სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და სთხოვა პანიკაში ნუ ჩაცვივდებიან.
სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ანატოლი ბიბილოვი წერს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა არ დაუშვას COVID-19-ის შემდგომი გავრცელება.
„მომხდარში ნურავის დავადანაშაულებთ, ნურც მათ, ვინც დაინფიცირდა, ნურც ხელმძღვანელობას, ნურც ექიმებს და ა.შ. უბრალოდ პრობლემას გაგებით და მთელი სერიოზულობით მივუდგეთ. მოვუწოდებ ყველა კეთილგონიერ ადამიანს, პრობლემის სერიოზულობა ყველა მოქალაქემდე მიიტანონ და საზოგადოების განხეთქილება არ დაუშვან. რაც მთავარია პანიკას არ მიეცეთ, - წერს ანატოლი ბიბილოვი. მისი თქმით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რათა COVID-19-ს რეგიონისთვის გვერდი აევლო, თუმცა ეს მაინც მოხდა.
„ცალკე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ხელმძღვანელობას, რომ ამდენ ხანს გავძელით და ეს ინფექცია აქამდე არ გავრცელდა ჩვენთან, თუმცა რეალისტები უნდა ვიყოთ, ეს მოსალოდნელი იყო“, - აღნიშნავს ანატოლი ბიბილოვი ფეისბუკში.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევების შესახებ 6 მაისს განაცხადა.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებული 3 პირიდან 2 ახალგორელი დედა-შვილია. ბავშვი 6 წლისაა. ვირუსი დაუდასტურდა ასევე სუვოროვის სახელობის სასწავლებლის 14 წლის კურსანტს.