საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, პროექტში „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ მთავრობას ე.წ. რიყის დოქებიც შეაქვს. მთავრობის სხდომის დამთავრების შემდეგ მინისტრმა განაცხადა, რომ შენობის საწყისი ღირებულება 95 მილიონი ლარი იქნება, აუქციონი კი სავარაუდოდ მომავალი კვირიდან დაიწყება:
„ჩვენ სწორედაც ამ გამჭვირვალე აუქციონის გზით შევძლებთ გავტესტოთ რამდენად რელევანტურია ეს ფასი დღევანდელი საბაზრო მოთხოვნების მიმართ. ჩვენი ამოცანაა, რომ ღია საჯარო აუქციონის გზით, ბიზნესთან თანამშრომლობით სწორი გამოყენება ვუპოვოთ „რიყის დოქებს", - აღნიშნა მინისტრმა.
ნათია თურნავას თქმით, პროექტის მშენებლობა, თავის დროზე ძვირი დაჯდა, თუმცა შენობა დღემდე უფუნქციოა. „არადა ეს ობიექტი ძალიან თვალსაჩინო ადგილასაა განთავსებული, არის თბილისის შუაგულში, ჩვენი ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილას“, - მინისტრის განმარტებით, "რიყის დოქების" ფასი სამხარაულის ეროვნულმა ცენტრმა განსაზღვრა.
„სანამ არ გაიმართება აუქციონი, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვიჭირს იმის თქმა, რამდენად ობიექტურია ეს ფასი და რამდენად რელევანტურია დღევანდელი ბიზნესის მოთხოვნების მიმართ. ეს გამოვლინდება მხოლოდ და მხოლოდ აუქციონის დასრულების შემდგომ“, - განაცხადა მინისტრმა. მან იმედი გამოთქვა, რომ მოიძებნება დაინტერესებული ბიზნეს-ჯგუფები.
„რიყის დოქების“ მშენებლობა 2012 წელს დასრულდა. შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანზე ირიცხება. თავდაპირველად იქ ხელოვნების ცენტრი და მუსიკისა და დრამის თეატრი უნდა განთავსებულიყო, მოგვიანებით ხელმოწერები გროვდებოდა შენობაში ღვინის მუზეუმის გახსნის მოთხოვნით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განმარტებით, ბიზნესს მთავრობა ობიექტის დანიშნულებას არ კარნახობს, თუმცა აქცენტს თვითონ „რიყის დოქების“ კომერციულ გამოყენებაზე აკეთებს. მინისტრი ვარაუდობს, რომ შენობა „ცერემონიული ტიპის“ ობიექტი იქნება.