ბრიუსელმა წარმოადგინა ტურიზმთან დაკავშირებული რეკომენდაციები ევროკავშირისთვის: ამ არაორდინარულ ზაფხულს წევრმა ქვეყნებმა უნდა დაიცვან ჰიგიენისა და ფიზიკური დისტანცირების წესები და შეძლონ კონტაქტების მიდევნება. ტურიზმის აღდგენის პირობა უნდა იყოს ინფიცირების დაბალი საფრთხე, ტესტების საკმარისი რაოდენობა და გადაუტვირთავი ჯანდაცვის სისტემა. ევროპულ პრესაში ბევრი იწერება იმის შესახებ, შეძლებს თუ არა ეს გეგმა სექტორის ფეხზე წამოყენებას.
სლოვენიაში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული Dnevnik-ი 14 მაისის ნომერში წერს, ევროკავშირის კომისიის კონცეფცია მხოლოდ მეგობრული რეკომენდაციაა და სხვა არაფერიო: „იმის გამო, რომ მას არ გააჩნია უფლებამოსილება, ქვეყნებს უკარნახოს როგორ მართონ ტურიზმის თავ-თავიანთი სექტორები, კომისიის რჩევები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს მოგვაგონებს. ესაა, უბრალოდ, რჩევები, რომლებსაც წევრი ქვეყნები ან გაითვალისწინებენ, ან არა. ეს რჩევები დეტალურია, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან ზოგადი ფორმით ფორმულირებული. მთავარი საკითხი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვაა. მიდგომა უნდა იყოს ღია და უნდა უზრუნველყოს ის, რომ საბოლოო შედეგი ყველასთვის მაქსიმალურად დადებითი აღმოჩნდეს. ამავე დროს, ეს რჩევები შეიცავს სურვილს, რაც შეიძლება სწრაფად განახლდეს ეკონომიკური მიმოქცევა, საზღვრებს შორის გადაადგილების თავისუფლება და ტურიზმი“.
ხორვატიაში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის Večernji list-ი 14 მაისის ნომერში ეჭვს გამოთქვამს, რამდენად შესაძლებელი იქნება ტურიზმის ინდუსტრიის კრიზისიდან გამოყვანა მიმდინარე წელს: „ეს სეზონი უკვე დაკარგულია, მაშინაც კი, თუკი მისი პიკი ჯერ არ დამდგარა. ახლა მთავარი კითხვა ისაა, მაინც რამდენად გაუარესდება ვითარება. ეს იცის ევროპის კომისიამ, იციან ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და ვხედავთ ძალისხმევას ტურიზმის ბიზნესის დასახმარებლად. მაგრამ ბევრი სასტუმრო, ბინების გამქირავებელი კომპანია, სანაპიროს ოპერატორი, რესტორანი და ასე შემდეგ ვერ გადარჩება. მნიშვნელოვანია, კომპანიები და მათი მუშაკები მომავალ წლამდე სუნთქვის ხელოვნურ აპარატს მივუერთოთ იმ იმედით, რომ მიაგნებენ წამალს და ვაქცინას, რომელიც დაამარცხებს დიქტატორს, სახელად COVID-19 - მას, ვინც ჩვენი ცხოვრება შეცვალა“.
ბელგიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის L'Echo 13 მაისის ნომერში ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კომისიის რჩევების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს: „ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორის გადარჩენა ლეგიტიმური და, მეტიც, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმეა, ოღონდ თუკი ეს საგანგებოდ შერჩეული გზით მოხდება. წარმატებისთვის მთავარია ევროპული თანამშრომლობა - არა მხოლოდ საზღვრების გახსნის, არამედ იმ ჰიგიენური წესების შემოღების პროცესში, რომლებიც ტრანსპორტსა და საცხოვრებელ ადგილებში უნდა იყოს გამოყენებული. სწორედ ამ საკითხში, რომელიც თავისი არსითაა ტრანსნაციონალური, ევროკავშირისგან ლიდერობას და ეფექტიანობას მოელიან. და სწორედ აქ შეუძლია მას საკუთარი როლის მნიშვნელობის ჩვენება. პრინციპი, რომ ყველა ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავისთვის უნდა ცხოვრობდეს, ჯერჯერობით ჩავარდა. კომისიის გეგმა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ იმის გამო, რომ ეს გეგმა სავალდებულო არ არის, მნიშვნელოვანია, წევრმა ქვეყნებმა მას მისდიონ“.
ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მეტ ჰენკოკმა, მიმდინარე კვირაში თქვა, არ ველი, რომ ამ ზაფხულს შესაძლებელი იქნება სხვა ქვეყნებში ხანგრძლივად მოგზაურობაო. ბრიტანეთში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის The Daily Telegraph-ი 13 მაისის ნომერში მინისტრს უპასუხებს და წერს, რომ ამ ზაფხულს დასვენება ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება: „ძალიან გამაღიზიანებელია ის, რომ, მისი კაბინეტის პროგრამის მიუხედავად, მეტ ჰენკოკს, როგორც ჩანს, ძალიან მცირედ ესმის ფსიქიკური ჯანმრთელობა და მისი შენარჩუნების გზები. მინიშნება: იზოლაცია და სახლებში დარჩენა შესაძლოა ფიზიკურად გვიცავდეს, მაგრამ ნამდვილი ზიანი ჩვენს ტვინებს ადგება. დასვენება არ არის ფუფუნება. ის აუცილებლობაა. ... ჰენკოკის მხრიდან ჩვენთან ტელევიზიით დირექტორივით ლაპარაკი და ნათქვამი, რომ ეს არ მოხდება, საზოგადოებრივ განწყობას ნერვში მოხვდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამან ძალიან გაგვაბრაზა. იქნებ დასვენებას სახელი გადაერქვას და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის გასვლა ეწოდოს?“