წმინდა სინოდი მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტს შუამდგომლობით მიმართავს.
ამის შესახებ, მეუფე პეტრემ სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ განაცახადა. მეუფე პეტრეს ინფორმაციით, ამის შესახებ სინოდმა გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღო.
„დეკანოზ გიორგი მამალაძის შუამდგომლობა ერთსულოვნად გაითვალისწინა წმინდა სინოდმა და გადაწყვიტა უშუამდგომლოს პრეზიდენტთან გასათავისუფლებლად“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.
2017 წლის ოქტომბერში სინოდში დეკანოზ გიორგი მამალაძეზე მსჯელობდნენ და გადაწყვიტეს, რომ სანამ “დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენის მიმართ სააპელაციო-საკასაციო პროცედურები არ არის დასრულებული, წმიდა სინოდი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად კანონიკური სამართლის ფორმატში დაიწყოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა, რაც ამ საქმის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა. შესაბამისად, წმიდა სინოდი თავს იკავებს დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საბოლოო დასკვნების გაკეთებისგან.”
დღეს, 31 ოქტომბერს საპატრიარქოში გაიმართა წმინდა სინოდის სხდომა. მისი დღის წესრიგი საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.
2019 წლის პირველი სხდომის მოწვევის გადაწყვეტილება 29 ოქტომბერს გამოაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ 30 ოქტომბერს, სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ პატრიარქი ჯანმრთელადაა და წმინდა სინოდის სხდომას უხელმძღვანელებს.
„არასწორი ინფორმაცია გავრცელდა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. რაღაც უსიამოვნო მითხრეს, გამეორებაც არ მინდა. პატრიარქი მშვენივრად არის. მისთვის ჩვეულებრივ მდგომარეობაშია, ისე, როგორც იყო, სანამ გაციების ვირუსი ექნებოდა. ახლა კარგადაა, ჩვეულებრივ შრომით რეჟიმშია“, - განაცხადა ცისანა შარტავამ.
სინოდის სხდომის დანიშვნას წინ უძღოდა ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის საჯარო განცხადებები, რომ მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ მთავრობის მაღალჩინოსნები გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური.
26 ოქტომბერს, ტელეკომპანია "პირველთან" მეუფე იაკობის ინტერვიუს თანახმად, საუბარია სავარაუდოდ, 2018 წელს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე.
28 ოქტომბერს, როცა მეუფე იაკობი მისივე თხოვნით, პატრიარქმა ქორეპისკოპოსის მოვალეობის შესრულებისგან გაათავისუფლა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავისი სიტყვები უკან არ მიაქვს.
გიორგი გახარიამ და ვახტანგ გომელაურმა მეუფე იაკობის ბრალდება უარყვეს და თქვეს, რომ მსგავსი შეხვედრა არ გამართულა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის პატრიარქის წინააღმდეგ არასდროს წასულა.
29 ოქტომბერს, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „წმინდა სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას ეკლესიის წიაღში დაიწყება, თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებით საკითხის განხილვა“.
სინოდის სხდომა 12 საათზე დაიწყო.
სხდომას ვერ დაესწრება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი, რომელიც პერგამონის მიტროპოლიტ იოანეს მასპინძლობს.
მეუფე გრიგოლი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდამჭერია. წმინდა სინოდს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და მას პატრიარქის მდივან - რეფერატის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მომზადების მცდელობა დასდეს ბრალად. ეგრეთ წოდებულ „ციანიდის საქმეში“ მკვლელობის მომზადების მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშია გაგზავნილი.