Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვის გაყიდვის ბრალდებით დაკავებულია მისი დედა და კიდევ 6 პირი


საქართველოში დაკავებულია შვიდი პირი, რომლებსაც ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით, არასრულწლოვნით ვაჭრობა - ტრეფიკინგი. ბრალდებულები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

დაკავებულთა შორის არიან ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმი. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული წარსულში ამავე სახის დანაშაულისთვის ნასამართლევი პირია.

გამოძიების ინფორმაციით, „ბრალდებულებმა პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ. ბრალდებულებმა დანაშაულებრივი განზრახვით მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც სანაცვლოდ მოთხოვეს 13 000 აშშ დოლარი. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ბავშვის დედა ფეხმძიმობის პერიოდში, შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს დარეგისტრირდა სხვა პირის გვარ-სახელით“.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მისმა თანამშრომლებმა 6 თებერვალს, ახალშობილის გაყიდვის შემდეგ დააკავეს დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი. ახალშობილი დროებით მეთვალყურეობაში გადასცეს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს.

სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს ტრეფიკინგის მუხლით. ბრალდებულებს 14-დან 17-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

XS
SM
MD
LG