თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში გამჟღავნებული შესაძლო პლაგიატის თავად რექტორის განმარტებას ეხმაურება ამავე უნივერსიტეტის პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი.
„მოვისმინე გიორგი შარვაშიძის ბრიფინგი, რომელმაც ვერცერთ ძირითად შეკითხვას ვერ/არ უპასუხა.
დავწერ იმათთვის (მათ შორის, მედია საშუალებებისთვის), ვინც დაიბნა (ან თავს აჩვენებს, რომ დაიბნა) და ჰგონია, რომ არსებობს ორი უნივერსიტეტის (თსუ-ის და ილიაუნის) ალტერნატიული დასკვნები, რომელთაგან ან არც ერთი არ არის სწორი და სიმართლე სადღაც „შუაშია“, ანდა თსუ-ის დასკვნაა მხოლოდ სწორი“, - აღნიშნავს „ფეისბუკზე“ კაჭკაჭიშვილი.
პროფესორის აზრით, სინამდვილეში, არავითარ ბუნდოვანებასთან არ გვაქვს საქმე. პლაგიატი აშკარაა:
„1. დისერტაციაში არის თავი პირველის 1.1. ქვეთავი (გვ. 18-58) – „უმაღლესი განათლების განვითარების თავისებურებები“ - რომლის (უკეთეს შემთხვევაში, ერთადერთი) ავტორი გია შარვაშიძე არ არის.
2. ანაბანაა: როდესაც რაიმე ტექსტის ავტორი არ ხარ, უნდა დაიმოწმო წყარო, რომელიც ადასტურებს გამოყენებული ტექსტის წარმომავლობას (ავტორი/ავტორები, პირველწყაროს დასახელება, გამომცემელი და გამოცემის წესი და ა.შ.). შარვაშიძის დისერტაციის ამ ქვეთავში არაფერი წერია ტექსტის წარმომავლობის შესახებ. ანუ, რჩება სრული შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული თავის ავტორი დისერტანტია.
3. დისერტაციაში გამოყენებული ტექსტი (1.1. ქვეთავი), ამავე დროს, წარმოადგენს პარლამენტის 2012 წლის დადგენილების განმარტებით ბარათს. შარვაშიძის დამცველები ამბობენ, რომ რადგან ტექსტი იურიდიულ დოკუმენტად გადაიქცა, შარვაშიძეს არ მოეთხოვებოდა დოკუმენტის ავტორ(ებ)ის დასახელებაო. ეს არგუმენტი რომც გავიზიაროთ, დისერტანტს ის ხომ მაინც მოეთხოვებოდა, რომ ეთქვა, ეს 41 გვერდი იურიდიული დოკუმენტიაო? არ უთქვამს! ვერავინ მიხვდება, რომ დისერტაციის პირველი თავის პირველი ქვეთავი იურიდიულ დოკუმენტს წარმოადგენს.
4. პარლამენტის აღნიშნული დადგენილების და მისი მიღების ისტორიის შესახებ წერია დისერტაციის სხვა - 1.2. ქვეთავში („საკანონმდებლო ინიციატივები საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროში“), რომელსაც შემხებლობა არ აქვს 1.1. ქვეთავთან.
5. რომელია პირველწყარო? ესაა 2002 წელს ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ დასტამბული ბროშურა „საქართელოში უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებები“. ეს ბროშურა დისერტანტს ბიბლიოგრაფიაში მოხსენიებული არ აქვს. მეტიც: ბიბლიოგრაფიაში მოხსენიებული არ არის პარლამენტის დადგენილებაც (რომელიც ასევე შეიძლება პირველწყაროდ ჩაითვალოს).
6. დაბოლოს, აბსოლუტურად დაუშვებელია, რომ დისერტაციის მესამედი (!) დაიკავოს დადგენილების განმარტებითმა ბარათმა, როგორც იურიდიულმა დოკუმენტმა. ეს რომ დასაშვები იყოს, აკინძავდა ვინმე რომელიმე კოდექსს და დისერტაციად გაასაღებდა.
თსუ-ის კომისიის პოზიციაა (ცხადია, არაადეკვატური), რომ რადგან დისერტაციის 1.1. ქვეთავი, ანალიტიკურთან ერთად, იურიდიული დოკუმენტია, ის არ მოითხოვს არანაირ მითითებას. ამდენად, ეს ნაწილი კომისიამ გააბათილა და ნულოვანი (თუ 8%-იანი) პლაგიატი მიიღო.
ილიაუნის დასკვნაში კი წერია, რომ დისერტაციაში 34% მოცულობის ტექსტი გამოყენებულია პირველწყაროს მითითების გარეშე. ამიტომ სახეზეა აშკარა პლაგიატი“.
იაგო კაჭკაჭიშვილი მიმართავს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს ქეთევან ხუციშვილს, რომელიც რექტორის ნაშრომში პლაგიატს უარყოფს. „მიმითითოს შეცდომაზე, ან წინააღმდეგობაზე, რომელსაც ჩემი ზემოაღნიშნული არგუმენტაცია შეიცავს“, - წერს კაჭკაჭიშვილი.
თავად გიორგი შარვაშიძემ 22 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მის სადისერტაციო ნაშრომში პლაგიატი არ არის.
„თავისუფლების მონიტორმა“ გასულ წელს მოიძია დოკუმენტები, რომლებიც, ექსპერტების შეფასებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს პლაგიატში ამხელდა. „სადავო 40 გვერდი დისერტაციიდან“ ეთერში 2019 წლის 15 ნოემბერს გავიდა.