Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი საოკუპაციო რეჟიმებს მიმართავს, უარი თქვან ჰუმანიტარული თემების პოლიტიზებაზე


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ აღმართული ე.წ. სასაზღვრო ბანერი
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ აღმართული ე.წ. სასაზღვრო ბანერი

საქართველოს მთავრობა საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს მოუწოდებს, კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, არ მოახდინონ ჰუმანიტარული თემების პოლიტიზება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე მდგარი რთული გამოწვევების პირობებში.

„ვფიქრობთ, რომ შექმნილ ვითარებაში ჰუმანიტარული დახმარების საკითხზე ნებისმიერი სპეკულაცია წარმოადგენს კერძო ინდივიდების პოლიტიკური დღის წესრიგის ლობირების მცდელობას, რაც არ ასახავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ინტერესსა და საჭიროებებს“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დაადასტურა მზაობა, რომ სრულად გაუწევს დახმარებას საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებსაც. დარსალიას ინფორმაციით, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობამ უკვე გადადგა რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები და მომავალშიც გეგმავს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. კონკრეტულ ნაბიჯებზე მინისტრის მოადგილე არ საუბრობს.

ლაშა დარსალიას განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კოორდინაციაშია პარტნიორ ქვეყნებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა ჰუმანიტარული დახმარება და მთავრობამ მაქსიმალურად შეძლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის სათანადო ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ბოლო დღეებში რამდენჯერმე გახსნა 14 მარტიდან დაკეტილი ე.წ. საზღვარი და საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარების მისაღებად გამგზავრების საშუალება მისცა საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეებს. ასეთივე ქმედებაზე ჯერჯერობით უარს ამბობს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება.

XS
SM
MD
LG