რისკს. RECOVERY-ის წინასწარი შედეგები ძალიან ნათელია - დექსამეტაზონი ამცირებს სიკვდილის რისკს იმ პაციენტებში, რომლებსაც რესპირატორული გართულებები აქვთ. COVID19 გლობალური დაავადებაა - ფანტასტიკურია, რომ პირველი პრეპარატი, რომელიც სიკვდილიანობის შემცირების მაჩვენებელზე მიუთითებს, მყისიერად იქნება ხელმისაწვდომი მსოფლიოს მასშტაბით“.

ამავე გამოკვლევის წინასწარი შედეგების თანახმად, პრეპარატს არ ჰქონია არანაირი ეფექტი იმ პაციენტებში, რომელთაც არ სჭირდებოდათ რესპირაციული მხარდაჭერა.

აღსანიშნავია, რომ გამოკვლევა, ამ ეტაპზე, ოფიციალურად გამოქვეყნებული არ არის და საბოლოო რევიზია სხვა მეცნიერების მიერ ჯერ არ გაუვლია.

იყენებენ თუ არა "დექსამეტაზონს" საქართველოში COVID19-ით ინფიცირებული კრიტიკული პაციენტების მკურნალობისას?

„ჩვენთან, რეანიმაციულ განყოფილებაში, გატარდა 37 მწვავე რესპირატორული დისტრესი და ყველა პაციენტთან იქნა გამოყენებული დექსამეტაზონი. დადებითი ეფექტები ნამდვილად მოგვცა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლევან რატიანი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი.

ლევან რატიანი თქმით, დექსამეტაზონი გამოიყენეს იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნათ როგორც მწვავე რესპირატორული დისტრესი , ისე ე.წ. შეუპოვარი ცხელება და ციტოკინური შტორმი. მისივე თქმით, არაფერია ახალი და უჩვეულო იმაში, რომ მძიმე პაციენტების მკურნალობის პროცესში, "დექსამეტაზონი" აქტიურად გამოიყენება:

„ბევრი წელია რეანიმაციაში ვმუშაობ. დექსამეტაზონი არის პრეპარატი, რომელიც მწვავე ინფარქტის შემთხვევაში არ გამოიყენება, თორემ სხვა ყველა შემთხვევაში, ეს პრეპარატი ორგანიზმს აძლევს ადაპტაციის უნარს. მე მიყვარდა ეს წამალი და ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, რეანიმაციული პაციენტების უმეტეს ნაწილში გამოვიყენეთ. ამ წამალს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს და ოდითგანვე ცნობილია მისი დადებითი ეფექტები ვირუსული პათოლოგიების მკურნალობისას“.

"დექსამეტაზონს" გამოიყენებდნენ მძიმე პაციენტების მართვისას ინფექციური კლინიკის ექიმებიც:

„ამ პრეპარატის გამოყენების გადაწყვეტილებამდე თავადაც მივიდოდით, რადგან ვიცით პათოგენეზური თერაპია და ამ პრეპარატით მკურნალობაც ერთ-ერთი პათოგენეზური თერაპია გახლავთ. და გარდა ამისა, არსებობდა მონაცემები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით და როდესაც საჭიროდ ჩავთვალეთ პაციენტების მდგომარეობიდან გამომდინარე, დავნიშნეთ მედიკამენტი. შეიძლება ითქვას, რომ მისმა გამოყენებამ გვაჩვენა პოზიტიური შედეგი. კლინიკოსებისათვის საკმაოდ ხშირად გამოყენებადი პრეპარატია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მარინა ენდელაძე, ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი.

აღსანიშნავია, რომ "დექსამეტაზონი", როგორც COVID19-ით ინფიცირებული მძიმე პაციენტების მართვის პროცესში ერთ-ერთი სამკურნალო პრეპარატი, არ არის შეტანილი კორონავირუსის მკურნალობის ქართული პროტოკოლით განსაზღვრული მედიკამენტების ნუსხაში.

„არ შეიძინოთ პრეპარატი ტყუილად, ნუ გაიკეთებთ მარაგებს“

"დექსამეტაზონი" (სტეროიდი) მსოფლიო მედიცინაში 1960 წლიდან გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა მაგალითად, რევმატიული ართრიტი, ასთმა, კრუპის სინდრომი, სხვადასხვა ტიპის ალერგიული მძიმე რეაქციები.

პრეპარატს აქვს საკმაოდ მძიმე გვერდითი მოვლენებიც, მათ შორის, იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც აწუხებთ არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, ეპილეფსია, თრომბოემბოლია, მძიმე მიასთენია და გლაუკომა.

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი "დექსამეტაზონის" იმ მახასიათებლებზე ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან, რომლებმაც შესაძლოა კოვიდ-ინფიცირებულ მძიმე პაციენტებზე პოზიტიური გავლენა იქონიოს. თუმცა, მისი თქმით, 16 ივნისს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, მხოლოდ და მხოლოდ, წინასწარი შედეგებია და მათი საბოლოო დადასტურება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ის მეცნიერების არაერთ ანალიზს გაივლის და ოფიციალურად გამოქვეყნდება სამედიცინო ჟურნალებში:

„კორონავირუსის გართულების შემთხვევაში, ვითარდება ციტოკინური შტორმი, ანუ იმუნური სისტემის უკონტროლო აქტივაცია, როდესაც შემოჭრილი აგენტის, ანუ ვირუსის წინააღმდეგ ირთვება ადამიანის ორგანიზმის იმუნური პასუხი და იმდენად ძლიერ ე.წ. არტილერიას იყენებს ორგანიზმი მის წინააღმდეგ, რომ ეს არტილერია უკვე ვეღარ არჩევს, ვირუსს ბომბავს თუ საკუთარ ორგანიზმს. სწორედ ეს არის ადამიანების გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზი, ამ დროს ვითარდება რესპირაციული დისტრეს სინდრომი. სწორედ იმუნური სისტემის, ჰიპერაქტივაციის დათრგუნვას იწვევენ ეს სტეროიდები, ანუ, ჰორმონალური მედიკამენტები. მათ შორის, ხანგრძლივი, 24 საათიანი, სტაბილური ეფექტი აქვს „დექსამეტაზონს“. სწორედ ამიტომ, ლოგიკური შეიძლება იყოს ასეთ სიტუაციაში „დექსამეტაზონის“ გამოყენება“.

თუმცა, ბიძინა კულუმბეგოვი იმასაც ამბობს, რომ როდესაც კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლებსა და ამ პროტოკოლში სტეროიდების, მათ შორის, „დექსამეტაზონისა“ და „პრედნიზოლონის“ ჩაწერაზე მიდის მსჯელობა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სტეროიდმა, ანუ ჰორმონალურმა მედიკამენტმა, შესაძლოა, პირიქით, მდგომარეობა გაუუარესოს და გამოჯანმრთელების პროცესი გაახანგრძლივოს.

„ამიტომ, ამ ტიპის პრეპარატებს შედარებით სკეპტიკურად უყურებდნენ მეცნიერები და მიუთითებდნენ, რომ ის გამოეყენებინათ მხოლოდ იმ კოვიდ-პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ფილტვის ქრონიკული, ობსტრუქციული დაავადება. რაც შეეხება RECOVERY-ის გამოკვლევას, ის, ჯერჯერობით, მხოლოდ წინასწარი შედეგებია, არ არის დაბეჭდილი და ფილტრში გატარებული კოლეგების მიერ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ნამდვილად რესპექტაბელური კვლევაა, ჩატარებულია სერიოზული სპეციალისტების მიერ, იძლევა პოზიტივის საფუძველს თუმცა, საყოველთაო აღფრთოვანება არ უნდა იყოს და მით უმეტეს, ჩემი მოწოდება იქნება მოქალაქეებისათვის, არ შეიძინონ პრეპარატი ტყუილად, ნუ გაიკეთებენ მარაგებს, რადგან გაითვალისწინონ, ეს პრეპარატი გამოადგა რეანიმაციაში მყოფ პაციენტს და არანაირი შედეგი არ ჰქონია მსუბუქ პაციენტებზე“.

COVID19-ის გავრცელებიდან თითქმის 6 თვის თავზე, ჯერ არ არის მოძიებული პრეპარატი, რომელიც საბოლოოდ იქნება მიჩნეული ვირუსის ყველაზე ეფექტურ სამკურნალო მედიკამენტად.

ერთ-ერთ ასეთ მედიკამენტად აქტიურად განიხილებოდა მსოფლიო სამეცნიერო წრეებში მალარიის სამკურნალო პრეპარატი „პლაქვენილი“, რომელიც „ქართულ პროკოტოლშიცაა“ შეტანილი. თუმცა, კვლევებმა და მსჯელობამ „პლაქველინის“ გარშემო, ერთგვარი ანეკდოტური ხასიათიც კი მიიღო, რადგან ამ თვეების განმავლობაში გამოქვეყნებული არაერთი გამოკვლევა, ხან პრეპარატის ეფექტურობაზე მიუთითებდა და ხან მის საფრთხეებზე. ერთ-ერთი ბოლო დასკვნა „პლაქვენილის“ შესახებ 15 ივნისს გამოქვეყნდა - აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ „პლაქვენილს“ ანტივირუსული ეფექტი არ გააჩნია.

კიდევ ერთი პრეპარატი, რომელიც კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატად განიხილება, ეს არის ებოლას წინააღმდეგ შექმნილი მედიკამენტი „რემდესივირი“. 22 მაისს, გავლენიან სამედიცინო ჟურნალში „The New England Journal of Medicine“, გამოქვეყნდა წინასწარი ანგარიში, პრეპარატ „რემდესივირის“ სამკურნალო ეფექტის შესახებ. გამოკვლევაში 1063 პაციენტი იყო ჩართული. პაციენტთა ნაწილთან, მკურნალობის პროცესში გამოიყენეს პრეპარატი „რემდესივირი“, ნაწილში კი - პლაცებო. გამოკვლევის ერთ-ერთ მთავარ მიგნებად სახელდება გამოჯანმრთელების ვადების შემცირება 15 დღიდან 11 დღემდე.

XS
SM
MD
LG