Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სარდლობა ამტკიცებს, რომ რუსეთმა ლიბიაში გადაისროლა საბრძოლო თვითმფრინავები


აშშ-ის სამხედრო ძალების აფრიკის სარდლობამ სამშაბათს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ამტკიცებს, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთმა ლიბიაში გადაისროლა საბრძოლო ავიაცია ხალიფა ჰაფთარის მხარეზე მებრძოლი ფორმირებებისა და დაქირავებულების დასახმარებლად.

ამერიკული სარდლობის საიტზე გამოქვეყნებულია იმ თვითმფრინავების სურათები, რომელიც ლიბიაში გადაისროლეს სირიიდან. ხოლო იმისათვის, რომ ასეთი ტრანზიტი გაესაიდუმლოებინათ, თვითმფრინავების საიდენტიფიკაციო ნიშნები დაფარული იყო.

აფრიკული სარდლობის მეთაურის სტივენ ტაუსენდრის ცნობით, თავდაპირვლად რუსეთი უარყოფა ლიბიის კონფლიქტში მონაწილეობას, მაგრამ ახლა უკვე „ამას აღარ მალავს“. გარდა ამისა, არც ხალიფა ჰაფთარის ლიბიის ეროვნული არმია და არც რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ დამოუკიდებლად არ ფლობენ მეოთხე თაობის თვითმფრინავებს, რომლებიც ლიბიაში გამოჩნდნენ.

„დაქირავებული რუსი მფრინავები იფრენენ რუსეთის მიცემული თვითფრინავებით და დაბომბავენ ლიბიელებს“, - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

უფრო ადრე სირიიდან რუსული ავიაციის ლიბიაში გადასროლის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგმა“ გაავრცელა ცნობა. მასში ნათქვამი იყო, რომ თვითმფრინავები ლიბიაში ჩაფრინდნენ სირიაში მდებარე ბაზა ხმეიმიმიდან.

ლიბიაში სწორედ ჰაფთარის მხარეზე იბრძვიან, მრავალი ცნობის თანახმად, რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები.

რუსეთი უარყოფს რაიმე სახით მონაწილეობას ლიბიის სამოქალაქო კონფლიქტში, რომელიც ქვეყანაში 2011 წლიდან მიმდინარეობს. იანვარში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, განაცხადა, რომ ლიბიაში „თუკი მაინც იმყოფებიან რუსეთის მოქალაქეები, ისინი არ წარმოადგენენ რუსეთის ინტერესს და არ იღებენ ფულს რუსეთის მთავრობისგან.“

XS
SM
MD
LG