Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი ქუჩაში მცხოვრები პირების თავშესაფრით უზრუნველყოფას მოითხოვს


ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო პირების დროულ იდენტიფიცირებას და თავშესაფრით უზრუნველყოფას მოითხოვს:

„საცხოვრებელი ფართის არქონის გამო, უსახლკარო პირები მოკლებულნი არიან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებული მოთხოვნების შესრულების შესაძლებლობას (დაიცვან კომენდანტის საათი, ჰიგიენის და იზოლაციის ნორმები, დარჩნენ სახლში და სხვა), რითაც მომეტებული საფრთხე ექმნება მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე იზრდება დაავადების გავრცელების რისკი“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში, რომლის თანახმად, ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი, ხოლო რიგ მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ მონაცემთა ბაზები უსახლკარო პირთა შესახებ.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, პროაქტიულად განახორციელონ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო პირების იდენტიფიცირება და მათი აღრიცხვა. ამას გარდა, სახალხო დამცველი მოითხოვს:

  • იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც უსახლკარო პირთათვის განკუთვნილ თავშესაფრებში ან სოციალურ საცხოვრისებში დარჩენილია თავისუფალი საცხოვრებელი სივრცეები, სრულად იქნეს ათვისებული არსებული რესურსი, მათ შორის იმ უსახლკარო პირების განთავსების გზით, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ თავშესაფარში მიღებისთვის კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს (მაგ. რეგისტრირებული არ არის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სხვა);
  • ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედ საკოორდინაციო საბჭოს კოორდინირებული მუშაობით, მათ შორის კერძო სექტორთან თანამშრომლობის შესაძლებლობის განხილვით, მოხდეს შესაბამისი შენობა-ნაგებობების გამოყოფა, სადაც იქნება აუცილებელი საცხოვრებელი პირობები და დროებით განთავსდნენ ის უსახლკარო პირები, რომელთა გადამისამართება ვერ მოხერხდება ზემოხსენებულ თავშესაფრებსა და საცხოვრისებში.

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ის 188 შემთხვევა, მათგან 2 ადამიანი გარდაიცვალა.

6 აპრილის 14 საათის მონაცემებით, 188-დან 36 უკვე გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386.

XS
SM
MD
LG