Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Bellingcat-ი: ხანგოშვილის მკვლელი რუსეთის მოქალაქე შესაძლოა ФСБ-ს სპეცდანიშნულების რაზმში ირიცხებოდა


გერმანიაში დაკავებული რუსეთის მოქალაქე, რომელსაც ბრალად ედება საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ბერლინში, ადრე ირიცხებოდა სპეცდანიშნულების რაზმ „ვიმპელში“ და მონაწილეობდა, სულ მცირე, ორ მსგავს შეკვეთილ მკვლელობაში. ამას ამტკიცებს საგამოძიებო ჯგუფი Bellingcat-ი თავისი გამოკვლევის მეორე ნაწილში, რომელიც ამ პირს ეხება. ის გამომძიებლების მიერ იდენტიფიცირებულია, როგორც ვადიმ კრასიკოვი.

გამოკვლევის თანახმად, კრასიკოვი, შესაძლებელია, გადაიბირა საიდუმლო სამსახურმა, როგორც დაქირავებული მკვლელი. მსგავსი სქემა გამოიყენეს ალექსეი კომარიჩევის გადაბირებისას, ამტკიცებს ჯგუფი. კომარიჩევი შეეცადა, აეფეთქებინა სამხედრო დაზვერვის ოფიცრის მანქანა.

3 დეკემბერს მედია იტყობინებოდა, რომ გერმანიის სამართალდამცველ ორგანოებს ეჭვი აქვთ, რომ მკლელობის უკან რუსეთი დგას და გერმანიის ოფიციალურმა პირებმა მალევე გამოაცხადეს, რომ მოსკოვი არ თანამშრომლობს ბერლინთან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში და ქვეყნიდან აძევებს ორ დიპლომატს, რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს.

ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს მოკლეს ბერლინში პისტოლეტით. მას ველოსიპედზე მჯდომი მკვლელი უკნიდან მიეპარა, რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა, თუმცა ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ თვითმხილველების დახმარებით მიაგნო ნივთმტკიცებებსაც, რომლებიც მკვლელმა მდინარეში გადაყარა.

40 წლის ხანგოშვილი რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა ჩეჩნეთის მეორე ომში, იყო ქვედანაყოფის მეთაური. ის ჩეჩნეთის - „იჩქერიის“ - თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ასლან მასხადოვთან, დაახლოებული პირი იყო. მოგვიანებით ხანგოშვილი საქართველოში თანამშრომლობდა სპეცსამსახურებთან.

XS
SM
MD
LG