Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას წყვეტს


საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის პროცედურებს იწყებს. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულების 7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები:

„მათ შორის, ვერ მოიზიდა 120 მილიონი აშშ დოლარი საკუთარი კაპიტალის შესავსებად, ვერ წარმოადგინა ხელშეკრულებები 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე საერთაშორისო ბანკებთან, პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან, რითაც მთავრობას წარმოეშვა ხელშეკრულების მოშლის სრული და უპირობო უფლება.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ ინვესტორის მიმართ გამოიჩინა უპრეცედენტო ძალისხმევა პროექტის მხარდასაჭერად და კონსორციუმს, მათივე მოთხოვნის საფუძველზე, 2017 წლიდან რამდენჯერმე გადაუვადა პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი და ძირითადი ვალდებულებების შესრულების ვადები, კონსორციუმმა ვერ შეძლო ვადის დაცვა, ვერ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს და ვერ წარმოადგინა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების რეალური სამოქმედო გეგმა ან ხედვა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობას საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული, ხოლო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, მთავრობის სრული მხარდაჭერის მიუხედავად, 2017 წლიდან დღემდე ვერ შეძლო პროექტის განხორციელებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულებების შესრულება, ვერ მიაღწია ხელშესახებ შედეგს და ვერ წარმოადგინა პროექტის განვითარების რეალური ხედვა. შესაბამისად საქართველოს მთავრობამ მიიჩნია, რომ კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესრულების მორიგი გადავადება ვერ უზრუნველყოფს სასურველი შედეგის მიღწევას

„ვინაიდან კონსორციუმთან სახელშეკრულებო ურთიერთობის გაჭიანურებამ შეიძლება დააზიანოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიწყება როგორც საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლის სამართლებრივი, ისე ანაკლიის პორტის შემდგომი განვითარებისათვის პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებლად აუცილებელი პროცედურები“, - აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" თანადამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საქართველოს მთავრობას ადანაშაულებს პროექტის განხორციელების მიზანმიმართულად შეფერხებაში.

XS
SM
MD
LG