საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განმარტება, თუ ვინ ექვემდებარება ქვეყნის საზღვრებზე სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას.
საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში უზრუნველყოფს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმებას და საქართველოში მათი განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას.
ამ დროისთვის მაღალი რისკის ქვეყნებად განსაზღვრულია ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია. ასევე, რისკ-ჯგუფად განისაზღვრა ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რისკის ზონად ნომინირებულ სახელმწიფოებში.
შსს-ს ინფორმაციით, 24-საათიან რეჟიმში ამოწმებენ ამ ქვეყნებიდან შემომავალ მგზავრებს და ასევე, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ამ სახელმწიფოებში.
მგზავრთა ინტენსიური შემოწმება მიმდინარეობს სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სადახლო“, „სარფი“ და „დარიალი“. ასევე, საჰაერო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში - საქართველოს სამივე აეროპორტში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ამ პუნქტებში მუდმივად მორიგეობს სამედიცინო პერსონალი.
შსს-ს განცხადებით, ამ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მესაზღვრის მიერ ხდება ქვეყანაში შემომსვლელი მგზავრის რისკის პირველადი შეფასება, მისი მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე და საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე მყოფ მორიგე ექიმთან გადამისამართება.
რაც შეეხება სხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტებს, მესაზღვრის მიერ რისკის დაფიქსირების შემთხვევაში ხდება სამედიცინო ბრიგადის გამოძახება, რომელიც ამოწმებს მგზავრს და შედეგის მიხედვით ტარდება შესაბამისი პროცედურები.
თუ საქართველოში შემომსვლელი მგზავრი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოფიციალურად განსაზღვრულ რისკ-ჯგუფის ქვეყანაში, მისი სავალდებულო სამედიცინო შემოწმება არ ხდება.
შსს-ს ცნობითვე, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების მიზნით, ჟურნალისტებს შეეზღუდათ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში თავისუფალი გადაადგილება.
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში შემოდის 25-დან 30 ათასამდე მოქალაქე.