Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინაშვილი "ქართულ ოცნებას": თუკი მორიგი მელაკუდობა არ იგეგმება, საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა დამტკიცდეს


თუკი ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები არ დამტკიცდება, საქართველოს მძიმე შედეგები ელის - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისადმი მიძღვნილ სატელევიზიო ეთერში. მან "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს მიმართა და თქვა, რომ თუკი ცვლილებები ჩავარდება, ეს ამ გუნდის გეგმის ნაწილი იქნება.

„ამ ცვლილებებს უკვე აქვს ოპოზიციის მხარდაჭერა ჩვენი სახით და დამოუკიდებელი დეპუტატების სახით და ეს სრულიად საკმარისია. თუკი თქვენს გუნდში რაღაც არ ხდება, კიდევ მორიგი რაღაც არ იგეგმება - უბედურება თუ მელაკუდობა თუ პოლიტიკური სპექტაკლი, მაშინ ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ გავიტანოთ ეს ცვლილებები.

მგონი, ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული, ამ ცვლილებების ჩავარდნას რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს პარტიებისთვის კი არა (უკვე პარტიებზე აღარ იქნება ლაპარაკი), საერთოდ თქვენი ხელისუფლებისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის... რომ არ დაგიმალოთ, თქვენი ხელისუფლების ბედზე მეტად მაღელვებს, ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს სამშობლოს რა მძიმე შედეგები ელის ამ შემთხვევაში... ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, რომ გავიტანთ ამ ცვლილებებს“, - განაცხადა ინაშვილმა.

ახალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის პირველ სატელევიზიო შეხვედრას - საზოგადოებრივი მაუწყებლის „1 არხი“ მასპინძლობდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარე - არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი - ირაკლი კობახიძე, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი და ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე - მარიან ჯაში.

განხილვის პროცესში არ მონაწილეობდნენ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი საპარლამენტო პარტიები - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. ისინი არც საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას გეგმევენ, თუკი ხელისუფლება სრულად არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას.

საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად: მომავალ პარლამენტში, 150 დეპუტატიდან 120-ს აირჩევენ პროპორციული წესით (პარტიის ან ბლოკის სიიდან), ხოლო 30 დეპუტატის არჩევა მაჟორიტარული წესით მოხდება. ამჟამად მოქმედი პარლამენტი დაკომპლექტებულია თანაფარდობით - 77/73.

დაწესებული ზღვარი (.. ჩამკეტი“) გამორიცხავს ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას - თუკი გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54%- ზე ნაკლებს მიიღებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მიმდინარე განხილვის პროცესში საზოგადოებას შეკითხვების დასმის საშუალება ჰქონდა ინტერნეტის საშუალებით. შეკითხვები მათ უნდა გაეგზავნათ „1 არხის“ ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე, ანდა ელ-ფოსტაზე - gankhilva2020@parliament.ge. მეორე სატელევიზიო განხილვა გაიმართება 13 ივნისს, 21:00 საათზე, აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში.

XS
SM
MD
LG