პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებიან.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ისინი ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან.
კახა კალაძის თქმით, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან რეფორმებზე, ასევე, საუბარი შეეხება არსებულ პოლიტიკურ პროცესებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს.
„შეხვედრები გვექნება ევროპარლამენტარებთან და მივაწვდით ინფორმაციას რეფორმებთან დაკავშირებით, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულებები აქვს აღებული, რომელსაც თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ. რასაკვირველია, ძალიან დიდი ყურადღებაა 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება საარჩევნო გარემო. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნები ჩატარდება მშვიდობიან გარემოში, აუცილებლად იქნება გამჭვირვალე და ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცემა შესაძლებლობა, წარმოადგინოს თავისი ხედვა და გააცნოს მოსახლეობას, აწარმოოს საარჩევნო კამპანია“, - ამბობს კალაძე.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ვიზიტის მიზანია ურთიერთობების გაღრმავება.
„საუბარი გვექნება შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც წარიმართება საქართველოში. გვინდა, გავაღრმავოთ თანამშრომლობა, ურთიერთობები და ესეც იქნება, ბუნებრივია, ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საგანი. მაქვს საინტერესო შეხვედრების მოლოდინი, რასაც მოჰყვება პოზიტიური შედეგი,”- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.