Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამწეოდ მოყვასისა


1897 წლის „ივერიის“ 71-ე ნომერში გამომცემელ-რედაქტორ ილია ჭავჭავაძეს „გასართობად“ მოტანილი აქვს „ამ დროის ათი მცნება“, შედგენილი გასაგებია რომელი ტექსტის მიბაძვითაც.

„მე, ესე იგი, ფული, ვარ სალოცავი შენი და არა იყვნენ შენდა სალოცავნი სხვასა ჩემსა გარეშე“ - ასეთია ამ არაკანონიკური ტექსტის პირველი მცნება, ყველა მომდევნო ცხრაც ფულზეა, თუმცა მცნებათა შორის გამორჩეულია მესამე:

„არა მიიღო ზანდუკი ფულისა შენისა სამწეოდ მოყვასისა შენისა“.

ცხადია, ეს მცნებები უკუღმა, საწინააღმდეგო მნიშვნელობით უნდა გავიგოთ: სწორედაც რომ სამწეოდ, საქველმოქმედოდ უნდა მივიღოთ „ზანდუკი ფულისა“, თუმცა აქვე ისიც ვთქვათ, რომ ქველმოქმედება, როგორც ადამიანური თანაგრძნობის ან სოლიდარობის გამოხატულება, მხოლოდ ნებაყოფლობითი შეიძლება იყო. იძულებითი ან ანგარებიანი თანაგრძნობა, ცხადია, ქველმოქმედება არ არის.

ქველმოქმედი შეიძლება იყოს როგორც მდიდარი, ასევე ნაკლებად მდიდარი ადამიანი. საქართველო ღარიბი ქვეყანაა, იმდენად ღარიბი, რომ ცალკე აღებული ერთი მოქალაქეც კი შეიძლება იყოს მასზე მდიდარი და თავის ჭკუაზე ატარებდეს მას.

საქართველო კიდევ უფრო მეტად გაღარიბდება კორონავირუსის ეპიდემიის გამო, გაღარიბდება ხვალვე, რადგან ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე ხალხმა უკვე დაკარგა სამსახური; უკვე დაიკეტა მცირე ბიზნესის დიდი ნაწილი; ათასობით ადამიანი უკვე გაუშვეს ე.წ. „უხელფასო შვებულებაში“ დიდმა და შედარებით დიდმა კომპანიებმა.

ამიტომ დღეს, და არა ხვალ, არის ქველმოქმედების დრო - ნამდვილი, ნებაყოფლობითი თანაგრძნობისა და სოლიდარობის დრო. გასაგებია, რომ მდიდარი ადამიანებიც ჰკარგავენ შემოსავალს, მათაც გადასარჩენი აქვთ თავიანთი ბიზნესი და შემოსავალი, მაგრამ მათ ასევე უნდა იფიქრონ თავიანთი კომპანიების თანამშრომლებზე, რომელთა შრომითა და უნარ-ჩვევებით საზრდოობდნენ მრავალი წლის განმავლობაში და დიდწილად მათი შრომით შექმნილი ქონების გადარჩენაზე უწევთ ახლა ზრუნვა.

„უხელფასო შვებულება“ - შიმშილისთვის და სიკვდილისთვის გაწირვის ევფემიზმია დღეს და ვერავინ დაიმშვიდებს თავს იმით, რომ საშინელი მდგომარეობის აღმწერ ამ სიტყვათშეთანხმებაში, ერთი შეხედვით, უწყინარი სიტყვა - „შვებულება“ ურევია.

ცხადია, ასეთი ქველმოქმედება მარტივი არ იქნება, მით უფრო, რომ არ გვაქვს ნამდვილი ქველმოქმედების ხანგრძლივი ტრადიცია. იმ დიდ სახელებს შორისაც კი, რომლებიც ისტორიას ძირითადად ქველმოქმედების (უფრო მეტად კი მეცენატობის) წყალობით შემორჩნენ, ნამდვილი ქველმოქმედი ერთი-ორი თუ ერია.

„ეგ ცოტა მდუნე კაცია და კარგი ჩიჩინი უნდა. ეცადე კარგად მოელაპარაკე შენებურად, ეგებ რამე გააკეთოს“, - წერდა პეტრე უმიკაშვილი ნიკო ღოღობერიძეს ერთ ქართველ მეწარმეზე, რომლის გვარი ცნობილი იყო როგორც სიმდიდრით, ასევე ქველმოქმედებით, - „ცოტა რბილი ლაპარაკის შუა სუსხადაც რომ ელაპარაკო, ცუდი არ იქნება. ჯანდაბას მაგის თავი, რაკი ურგებელი კაცია. მე რომ ვიყო, წავეჩხუბებოდი კიდეცა, გამოვლანძღავდი და მოვშორდებოდი. მკვდარი კაცია, მაგისთანასთვის ხანდახან სუსხია საჭირო. თუ ნახო, ჩემ მაგიერ უთხარი, ადრე ფული არ გქონდა, ახლა ხომ გაქ თქო...“

ცხადია, ასეთი „მიწოლით“ გაღებული თანხა ქველმოქმედება ვერ იქნება, რადგან ქველმოქმედება, როგორც უკვე ვთქვით, მხოლოდ ნებაყოფლობითი თანაგრძნობისა და სოლიდარობის გამოხატულება შეიძლება იყოს. ასეთ „მიწოლ-მოწოლაში“ მონაწილე ვერცერთი მხარე ვერ გამოიყურება ღირსეულად: ერთი გამომძალველს (დამნაშავეს) ჰგავს, მეორე-ძალადობის მსხვერპლს ან ფულის უსულო ტომარას, ჩვენ კი ნამდვილ ქველმოქმედებაზე ვსაუბრობთ, სრულიად ნებაყოფლობითზე, მხოლოდ ჰუმანიზმით, ადამიანის სიყვარულით რომ არის ნაკარნახები და, ხშირ შემთხვევაში, გმირობას რომ უტოლდება; თვითონ რომ მოიკლებს და სხვას რომ გაუნაწილებს; რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს რომ დადებს სასწორზე, მაგრამ დადებს სასიკვდილო განსაცდელში მყოფთა გადასარჩენად...

ალბათ, იშვიათია ადამიანი, ვისაც ყურმოკვრით მაინც არ სმენია გერმანელი მრეწველის, ოსკარ შინდლერის (Oskar Schindler) ისტორია, რომელმაც 1200-მდე ადამიანი გადაარჩინა დიდი რისკის ფასად.

შედარებით ნაკლებადაა ცნობილი კიდევ ერთი გერმანელი, ადვოკატი ჰანს კალმაიერი (Hans Georg Calmeyer), რომელმაც ბევრად მეტ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე ნაცისტურ გერმანიაში და, ცხადია, შეუნარჩუნა რისკის ფასად.

დღეს ყველა დამსაქმებელი, დიდი თუ პატარა - მილიარდერი, მილიონერი და ა.შ.; ყველა ფინანსისტი, ბანკირი, მეწარმე, სამშენებლო კომპანიის, რესტორნის და სხვ. მფლობელი ნამდვილი გმირი იქნება, თუკი შეძლებს (მოახერხებს) თანამშრომლებისთვის სრული ხელფასის, ნახევარი ხელფასის, მესამედი ხელფასის გარკვეული დროით შენარჩუნებას. ეს იქნება შინდლერის, კალმაიერის ტოლფასი გმირობა, რადგან ახლაც ადამიანების ყოფნა-არყოფნაზეა საუბარი ისევე როგორც ადამიანების სიცოცხლე იდო სასწორზე 80-70 წლის წინაც, ნაცისტურ გერმანიაში, მეორე მსოფლიო ომის დროს. და განა ახლაც ომი არ არის? განა, ახლაც არ იხოცება ხალხი?

ცხადია, იხოცება! იხოცება ვირუსის გამო, მაგრამ არა მხოლოდ COVID-19-ის, სიღარიბის ვირუსის გამოც და კაცმა არ იცის, ვიდრე ყველაფერი გადაივლის, რომელი ვირუსი უფრო მეტს დახოცავს.

ცუდი, საშინელი დროა, მაგრამ იმავდროულად ყველაზე დიდი კაპიტალის - მორალური კაპიტალის დაგროვების დროც არის!

დიდებულს იმას ვეძახი,
ვინც ანგარიშის გარეთა
ქვეყნის ჭირსა და ვარამზე
დაიქვითინებს მწარედა.

ეს არ არის ვაჟა-ფშაველას ყველაზე კარგი ლექსის ფრაგმენტი, თუმცა ზუსტად გამოხატავს „დიდებული ადამიანის“ „ანგარიშის გარეთა“ ბუნებას. ცხადია, ეკონომიკაში ბოლომდე „ანგარიშის გარეთა დაქვითინება“ არ გამოვა, მაგრამ ვინც შესაძლებლის ფარგლებში, თუნდაც შესაძლებლის ზღვარზე, თუნდაც ორი-სამი თვით შეძლებს, უთუოდ დიდებული ვინმე იქნება.

დღეს რომ გაზეთი „ივერია“ გამოდიოდეს და მისი „რედაქტორ-გამომცემელი“ რომ ჩვენთვის ადგენდეს „უკუღმა ნათქვამ“ მცნებებს, პირველი უთუოდ ასეთი იქნებოდა:„არა კაც ჰკლა! ეცადე მხოლოდ უხელფასოსა შინა გაუშვა!“ - და მისი ეს, საგანგებოდ უკუღმა ნათქვამი მცნება, პირველ რიგში, მიმართული იქნებოდა მთავრობისადმი, ქვეყნის ყველაზე დიდი დამსაქმებელისადმი, რომელიც იმავდროულად სხვა დამსაქმებლებსაც უდგენს თამაშის წესებს. სწორედ მთავრობას აქვს გასაკეთებელი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანი - დადგეს თანამედროვე შინდლერებისა და კალმაიერების მხარეს და ხელი შეუწყოს მათ გამრავლებას თუ იმოქმედოს მათ წინააღმდეგ. ოღონდაც ვითარების უკიდურესი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ სწორი არჩევანი სიქველის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა!..

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG