საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ახალი ელჩი უკვე თბილისშია.
„მოგესალმებით საქართველოში, ქალბატონო ელჩო! ჩვენ მოუთმენლად ველით შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გასამტკიცებლად ერთად მუშაობას“, - ნათქვამია საელჩოს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი თეთრმა სახლმა 2019 წლის სექტემბერში წარადგინა, იმავე წლის დეკემბერში კი აშშ-ის სენატმა საბოლოო თანხმობა მისცა მის კანდიდატურას საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე.
17 იანვარს ფიცის დადების ცერემონიალზე კელი დეგნანმა საქართველოსა და ამერიკის იდეალების თანხვედრაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა რუსეთის ოკუპაციას.
„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად შემარჩიეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი. ამერიკის მსგავსად, საქართველომაც იბრძოლა დამოუკიდებლობის მისაღწევად - ეს რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა რუსეთის გამო საფრთხის ქვეშ რჩება“, - აღნიშნა კელი დეგნანმა ფიცის დადების ცერემონიალზე.
კალიფორნიელი კელი დეგნანი კარიერული დიპლომატია, აქვს მრჩეველი-დესპანის სტატუსი, იგი მსახურობდა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად.
მანამდე კელი დეგნანი მუშაობდა იტალიასა და კოსოვოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ.
25-წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში, კელი დეგნანი პოლიტიკურ მრჩევლად საქმიანობდა ნატოში აშშ-ის წარმომადგენლობაში და თურქეთში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. ასევე, იყო ავღანეთში ამერიკული საბრძოლო ბრიგადის სამოქალაქო წარმომადგენელი.
საქართველოში აშშ-ის ელჩი ფილოსოფიის დოქტორია, აქვს ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში. ფლობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ და ურდუს ენებს.
კელი დეგნანი ოფიციალურად აშშ-ის ელჩის მოვალეობის შესრულებას უახლოეს დღეებში, მას შემდეგ შეუდგება, რაც რწმუნებათა სიგელებს გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.