„ბატონ პაატას პატივს ვცემ, მაგრამ ჯობია იმან ეხლა ის დაითვალოს, რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს“, -ასე გამოეხმაურა ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი პაატა იმნაძის ნათქვამს იმის შესახებ, რომ თუ ადამიანები სახლებში არ დარჩებიან, საქართველოში „იტალია განმეორდება“.
პაატა იმნაძის პასუხად, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მედიასთან განაცხადა, რომ COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა რეალურად ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე მაღალია:
„მაგათ რომ შეძლებოდათ და ტესტები ბოლომდე ეკეთებინათ, ეხლა გვეცოდინებოდა რამდენი ვართ-350 ვართ, 600 ვართ თუ 1500“, - აღნიშნა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „პირველი არხის“ ეთერში 15 აპრილს რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე ილაპარაკა.
„დღეს, მთელი საქართველო რისკის ჯგუფია. დღეს ჩვენ ამის დრო აღარ გვაქვს, დღეს ჩვენ ვართ იმის საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია, - გააცხადა პაატა იმნაძემ. მან საზოგადოებას მოუწდა, აღდგომის დღესასწაულზე ეკლესიაში არ წავიდნენ.
იმნაძის თქმით, დღემდე არსებობდა დინამიკა, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში შედარებით ნაკლები დანაკარგი იყოს.
„აქ საუბარია არა მხოლოდ ეკონომიკურ დანაკარგებზე, აქ საუბარია ადამიანების სიცოცხლეზე, ნაკლები ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე გავუძვრებით ამ ეპიდემიას, თუ არა მოგველის ის, რაც იყო იტალიაში, ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა?! დავრჩეთ სახლში", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
აღდგომის ღამეს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ გეგმავს წირვის დროს მრევლის შეკრებას. დღევანდელი რეგულაციებით, 3 პირზე მეტის შეკრებისთვის მოქალაქე 3000 ლარით ჯარიმდება.
16 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 336 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან გამოჯანმრთელებულია 74. გარდაიცვალა - 3.