Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტები თბილისშია


ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის არჩილ კალანდიას ინფორმაციით, კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტები თბილისშია.

„სიჩუანის პროვინციის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი, 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების კორონავირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი ტესტები, შესაბამისი აღჭურვილობით და აპარატურით უკვე თბილისშია“, - წერს ელჩი „ფეისბუკზე“.

საჩუქრის გარდა ჯანდაცვის სამინისტრო ყიდულობს სწრაფ ტესტებს. ერთი ცალი სწრაფი ტესტის ყიდვა მას 5,5 დოლარი უჯდება. სახელმწიფომ ჩინეთში წარმოებულ ტესტებზე (Shenzhen Bioeasy Biotechnology) შეაჩერა ყურადღება და ხელშეკრულებაც გააფორმა.

დოკუმენტით, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, დგინდება, რომ საქართველოს მთავრობას 215 ათასი ე.წ. სწრაფი ტესტი, ტრანსპორტირების გარეშე, ჯამში 1 182 500 დოლარი უჯდება.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწრაფი ტესტებით პირველ რიგში მარნეულის მკვიდრებს გამოიკვლევენ. მინისტრი იმედოვნებს, რომ სწრაფი ტესტირება რეგიონში ეპიდემიის სწრაფ გავრცელებას შეაკავებს.

25 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით 73 ადამიანია დაინფიცირებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა - 10.

21 მარტიდან ქვეყანაში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო ზონაა შექმნილი.

XS
SM
MD
LG