101 ხმით 3-ის წინააღმდეგ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა „ქართული ოცნების“ 92 დეპუტატის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. სხდომათა დარბაზში 141 დეპუტატი იმყოფებოდა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. „კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა შორისაა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს სრულად დაუჭირეს მხარი ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა.
საკონსტიტუციო კანონპროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებას 2020 წლიდან ითვალისწინებდა, ნაცვლად 2024 წლისა, როგორც ეს მოქმედ კონსტიტუციაშია ასახული. კანონპროექტით იკრძალებოდა ბლოკების შექმნა და წესდებოდა ნულოვანი საარჩევნო ბარიერი.
საარჩევნო სისტემის შერეულიდან პროპორციულზე შეცვლის საკონსტიტუცვუიო პროექტის განხილვა პარლამენტში 12 ნოემბერს დაიწყო. მაჟორიტართა წინააღმდეგობის გაცხადების შემდეგ, კანონპროექტზე კენჭისყრა ვერ შედგა ვერც 13 ნოემბერს. მოლაპარაკებებმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გადაინაცვლა. გაიმართა უმრავლესობის ორი სხდომა და პარტიის თავმჯდომარის ინდივიდუალური შეხვედრებიც რამდენიმე მაჟორიტარ დეპუტატთან.
პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს გამოაცხადა საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ ინიციატივა: „2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში“.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად. რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.