Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამნესტი ინტერნეიშნელი“ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს


ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენელის“ სპეციალურ განცხადებაში, რომელიც 22 ნოემბერს გავრცელდა, საუბარია სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე, სხვა პირთა თავისუფლების აღკვეთასა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მიუღებლობაზე; „ამნესტი ინტერნეიშენალი“ წერს, რომ „სამხრეთ ოსეთის / ცხინვალის რეგიონის სეპარატისტულ ტერიტორიასა და დანარჩენ საქართველოს შორის გადაადგილების სრული აკრძალვა უხეშად არღვევს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებებს“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სექტემბრის დასაწყისიდან დაკეტილია გამყოფ ხაზზე მოქმედი ერთადერთი ე.წ. გადასასვლელი პუნქტი, რაც კიდევ უფრო აუარესებს ჰუმანიტარულ ვითარებას რეგიონში და გამყოფი ხაზის გასწვრივ. განცხადებაში აღწერილია ახალგორის მოსახლეობის, კერძოდ, ასაკოვანი მოქალაქეების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების პრობლემები, რომლებზეც ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვა უაღრესად უარყოფითად მოქმედებს; მოსახლეობა მოკლებულია იმის შესაძლებლობას, რომ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე უფასო სამედიცინო დახმარება მოიპოვონ, კონკრეტულ მაგალითად განცხადებაში მოყვანილია მარგო მარტიაშილის შემთხვევა.

ახალგორში მცხოვრები ოჯახი აცხადებს, რომ მათი ბებია, 70 წლის მარგო მარტიაშვილი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც დე ფაქტო ხელისუფლებამ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარების მისაღებად არ გაუშვა ის.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ უკიდურესად შეიზღუდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მცხოვრები მოსახლეობის სამოქალაქო პირთა გადაადგილება, 2019 წლის სექტემბრამდე ისინი მაინც ახერხებდნენ გამყოფი ხაზის გადაკვეთას. სექტემბერში დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ ე. წ. გამშვები პუნქტები დახურა და ეს ნაბიჯი ახსნა თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე პოლიციის პოსტის გახსნით სოფელ წნელისის მახლობლად. „ამნესტი ინტერნეიშნელის“ თქმით, დე ფაქტო ხელისუფლების ეს ზომები არაპროპორციული პასუხია თბილისის ქმედებაზე.

„ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის მიხედვით, გადაადგილების თავისუფლება შეიძლება შეზღუდულ იქნეს გარკვეული კანონიერი მიზნების მისაღწევად, ის შესაბამისობაში უნდა იყოს ადამიანის სხვა უფლებებთან და უნდა წარმოადგენდეს პროპორციულ პასუხს“, ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაცია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას მოუწოდებს, გახსნას ჩაკეტილი გამშვები პუნქტები და დაიცვას ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები. ასეთივე მოწოდებით მიმართავს ის რუსეთს, რომელიც, მისი თქმით, ფაქტობრივად აკონტროლებს რეგიონს.

განცხადებაში საგანგებო ყურადღება ეთმობა დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას. ცხინვალის რეჟიმის თანახმად, გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს, როცა ის ცხინვალის რეჟიმის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდა.

განცხადებაში ყურადღება ექცევა იმ გარემობას, რომ სხვა დროს ასეთ შემთხვევებში დე ფაქტო ხელისუფლების „სასაზღვრო რეჟიმის“ დამრღვევთ ჯარიმას ახდევინებდნენ და ათავისუფლებდნენ. გაფრინდაშვილის შემთხვევაში კი სხვა ვითარება იყო, მას ბრალი წაუყენეს მუხლით, რომელიც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამჟამად მას ორთვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

განცხადების ავტორები შენიშნავენ, რომ გაფრინდაშვილის დაკავების პერიოდში, 9-11 ნოემბერს ცხინვალის რეჟიმმა ასევე დააკავა ოთხი მამაკაცი „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“.

უფლებადამცველ ორგანიზაციას მედიის ცნობებზე დაყრდნობით მოჰყავს ერთ-ერთი დაკავებულის, შოთა ბიძინაშვილის მონათხრობი, რომლის თანახმადაც, პატიმრობისას მათ გაუსაძლის პირობებში ამყოფებდნენ და პირველ დღეებში არ უწევდნენ სამედიცინო დახმარებას.

„საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სრულიად აკრძალულია წამება ან სხვა სასტიკი, არაჰუმანური, ღირსების შემლახველი მოპყრობა ან სასჯელი. ასევე, ამგვარი დაპატიმრებები თვითნებურია და წარმოადგენს პირის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევას, და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე -5 მუხლს“.

„ამნესტი ინტერნეიშენელის“ სპეციალურ განცხადებაში წერია, რომ „ამ პირობებში ორივემ, რუსეთმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყონ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება პატიმრობიდან და მისთვის ამის გამო მიყენებული ზარალის ანაზღაურება. მათ ასევე უნდა უზრუნველყონ, რომ მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე არავინ გახდეს წამების და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი“.

„ამნესტი ინტერნეიშენელის“ ანგარიში გამოხმაურებაა უკანასკნელ ხანებში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვარზე ვითარების გაუარესებაზე, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. განცხადებაში ჩამოთვლილია მრავალი კანონდარღვევა რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლების ძალების მხრიდან. ეს დარღვევები დაწვრილებითაა დოკუმენტირებული „ამნესტი ინტერნეიშნელის“ 2019 წლის ანგარიშში „მავთულხლართების მიღმა: ‘ბორდერიზაციის’ შედეგი ადამიანის უფლებებისთვის.“

XS
SM
MD
LG