Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგორელებისთვის ბინების ჩამორთმევას აპირებენ


ახალგორი
ახალგორი

ახალგორში საქართველოს მოქალაქეებისთვის მათ მიერ იძულებით დატოვებული ბინების ჩამორთმევას და სხვებისთვის გადაცემას აპირებენ. ამის შესახებ ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი მამიტოვმა ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა. პრესკონფერენციის დეტალები დე ფაქტო სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რესმა“ გაავრცელა. მამიტოვის თქმით, საქმე ეხება 3 საცხოვრებელ კორპუსს, რომლებშიც 60-მდე ბინაა. ის ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, „იურისდიქციის ცვლილების“ შედეგად, იქ მცხოვრებლებმა „საქართველოში გადასვლა გადაწყვიტეს“ და სახლები უფუნქციოა. საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ომის შემდეგ ახალგორიდან წეროვნის დასახლებაში იძულებით გადაადგილებულ პირებად წავიდნენ. დაკეტილ ბინებს დე ფაქტო ხელისუფლებამ, დიდი ხანია, თვალი დაადგა. მამიტოვი აცხადებს, რომ დაბაში არაერთი ადამიანი საჭიროებს ბინით დაკმაყოფილებას ან საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ეს დაკეტილი ბინები მათ გადასცენ. ახალგორში საცხოვრებელი კორპუსები საბჭოთა პერიოდში აშენდა. დე ფაქტო ხელისუფლება ამ კორპუსებს სახელმწიფო საკუთრებად მიიჩნევს, თუმცა ბინები 2008 წლის ომამდე, ვიდრე ახალგორში საქართველოს იურისდიქცია ვრცელდებოდა, მოქალაქეებს საკუთრებაში გადაეცათ. ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ეს არის კერძო საკუთრების ხელყოფის მცდელობა და ადგილობრივი ქართული მოსახლეობის იძულება, რომ ოკუპირებული ახალგორი დატოვონ.

თამარ მეარაყიშვილი
თამარ მეარაყიშვილი

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ მამიტოვის წინამორბედებსაც ჰქონდათ განზრახვა, ჩამოერთმიათ ბინები დაბიდან წასული მოქალაქეებისთვის და იქ სხვები შეესახლებინათ, თუმცა ეს განზრახვა ყოველთვის განუხორციელებელი რჩებოდა. მეარაყიშვილის თქმით, დაბაში საშიში პროცესები მაინც მიმდინარეობს, რადგან იქ მეზობელი ოსური სოფლებიდან მოქალაქეები მუდმივად ჩამოჰყავთ, ასაქმებენ და მათ ბინების მიღების სურვილიც უჩნდებათ. მეარაყიშვილის აზრით, ეს შეგნებულად კეთდება, რათა ქართული მოსახლეობა მაქსიმალურად შეავიწროონ და მათი ადგილი სოფლებიდან ჩაყვანილმა ეთნიკურმა ოსებმა დაიკავონ.

თამარ მეარაყიშვილის თქმით, რაიონი კორუფციაშია ჩაფლული და მამიტოვი ცდილობს, ეს თემა ბინების ჩამორთმევისა და სხვებისთვის გადანაწილების თემით გადაფაროს. სამოქალაქო აქტივისტის აზრით, დაბაში ხელოვნურად იქმნება აუტანელი პირობები, რაც თანაბრად აწუხებთ ოსებსა და ქართველებს.

4 სექტემბრიდან ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტილია და დე ფაქტო ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ ის მხოლოდ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ავადმყოფებისა და საქართველოს მოქალაქე პენსიონერებისთვის გახსნა. დაბის ადმინისტრაციაში ახლა სიების შედგენა მიმდინარეობს. გამშვები პუნქტის სრულ გახსნაზე საუბარი ჯერ არ არის და ბიბილოვის ხელისუფლება მას ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოების კრიზისს უკავშირებს, ახალგორში კი ჰუმანიტარული კრიზისია და საერთაშორისო ორგანიზაციები დე ფაქტო ხელისუფლებას გზის გახსნისკენ მოუწოდებენ.

XS
SM
MD
LG