Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პრემია“ გთავაზობთ საუბარს ყველაზე პრესტიჟულ ლიტერატურულ პრემიაზე, ნობელის პრემიაზე, და მის 2019 წლის ლაურეატზე, სკანდალურად სახელგანთქმულ ავსტრიელ მწერალ პეტერ ჰანდკეზე. ბოლო ხანებში სკანდალი ნობელის პრემიის ხშირი თანამდევი გახდა. ჯერ იყო და, პრემია მიენიჭა შესანიშნავ მომღერალსა და მშვენიერ პოეტს, ბობ დილანს, რამაც ლიტერატურულ წრეებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. შემდეგ ნობელის პრემია საერთოდ არ გაიცა სექსუალური სკანდალის გამო და სულ ბოლოს ერთბაშად ორი პრემია გაიცა 2018 და 2019 წლებისა. საბოლოოდ, 2019 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა პეტერ ჰანდკე და აგორდა ახალი სკანდალი. საქმე ისაა, რომ ეს შესანიშნავი მწერალი ცნობილია იმით, რომ მხარს უჭერდა სლობოდან მილოშევიჩს და სიტყვაც კი წარმოთქვა მის დაკრძალვაზე. ფაქტობრივად, განმეორდა ძველი ამბავი, როდესაც ნობელის პრემიის ლაურეატი კნუტ ჰამსუნი ლამის საფლავში ჩაჰყვა ადოლფ ჰიტლერს, თუმცა ჰამსუნი ჯერ ლაურეატი გახდა და წლების შემდეგ დაუჭირა ნაციონალ-სოციალისტებს მხარი, ხოლო ჰანდკემ ჯერ მილოშევიჩი დაიტირა და პრემია მხოლოდ შემდეგ გადაეცა. ხუთმა ქვეყანამ, ოთხმა აღიარებულმა და ერთმა სანახევროდ აღიარეულმა, კოსოვომ, ამასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტმა ნობელის პრემიაზე უარიც კი განაცხადა, რომელიც მისთვის არც მიუნიჭებიათ და არც არასოდეს მიანიჭებენ. რა მწერალია ჰანდკე; რა არის თანამედროვე ავანგარდიზმი, რომელსაც იგი წარმოადგენს; რა შედეგი მოჰყვა ამ პროზიკოსისა და დრამატურგის მეგობრობას სახელგანთქმულ კინორეჟისორ ვიმ ვენდერსთან; რა რომანია „მეკარის შიში თერთმეტმეტრიანის წინაშე“, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

XS
SM
MD
LG