Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია შარვაშიძე დისერტაციაზე: შეიძლება იყოს ტექნიკური შეცდომა, მაგრამ ეს არ არის პლაგიატი


გია შარვაშიძე, თსუ-ის რექტორი
გია შარვაშიძე, თსუ-ის რექტორი

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე ამბობს, რომ მის სადისერტაციო ნაშრომში პლაგიატი არ არის. საგანგებო პრესკონფერენციაზე რექტორმა განაცხადა, რომ ეს დაადასტურა ანტიპლაგიატის ორ სისტემამ:

„რამდენიმე მცდელობა გვქონდა იმისა,რომ დაგვედგინა თუ რასთან გვაქვს საქმე. „Turnitin”-ის პროგრამაში გავატარებინეთ ეს დისერტაცია. დამთხვევა ამ დოკუმენტში დაფიქსირდა 8% და ახსნილია, თუ რა არის ეს დამთხვევები. რამოდენიმე ექსპერტი რომელიც ჩვენთან ერთად მუშაობს ამას აწერს ხელს.

„Turnitin”-ის გარდა, არსებობს მეორე, კიდევ ერთი სისტემა „Urkund“. გავატარეთ „Urkund“- ში და მივიღეთ პასუხი, რომ აქ არ დაფიქსირდა პლაგიატი და მნიშვნელოვანი დამთხვევაც არ არის. 0% წერია „Urkund”-ში , - აღნიშნა გია შარვაშიძემ.

მისი თქმით, დისერტაციაში პლაგიატის შესახებ საუბრებში მანიპულაცია იყო ისიც, რომ მან ნაშრომში გამოიყენა ბროშურა. „საუბარია საკანონმდებლო აქტზე, რომელიც ბროშურის ფორმითაა გამოცემული, სინამდვილეში კი საჯარო დოკუმენტია.“, - განაცხადა გია შარვაშიძემ. „დიახ, ეს არის ის დოკუმენტი, რომლის თანაავტორიც ვიყავი და ვიყავი ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, თუმცაღა მითვისება არ მომხდარა, ეს არის საჯარო დოკუმენტი“, - აღნიშნა რექტორმა, რომლის თქმითაც, საავტორო უფლებები საკანონმდებლო აქტებზე არ ვრცელდება:

„რა თქმა უნდა დისერტაციაში არის ნახსენები დოკუმენტი, თუმცა აქ საუბარია იმაზე, არის თუ არა სქოლიოში ჩამოტანილი. ეს არის აბსოლუტურად ტექნიკური საკითხი. არის ნახსენები. სქოლიოში არ არისო, მაგაზეა საუბარი. შეიძლება იყოს ტექნიკური შეცდომა, კი ბატონო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის პლაგიატი“, - აღნიშნა გია შარვაშიძემ.

მან კომენტარი გააკეთა ასევე პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილისადმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მიწერილი წერილის შინაარსზე. „ფეისბუკში“ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი წერდა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გია შარვაშიძის დისერტაციაში დაადასტურა პლაგიატი 34 % - ის მოცულობით. გია შარვაშიძე ამბობს, რომ არ იცის რას ნიშნავს ეს 34%:

„ის დოკუმენტი, რაზეც აპელირება ხდება, მე არ მინახავს. მე ვნახე მხოლოდ ფეისბუკპოსტები. სოციალური ქსელებით ამ საკითხის გარჩევა არ არის სწორი, არსებობს უფრო აკადემიური გარემო, სადაც ასეთი საკითხები ირჩევა“, - აღნიშნა გია შარვაშიძემ. იგი ამბობს, რომ საჭიროა ეს მონაცემები ჩაშლილი სახით ნახოს.

რექტორი მიიჩნევს, რომ მის დისერტაციაში პლაგიატის შესახებ საუბარი თსუ-ის რეპუტაციის შელახვისკენაა მიმართული. გია შარვაშიძე მოუწოდებს მათ, ვინც თვლის რომ საავტორო უფლებები დაერღვა, სასამართლოს მიმართოს.

„დიდი სიამოვნებით დავიცავ ჩემს პოზიციას სასამართლოში. სამართლებრივი გზა ამ სიტუაციაში არის ყველაზე სწორი გამოსავალი“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე.

ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილმა 21 იანვარს განაცხადა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიიღო ოფიციალური წერილი, რომელშიც წერია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში პლაგიატი ნაშრომის 34 %-ის მოცულობითაა დადასტურებული.

„თავისუფლების მონიტორმა“ გასულ წელს მოიძია დოკუმენტები, რომლებიც, ექსპერტების შეფასებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს პლაგიატში ამხელდა. „სადავო 40 გვერდი დისერტაციიდან“ ეთერში 2019 წლის 15 ნოემბერს გავიდა.

„გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება აღნიშნული ბროშურის („სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“, ი.კ) ძირითადი ტექსტი (სატიტულო გვერდისა და მესამე გვერდის გარეშე), რაც წარმოადგენს დისერტაციის 34%-ს. აღნიშნული ბროშურის ტექსტი დისერტაციაში გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე. გამოვლენილი ვითარება შეესაბამება პლაგიატის განსაზღვრებას“, - წერია ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც პროფესორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა მიიღო ილიას უნივერსიტეტიდან მისივე მოთხოვნის საფუძველზე.

სადისერტაციო ნაშრომის შესახებ საექსპერტო დასკვნის შინაარსი რადიო თავისუფლებასთან დაადასტურა ილიას სახელობის უნივერსიტეტმაც.

გიორგი შარვაშიძემ დისერტაცია 2003 წელს დაიცვა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, რომლის სამართალმემკვიდრე დღეს ილიას უნივერსიტეტია.

XS
SM
MD
LG