Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალებმა ე.წ. სასაზღვრო ღობეების განახლება ხურჩასთანაც დაიწყეს


ე.წ. საზღვარი ხურჩა-ნაბაკევს შორის
ე.წ. საზღვარი ხურჩა-ნაბაკევს შორის

აფხაზეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ე.წ. საზღვრის გამაგრების სამუშაოებს ატარებენ გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩას ესაზღვრება.

რადიო თავისუფლებას ხურჩაში მცხოვრებმა უამბო, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ე.წ. სასაზღვრო ღობეების დაზიანებულ ნაწილებს ცვლიან. წყაროს ინფორმაციით, ბოძები ჯერ კიდევ 5 დღის წინ მიიტანეს, შემდეგ აღარ გამოჩენილან და სამუშაოები მხოლოდ ახლა განაახლეს.

ხურჩა-ნაბაკევის გამყოფი „სასაზღვრო ღობეების“ დაზიანებულ ადგილებს ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრებნი ხშირად იყენებდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასასვლელად. ხურჩელი რესპონდენტის ინფორმაციით, მას ნაბაკევში მცხოვრებმა ახლობელმა უამბო, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ხურჩასთან გამყოფ ხაზზე, ოკუპირებულ ნაბაკევში ორმოებსაც თხრიან, რათა ე.წ. საზღვარზე გადასვლა აღკვეთონ.

გასულ კვირაში საოკუპაციო ძალებმა ე.წ. სასაზღვრო ღობეების განახლება დაიწყეს გალის რაიონის სოფელ საბერიოსთანაც, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანს ესაზღვრება.

XS
SM
MD
LG