მართალია, COVID-2019-ის აფეთქებას ჯერჯერობით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გლობალური პანდემიის სტატუსი არ აქვს მინიჭებული, მაგრამ მან უკვე მნიშვნელოვნად შეცვალა ზოგიერთი ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრება. 8 მარტის მონაცემებით, ვირუსით მსოფლიო მასშტაბით 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. აქედან 3656 გარდაიცვალა. ეს სიკვდილიანობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია (3,4%). შედარებისთვის, სეზონური გრიპის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1 %-ზე ბევრად ნაკლებია. სეზონური გრიპისგან განსხვავებით, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გამოგონილი არ არის.
კოლექტიურ ცნობიერებაში კვლავაც ცოცხალია 2009 წლის „ღოპის გრიპის“ პანდემია. ამ პანდემიას, აშშ-ს დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, მსოფლიოში 151 700 – 575 400 ადამიანი ემსხვერპლა. მისი სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 0,01 % იყო. შედარებისთვის, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელმა ვირუსმა, „ისპანკამ“ 1918-1919 წლებში 50 მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა. იქიდან გამომდინარე, რომ ახალი კორონავირუსის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცით და მისი საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს, ეპიდემიით დაზარალებული ქვეყნები ცდილობენ COVID-2019-ის გავრცელების შესაჩერებლად მკაცრი ზომები მიიღონ. არსებობს იმის საფრთხე, რომ შესაძლოა საქმე მომავალ მსოფლიო პანდემიასთან გვქონდეს. ბუნებრივია, ამის თავიდან ასარიდებლად ყველა ქვეყანამ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას.
ყველაზე მკაცრ ზომებს იმ ქვეყნებში იღებენ, სადაც ვირუსის სწრაფად გავრცელების შანსი განსაკუთრებით მაღალია. მაგალითად, 8 მარტს იტალიის მთავრობამ ჩრდილოეთ იტალიაში 16 მილიონი ადამიანი კარანტინის ზონაში მოათავსა. აფეთქების საწყის ეპიცენტრში - ჩინეთის ქალაქ უჰანში - განსაკუთრებით მკაცრი კარანტინია დაწესებული, რომელმაც ერთი კვლევის მიხედვით, ვირუსის გავრცელება საგრძნობლად შეაფერხა. ასევე, მკაცრი ზომებია მიღებული ჰონგ-კონგში - ქალაქში, რომელმაც მძიმედ გადაიტანა 2002-2003 წლების მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS) ეპიდემია. 8 მარტის მონაცემებით, ვირუსი უკვე 100-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
საქართველოში კორონავირუსი 15 პაციენტს დაუდასტურდა. იმან, რომ ჯერჯერობით, ინფიცირების ოფიციალურად დადასტურებული რაოდენობა მცირეა, მოდუნების საშუალება არ უნდა მოგვცეს. ქვეყნებმა, რომლებმაც კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი ზომები მიიღეს, მტკივნეული პოლიტიკური არჩევანი გააკეთეს. ბუნებრივია, საკარანტინო ზომების მიღება ადგილობრივ ეკონომიკას (და, საბოლოო ჯამში, გლობალურ ეკონომიკას) აზარალებს. მაგალითად, არსებობს იმის შიში, რომ ისედაც შესუსტებული იტალიის ეკონომიკა შესაძლოა რეცესიის ფაზაში შევიდეს აქედან გამომდინარე, ევროპის დანარჩენი ქვეყნები იტალიის გამოცდილებას შიშით შეჰყურებენ. ისინი უარესის მოლოდინში ვირუსის გავრცელების შესაკავებლად ემზადებიან.
საქართველო, რომელიც ვირუსის აფეთქების ერთ-ერთ ცენტრთან - ირანთან საკმაოდ ახლოს არის და რომელმაც იტალიასთან ფრენები სულ ახლახან შეწყვიტა, ყურადღებით უნდა იყოს. მტკივნეული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება შესაძლოა ჩვენც მოგვიწიოს. ამისათვის კი წინასწარ უნდა მოვემზადოთ.
მაგალითად, უნდა მოვიფიქროთ ის, თუ რას ვიზამთ იმ შემთხვევაში, თუკი სკოლებში და უნივერსიტეტებში სწავლის გადადება დიდი ხნით მოგვიწევს. ზოგიერთი უნივერსიტეტი შედარებით ნაკლები რისკის მქონე ქვეყნებშიც კი დროებით ონლაინ სწავლებაზე გადადის. მაგალითად, ვაშინგტონის უნივერსიტეტი აშშ-ში სტუდენტებს უკვე სთავაზობს ონლაინ კურსებს გაზაფხულის სემესტრისთვის. რა უნდა მოვუხერხოთ საშუალო სკოლებს, სადაც ასეთი „ციფრული გამოსავლის“ პოვნა შედარებით რთულია? ამერიკაში ზოგიერთმა სკოლამ ასევე ონლაინ სწავლებაზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ცვლილებებთან შეგუება შეიძლება მოუწიოთ ბიზნესის სექტორშიც. მაიკროსოფტი, გუგლი, ფეისბუკი და ტვიტერი საკუთარ დასაქმებულებს მოუწოდებენ, სახლიდან იმუშაონ. ამავე დროს, ისინი საათობრივ ანაზღაურებაზე მყოფ მუშებს ძველი საათობრივი დატვირთვის მიხედვით გადაუხდიან ხელფასს. ცხადია, ყველა კომპანიას მსგავსი ზომების მიღების ფუფუნება არ აქვს, მაგრამ მათ, ვისაც ამისი გაკეთება შეუძლიათ, უკვე უნდა იფიქრონ იმაზე, თუ რა ზომებს მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუკი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება.
სახელმწიფომ თავის მხრივ უნდა იფიქროს იმაზე, რომ კრიტიკულ ვითარებაში არ შეიქმნას სიცოცხლისთვის საჭირო პროდუქციის დეფიციტი. ჩვენნაირი იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნები, სადაც ადგილობრივი წარმოება სუსტია, ამ შემთხვევაში განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგანან. პანიკით გამოწვეულმა ყიდვამ ზოგიერთ ქვეყანაში უკვე უცნაური პრობლემები შექმნა - მაგალითად, ავსტრალიაში კრიზისის მოლოდინში აქტიურად ყიდულობენ ტუალეტის ქაღალდს.
იმისათვის, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს გავუმკლავდეთ, საჭიროა დავიცვათ ბალანსი - არ უნდა მივიღოთ არც ძალიან მკაცრი, ეკონომიკისთვის საზიანო ნაადრევი ზომები და არც ზედმეტად უმოქმედოდ არ უნდა ვისხდეთ. საჭიროა თანმიმდევრული და ფრთხილი მოქმედება. ხელისუფლება, საგანმანთლებლო დაწესებულებები და ბიზნესები მენტალურად უნდა მოემზადონ საგანგებო ვითარებისთვის, რომელიც შეიძლება არც არასდროს დადგეს. თუკი შესაძლო კრიზისს მოუმზადებლები შევხვდებით, ეს ადამიანების სიცოცხლეს და ქვეყნის ეკონომიკას მძიმე დარტყმას მიაყენებს.