სამედიცინო კლინიკაში ჩატარებულ სასამართლო პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს მარიანა ჩოლოიანს, - იტყობინება „მთავარი არხი". დაცვის მხარემ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოითხოვა, რომ პროცესი საავადმყოფოში გამართულიყო.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის პირველი განყოფილების ყოფილ გამომძიებელს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას.
გენერალური პროკურატურის განცხადებით, 2019 წლის 10 დეკემბერს, ჩოლოიანმა, მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოწმის სახით, გამოკითხვის მიზნით, დედასთან ერთად დაიბარა ლუკა სირაძე.
როგორც საგამოძიებო უწყება აცხადებს, გამომძიებელმა არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრინციპებით და ლუკა სირაძეს მოსთხოვა დანაშაულის აღიარება. უარის შემდეგ, პროკურატურის ცნობით, გამომძიებელმა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, მარიანა ჩალოიანი 17 დეკემბერს დააკავეს.
15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში 17 დეკემბერს გარდაიცვალა.
თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.
12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.