სულ სხვანაირად ვაპირებდი ამ ტექსტის დაწერას, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ერთ ჩემთვის უცნობ და თავისებურ ადამიანს ვესაუბრე ტელეფონით და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი საყოველთაო ჭეშმარიტებაში, რომ კრიზისი მრავალ პრობლემათა ერთდროულად თავმოყრას ნიშნავს და არავითარ შემთხვევაში - მხოლოდ ერთი პრობლემის არსებობას.
კრიზისი პრობლემურ გამოცდათა წინაშე აღმოჩენას გულისხმობს.
გამოცდა ტყუილად არ მიხსენებია, რადგან რაც ამ კაცმა მომიყვა, სწორედ იმ დილემას აღწერს, როცა ადამიანი მაინც და მაინც კრიზისის დროს აღმოჩნდება ხოლმე უმნიშვნელოვანესი არჩევანის წინაშე: ამ შემთხვევაში კი, ეკლესიური ადამიანი, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - მოძღვარს დაუჯეროს და ყბადაღებული (ყბისდამღები) საერთო კოვზით ეზიაროს თუ სოციალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინოს?
ამ ადამიანის ნაამბობით გავაცნობიერე, რომ მას არა იმდენად რელიგიური წესის დაცვა, რამდენადაც უფრო სამრევლოსა და მოძღვრის მიმართ ერთგულების დამადასტურებელი გამოცდის ჩაბარება დაუსახავს შინაგან მიზნად: ის ტაძარში წასულა, ზიარებულა - როგორც თავად თქვა (და ეს ისე უქნია, როგორც წესი და რიგია) და შემდეგ, ობიექტურად დაძაბული და არცთუ მსუბუქად შეშინებული, სრულიად მარტო ჩაკეტილა სახლში - ოჯახის წევრებისგან განცალკევებით, რაკი ამის შესაძლებლობა ჰქონია. და ახლა თურმე მეორე კვირაა ასე ზის.
ამრიგად, მისი აღქმით, მოძღვრისა და მრევლის წინაშეც მოიხადა ვალი (რომლებიც, ცხადად თუ შეფარვით, აუცილებლად შეამოწმებენ ერთმანეთს, ვის უფრო მეტად შეეშინდა ეკლესიის "კარის ამომკეტავი" ვირუსის და ვის უფრო მტკიცე ჰქონია რწმენა) და, ამავდროულად, როგორც შეძლო, კანონიც დაიცვა - მას შემდეგ, რაც საკუთარ თავს თუ სხვებს დაუმტკიცა, რომ არ შეეშინდა...
ცხადია, ამ შემთხვევაში მე არ და ვერც შევეხები ზოგადად რწმენის საკითხებს, რადგან ეს უაღრესად ინტიმური და დელიკატური თემაა, და არც იმ თითქოსდა მარტივ აზრს გავიმეორებ, რომ ახლა - ისევე, როგორც ყოველთვის - ჭეშმარიტი რელიგიურობა სწორედ სხვაზე ზრუნვაა, და არავითარ შემთხვევაში ეგოცენტრულ-ჯიბრიანი გულგრილობა სხვათა მიმართ - როცა "სულის გადარჩენის მიზნით" შესაძლოა საკუთარი თავიც დაღუპო ფიზიკურად და სხვაც, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი სწორედ ეს უაზრო და, გავბედავ, ვთქვა, ღრმად არაქრისტიანული გამოცდაა, რომლის წინაშეც ეს ადამიანი აღმოჩნდა და ვისაც სინამდვილეში არავინ უფრთხილდება, ვინც განწირულია, რომ მარტომ, ბრმად, შიშით და დაბნეულობით დათრგუნულმა გადადგას სარისკო ნაბიჯი...
საპატრიარქო არათუ არ უფრთხილდება ადამიანს, არამედ პირიქით, სცდის კიდეც მას, რადგან ეკლესიური ადამიანი მისთვის არა რწმენის, არამედ ძალაუფლების გამოცდის ინსტრუმენტია, რადგან აქ რომ რწმენის საკითხი იყოს არსობრივი და არა ძალაუფლება (რაც ყოველთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია საქართველოში), ცალკეული სასულიერო პირებისა თუ სხვადასხვა ეკლესიების მსგავსად, აუცილებლად გამოძებნიდა ღირსეულ და სწორედ სულიერ გამოსავალს, რადგან ქრისტიანობა არ არის ფეტიშიზმი, ეს არაა კოვზის, დაკლული ცხვრის და რაიმე საგნის რწმენა, სადაც თურმე ფორმაა გადამწყვეტი და არა შინაარსი, არა იდეა, არამედ დოგმა, და სადაც თურმე მთავარი კოვზმადიდებლობა ყოფილა, რაც ეროვნული "საეკლესიო" თვითმადიდებლობის კიდევ ერთ არაჰუმანურ სიმბოლოდ იქცა ამ დღეებში...
ადამიანს არ უფრთხილდება არც სახელმწიფო, რომელიც არამკაფიოა თავის სიმტკიცეში კანონის დაცვის და აღსრულების კუთხით, რადგან უკვე ათწლეულებია თვალთმაქცურ "ქორწინებაშია" შესული სახელმწიფოსთან მოვაჭრე "სასულიერო ინსტიტუციასთან", რომელიც, ამ სახელმწიფოსივე არ იყოს, არასდროს არის ადამიანის მხარეს და ყოველთვის ადამიანს სწირავს თავისი ძალაუფლებისა თუ ხელისუფლების სასარგებლოდ... ხოლო ეს ტრადიცია ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან იღებს სათავეს!
"არა გამოსცადო უფალი შენი", ეს სიტყვები ბევრს გაახსენდა სახარებიდან, და ახლა მართლაც ისე ჩანს, თითქოს ღმერთიც კოვზამდე უნდა დავიდეს, რაკი ჩვენს ზოგიერთ საეკლესიო კერპთაყვანისმცემელს არ უყვარს აზროვნება, მაგრამ სინამდვილეში ისინი ისევ და ისევ ადამიანს სცდიან, მეტიც, საცდურად ქცეულან მისთვის, რათა არავის ეგონოს, არავის დაავიწყდეს, ვინ არის ამ ქვეყანაში ნამდვილი უფროსი!
და რაც მეტი დაეჭვდება ამ უტყუარ მოცემულობაში, მით უფრო მეტად გაჯიუტდებიან და ჯიბრში ჩაუდგებიან მათი უპასუხისმგებლობით გაოგნებულ ადამიანებს.
ოღონდ შემდეგ, თუკი კანონი არ იქნება დაცული და მართლაც რეალური საშიშროების (პატრიარქის ცნობილი სიტყვებია) გავრცელების ერთ-ერთ კერად იქცევა ეკლესია, ამასაც მრევლის წევრობასა და მოქალაქეობას შორის გაჭედილ საბრალო ადამიანს დააბრალებენ - ჩვენ ხომ არ ვაიძულეთ, თავისი ფეხით მოვიდაო, და ბოლოს, ტრადიციულად, ისევ ღმერთს მოიხმობენ მთავარ პასუხისმგებლად: ესეც არა ჩვენი, არამედ მისი ნება იყოო...
დამნაშავე ხომ ყოველთვის სხვაა.