Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს რუსეთისგან გახშირებული თავდასხმების გამო


ე.წ. საზღვარი სოფელ მერეთთან
ე.წ. საზღვარი სოფელ მერეთთან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად დაგმო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაწყება და რუსეთის მხრიდან გახშირებული პროვოკაციები.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მერეთის ტერიტორიაზე 21 მაისს გადმოვიდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მაშინ, როცა მთელი მსოფლიო კორონავირუსის გლობალური პანდემიის მძიმე შედეგებს ებრძვის, რუსეთის საოკუპაციო ძალები ააქტიურებენ მავთულხლართების, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელო ბანერებისა და ე.წ. ცეცხლსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას ორივე ოკუპირებული ტერიტორიის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით.

მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი პარალელურად მიმდინარეობდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების: ცერონისისა და კნოლევის, ტახტისძირისა და დვანის, კოდასა და ჭვრინისის და ატოცის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების: ფახულანისა და მუჟავას და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების: ხურჩისა და განმუხურის მიმდებარე ტერიტორიებზე.

საგარეო საქმეთა სამინისტრის განცხადებითვე, რუსეთის ფედერაციამ მიზანმიმართულად გააქტიურა ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები საქართველოს წინააღმდეგ და პროპაგანდისტული მითების შეთხზვით, გამუდმებით ესხმის თავს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ ლაბორატორიას - რიჩარდ ლუგარის ცენტრს, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს საქართველოში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში.

„რუსეთისა და ცხინვალში მისი საოკუპაციო რეჟიმის ერთი შეხედვით აბსურდული და კომიკური ბრალდებები, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ხელოვნურად გაავრცელა კორონავირუსი და რეგიონის მაცხოვრებლებისგან აიღო ბიოლოგიური მასალები, რეალურად ემსახურება საქართველოს მთავრობის მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის ნდობის შერყევისა და ადგილზე მართული ქაოსის შექმნის ამოცანას“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის დეზინფორმაციის კამპანიას აფასებს ღია თავდასხმად საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე.

„ყველა ზემოხსენებული მიმართულებით რუსეთის მიერ გააქტიურებული პროვოკაციული ქმედებები წარმოადგენს მოსკოვის მიზანმიმართული დესტრუქციული პოლიტიკის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას ადგილზე კონფლიქტის ესკალაციითა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების ამოქმედებით“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციები და ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს, ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის დესტრუქციული ნაბიჯები და ქმედითი ზომები მიიღოს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთისგან გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად.

XS
SM
MD
LG