მოსკოველი ბიოლოგისა და დნმ-ს სპეციალისტის, დენის რებრიკოვის განცხადებებმა უკიდურესად შეაშფოთა სამედიცინო საზოგადოება, რომელიც „ადამიანის გენის რედაქტირებისკენ“ მიმართულ ექსპერიმენტებს ეთიკურად მიუღებელს, ხოლო მეცნიერულად უსარგებლოს უწოდებს.
დენის რებრიკოვის ექსპერიმენტი ითვალისწინებს არამხოლოდ ადამიანის გენეტიკური კოდის შეცვლას. ბიოლოგი ამტკიცებს, რომ CRISPR-ის ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელია განაყოფიერებულ კვერცხუჯრედშივე მოხდეს იმ გენის რედაქტირება, რომელიც გარკვეულ დაავადებას, მაგალითად, სიყრუეს იწვევს.
რებრიკოვის ამ სენსაციურ განცხადებას წინ უსწრებდა ჩინელი გენეტიკოსის, ხე ციანკუის მიერ განხორციელებული ფარული ექსპერიმენტი. 2018 წლის ნოემბერში, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, ჩინეთში დაიბადნენ ხელოვნურად შეცვლილი გენეტიკური კოდის მქონე ტყუპი გოგოები - ლულუ და ნანა.
ჩინელი გენეტიკოსის ოსტრაკიზმი
არ არის მარტივი პასუხის გაცემა შეკითხვაზე, თუ რატომაა საჭირო გაგრძელდეს ადამიანის გენეტიკური კოდის რედაქტირებისაკენ მიმართული პროცესი, რადგან ამ კითხვას თან ახლავს მულტიკულტურალური კონტექსტი. სხვადასხვა ადამიანებს, საზოგადოებებსა და ქვეყნებს სხვადასხვა მიზნები და ამოცანები ამოძრავებთ.ფრანსუაზა ბეილისი
გენეტიკოსმა ციანკუიმ გენური ინჟინერიის მეთოდით განაყოფიერებულ კვერცხუჯრედში მოახდინა CCR5-გენის რედაქტირება. ეს გენი ითვლება პასუხისმგებლად იმ ცილის გამოყოფაზე, რომელიც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსს უჯრედში შეღწევის საშუალებას აძლევს.
ტყუპების გენეტიკური კოდის ცვლილებამ მათ აივ-ინფექციის შეყრის რისკი შეუმცირა.
აივ-ინფექციის წინააღმდეგ მიმართული ამ ფარული ექსპერიმენტის გამო, ხე ციანკუი პერსონა ნონ-გრატად შერაცხა მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ. ბიოფიზიკოსი გააძევეს შენჯენის სამეცნიერო-ტექნიკური უნივერსიტეტიდან. მის წინააღმდეგ დაწყებულია გამოძიება.
გენური ინჟინერიის საკითხები არ უკავშირდება მხოლოდ ტექნოლოგიასა და ნოუ-ჰაუს. ასეთი კვლევები უნდა აკმაყოფილებდეს ეთიკურ მოთხოვნებს, ხოლო ექსპერიმენტებმა, რომელთაც რუსი მეცნიერი რებრიკოვი „სასარგებლოდ“ მიიჩნევს, შესაძლოა, სამუდამოდ შეცვალოს ადამიანის გენეტიკური კოდი და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს კაცობრიობას. ასე ფიქრობენ ის მეცნიერები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა.
რატომ და როგორ?
ფრანსუაზა ბეილისი, კანადის დელჰაუზის უნივერსიტეტის პროფესორი, ავტორი სამეცნიერო ნაშრომისა „CRISPR-ი და ადამიანის გენომის რედაქტირებასთან დაკავშირებული ეთიკა“:
„ამ დისკუსიაში მთავარი და ცენტრალურია ორი საკითხი: რატომ არის საჭირო მემკვიდრეობით მიღებული ადამიანის გენეტიკური კოდის რედაქტირება და როგორ უნდა მოხდეს ეს. ამ შეკითხვებს თანმიმდევრობით სჭირდება პასუხის გაცემა. შეკითხვას „როგორ“ იმ შემთხვევაში უნდა გაეცეს პასუხი, თუ გვექნება დადებითი პასუხი შეკითხვაზე „რატომ“.
არ არის მარტივი პასუხის გაცემა შეკითხვაზე, თუ რატომაა საჭირო გაგრძელდეს ადამიანის გენეტიკური კოდის რედაქტირებისაკენ მიმართული პროცესი, რადგან ამ კითხვას თან ახლავს მულტიკულტურული კონტექსტიც. სხვადასხვა ადამიანს, საზოგადოებასა და ქვეყანას სხვადასხვა მიზანი და ამოცანა ამოძრავებს.
მექმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთები კმაყოფილნი არიან იმით, რომ დოქტორმა ხემ (ციანკუიმ) „გადალახა ეს რუბიკონი“, რითაც გაუადვილა მის კვალზე სიარული სხვებს, რომლებიც უკეთ გაართმევენ თავს იმას, რაც ხემ ცუდად გააკეთა.
ზოგიერთისთვის ეს აღიქმება იმ იდეის „ნორმალიზების“ დასაწყისად, იმის მანიშნებლად, რომ არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ საქებარიც კია ადამიანის გენეტიკური კოდის შეცვლა. დოქტორ ხეს ექსპერიმენტის მთავარი პრობლემა კი თითქოს მხოლოდ ის იყოს, რომ მისი განხორციელება დაიწყო ნაადრევად, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში.
მიუხედავად იმისა, რომ მე ყოველთვის ვემხრობი უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას, მიმაჩნია, რომ ასეთი მსჯელობა მცდარია. ეთიკა არ შეიძლება დავიყვანოთ მხოლოდ მეცნიერული კვლევის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობამდე. ეს აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა ადამიანზე განხორციელებული გამოკვლევების ეთიკის თვალსაზრისით“.
ნაადრევი და სახიფათო ექსპერიმენტი
ამას შეუძლია აივ-ინფექციისგან დაცვა, მაგრამ, იმავდროულად, ზრდის სხვა ინფექციების რისკს.გაეტან ბურჯიო, გენეტიკოსი
გენეტიკოსი გაეტან ბურჯიო, ავსტრალიის ნაციონალური უნივერსიტეტის პროფესორი, CRISPR-Cas-ისა და გენეტიკური მოდიფიკაციის წამყვანი სპეციალისტი, მეცნიერული თვალსაზრისითაც უსარგებლოდ მიიჩნევს CCR5- გენის ხელოვნურ მუტაციას ადამიანის ემბრიონში:
„ამას შეუძლია აივ-ინფექციისგან დაცვა, მაგრამ, იმავდროულად, ზრდის სხვა ინფექციების რისკს. მართალია, ჩვენ ვიცით ბევრი რამ CCR5-ის როლზე აივ-ინფექციის ქსოვილში შეღწევის მხრივ, მაგრამ ცოტა რამ ვიცით იმაზე, თუ როგორ მოქმედებს მისი მუტაცია მეტაბოლიზმზე, რეპროდუქციის უნარსა და ადამიანის ორგანიზმის სხვა ფუნქციებზე, რომლებიც შესაძლოა აღმოჩნდეს რისკის ქვეშ. CRISPR-Cas9-ის ტექნოლოგია შორსაა სრულყოფისაგან და მისი გამოყენება ადამიანის გენის მოდიფიცირებისათვის ნაადრევია. მას სარგებელი პრაქტიკულად არ აქვს, საფრთხე კი ძალიან დიდია“.
საიდუმლო შეხვედრა
სააგენტო „ბლუმბერგმა“ 29 სექტემბერს გაავრცელა ცნობა ივლისის ბოლოს რუსეთის ერთ-ერთ სამეცნიერო ცენტრში გამართული საიდუმლო შეხვედრის შესახებ.
მასში მონაწილეობდნენ როგორც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და გენეტიკის დარგის მეცნიერები, ასევე ენდოკრინოლოგი მარია ვორონცოვა, რომელსაც „ბლუმბერგი“ მოიხსენიებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, ქალიშვილად.
საიდუმლო შეხვედრაში მონაწილე ექსპერტების უმრავლესობა დაუპირისპირდა რებრიკოვის გეგმებს და მხოლოდ მარია ვორონცოვას არ გამოუხატავს ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება. მან თქვა, რომ შეუძლებელია სამეცნიერო პროგრესის შეჩერება, თუმცა „უკეთესი კონტროლისათვის“ ადამიანის დნმ-ს რედაქტირება სახელმწიფო უწყებების პრეროგატივა უნდა იყოს, კერძო კომპანიებს კი უნდა აეკრძალოთ ასეთი სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩატარება.
საკითხის შემდგომი საჯარო განხილვით უკმაყოფილო დენის რებრიკოვი პირობას დებდა, რომ „რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვის გარეშე არ მოახდენდა რედაქტირებული ემბრიონის ტრანსპლანტაციას დედის საშოში“.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დებატებს ოქტომბრის ბოლოს უპასუხა და განაცხადა, რომ ძალიან „ნაადრევად მიიჩნევს“ ამგვარი ექსპერიმენტების ჩატარებას.
ადამიანის გენეტიკის შეცვლისკენ მიმართულ კლინიკურ ექსპერიმენტებზე ყოველგვარი ნებართვის გაცემის წინააღმდეგია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), რომლის საკონსულტაციო-საექსპერტო კომიტეტი მუშაობს იმ სახელმძღვანელო პრინციპებზე, რამაც გლობალურ დონეზე უნდა უზრუნველყოს ამ პრობლემის მოგვარება.