ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევიდან ორი მეათეკლასელი მოსწავლე ქვეშის სკოლაში ყველაზე ადრე მივიდა. ისინი დილაადრიან ადგნენ და, რუსეთის საოკუპაციო პატრულის გვერდის ავლით, ქართულ სოფელში შემოვლითი გზით ჩავიდნენ. ამ ბავშვებისთვის ყოველი დღე საფრთხის შემცველია.
ყოფილა შემთხვევები, როცა მოსწავლეები საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა შეაჩერეს და ქართულ სოფელში გადასვლა აუკრძალეს, მაგრამ არცეველი მოსწავლეები ყოველთვის პოულობდნენ ახალ გზებს სკოლამდე მისაღწევად.
„როცა მკაცრი პატრულირებაა რუსების მხრიდან, თავს იკავებენ რომ გამოვიდნენ სახლიდან. როდესაც შედარებით მსუბუქი პატრულირებაა, ახერხებენ სკოლამდე მოსვლას. ზემო არცევიდან ადგილობრივი მოსახლეობის ბაღებით გადმოდიან, არ უნდათ რომ ცენტრალური გზით იარონ, შემოვლით გზაში ეს იგულისხმება“,- გვეუბნება სკოლის დირექტორი ლელა ბიბილური.
საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვეშში სკოლა, რომელშიც ახლა 247 ბავშვი სწავლობს, ორი წლის წინ დაიხურა. შენობა მძიმე მდგომარეობაში იყო და მოსწავლეები მეზობელი სოფლის სკოლაში მეორე ცვლაში გადაიყვანეს. სწორედ ეს იყო არცეველი მოსწავლეებისთვის ყველაზე რთული პერიოდი, რადგან სახლში დაბრუნება მავთულხლართების გავლით ღამით უწევდათ.
ქვეშის სკოლა ამერიკის მთავრობის ფინანსური დახმარებით შეკეთდა და თანამედროვე სტანდარტების შენობად იქცა. ორწლიანი პაუზის შემდეგ 15 იანვარს მოსწავლეები პირველად შევიდნენ კლასებში.
გიული ბეთლემიშვილი ქვეშის სკოლის ქართული ლიტერატურის პედაგოგია. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ის იხსენებს დროს, როცა ამ სკოლის მერხებთან ქართველი და ოსი მოსწავლეები ერთად ისხდნენ. ომის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა: ჩაიკეტა გზა, გაწყდა ნათესაური კავშირები, ადამიანები ერთმანეთთან მიმოსვლას ვეღარ ახერხებენ და ეს ურთიერთობაზეც აისახა.
„ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა - ნათესაობა, მეგობრობა, ერთმანეთთან ყოველთვის მივდიოდით. არცეველები ქვეშის სკოლაში დადიოდნენ. ჩემზე უფროსი თაობა უფრო ბევრს ჩამოთვლის ხოლმე და სულ იცნობდნენ იქაურებს, ნათესაობდნენ, ზოგი მეჯვარედ მისდევდა, ზოგი მეგობრობდა. ახლა ისინი აქ ვეღარ გამოდიან და ჩვენ იქით ვეღარ მივდივართ. იქიდანაც ქართველებისა და ოსების ნაწილი წავიდა და იქ დარჩენილებს ვეღარ აქვთ ისეთი ურთიერთობა, როგორც ადრე, მაგრამ მოსწავლეები დადიან ჩვენთან, თუმცა ძალიან დიდი პრობლემების ფასად, იმიტომ რომ იყო შემთხვევა, ეს ბავშვები რამდენჯერმე შეაშინეს. დღესაც მავთულხლართებია და დღესაც ხდება ჩვენი სოფლის მოსახლეების გატაცება. შიშით მუშაობს ხალხი ბაღში და ვენახში“, - გვიამბობს გიული ბეთლემიშვილი
სკოლის გახსნას განათლების მინისტრსა და გუბერნატორთან ერთად ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდიც დაესწრო. მან დამსწრე საზოგადოებას ქართულად მიმართა და ქვეშიდან დე ფაქტო ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა გზების გახსნისა და რეგიონში არსებული ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებისკენ.
„აშშ-ის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევია. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას გახსნას გამშვები პუნქტები ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე და მისცეს ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების, სამედიცინო დახმარების მიღებისა და შიშისგან თავისუფალი ცხოვრების საშუალება“,- განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.
რუსი დგას და რომ გადახვალ, გიჭერს, თორე ხალხთან ურთიერთობა არ არის ცუდი. ნაკვეთები გვაქვს ზედ მიმდებარე ტერიტორიებზე და გვეშინია, ვერ მივდივართ იქამდე. შიშისა და რიდის ქვეშა ვართ.ნიკოლოზ გამდლიშვილი
800-კომლიანი სოფელი ქვეში გორის მუნიციპალიტეტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. სოფელს ესაზღვრება ოკუპირებული ზემო არცევი, სადაც ქართული და ოსური ოჯახები წარსულში უპრობლემოდ თანაცხოვრობდნენ. 90-იანი წლების კონფლიქტის დროს აქ მცხოვრები ადამიანები ერთმანეთს უფრთხილდებოდნენ და შეიარაღებული ფორმირებებისგან იცავდნენ, ამიტომ არც მაშინ და არც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აქ არც მსხვერპლი ყოფილა და არც სახლები გაუნადგურებია ვინმეს. ქვეშელებსა და არცეველებს ერთმანეთისთვის გაკეთებული სიკეთე ახსოვთ. ქვეშის მცხოვრები ელგუჯა რჩეულიშვილი გვეუბნება, რომ ერთ დროს ცხინვალის პირველობაზე ქვეშისა და არცევის ფეხბურთელები ერთი გუნდით გამოდიოდნენ და წარმატებებსაც აღწევდნენ, თუმცა შემდეგ დრო შეიცვალა, ახალგაზრდებმა ვბევრი არღარაფერი იციან ამ ურთიერთობების შესახებ.
„რუსეთის ამბავია ეს ყველაფერი. ახლაც რომ ვხვდებით ახალგაზრდა თაობას, სხვანაირი განწყობით არიან, სჯერათ და ეგრე აქვთ ჩანერგილი, რომ ვითომ ჩვენ წავართვით ეს ტერიტორია. ჩვენი ხნის ხალხი ასე არ ფიქრობს, მათ ყველაფერი კარგად იციან, რომ ეს საქართველოსია, ჩვენია ყველასი. ერთად ვიყავით და როგორც ჩვენი იყო, ისე იმათიც იყო. ახლა რუსები იქ დადიან, სადაც არ არის მავთულხლართები გავლებული და ჩვენს ტერიტორიაზე 200-300 მეტრში შემოდიან და თუ დაინახეს ერთი კაცი მარტო, იმას ხელს წაავლებენ და მიჰყავთ. თუ რამდენიმე ერთად დაინახეს, მათ ვერ უბედავენ“, - ამბობს ელგუჯა რჩეულიშვილი.
ახლა ქვეშსა და არცევს შორის მავთულხლართებია გაბმული. რუსეთის მესაზღვრეებს არცევის მთაზე საგუშაგო აქვთ მოწყობილი და იქიდან ორივე სოფელს აკონტროლებენ, ოკუპაციის ხაზთან გასულ მოქალაქეებს კი ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ბრალდებით აკავებენ.
სოფლის მკვიდრ ნიკოლოზ გამდლიშვილს მიწის ნაკვეთი მავთულხლართებთან ახლოს აქვს და ნაკვეთში წასვლას ხშირად შიშის გამო ვერ ახერხებს.
„რუსი დგას და რომ გადახვალ, გიჭერს, თორე ხალხთან ურთიერთობა არ არის ცუდი. ნაკვეთები გვაქვს ზედ მიმდებარე ტერიტორიებზე და გვეშინია, ვერ მივდივართ იქამდე. შიშისა და რიდის ქვეშა ვართ. ხშირად მიტოვებული გვაქვს ის ნაკვეთები, იმიტომ რომ ვერ ვამუშავებთ. არ არის უსაფრთხოება“.
15 იანვარს ქვეშში, სკოლის გახსნისას უამრავი პოლიციელი იდგა, მაგრამ ეს უფრო მთავრობის წარმომადგენელთა ვიზიტით იყო გამოწვეული. ადგილობრივების აზრით, პოლიცია ღობეებთან ისევე უნდა პატრულირებდეს, როგორც ამას რუსეთის მესაზღვრეები აკეთებენ. ამ პირობებში ადგილობრივი მოსახლეობა თავს უფრო დაცულად იგრძნობს.
შენიშვნა: ბავშვების უსაფრთხოების დაცვის მიზნით სტატიაში არ არის მითითებული იმ ბავშვების ვინაობა, ვისაც რადიო თავისუფლების კორეპონდენტი ესაუბრა.