Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სამი წევრი აირჩიეს


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით აირჩია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სამი წევრი: თამილა დოლიძე, სოსო სტურუა და თამარ წილოსანი.

პარტიული კვოტით არჩეული დოლიძე და სტურუა „ქართული ოცნების“ ორი ფრაქციის კანდიდატები იყვნენ, ხოლო წილოსანი დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით აირჩიეს.

პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ, რომელსაც თავისი კვოტით მეოთხე კანდიდატი უნდა წარედგინა.

სოსო სტურუა აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორია, თამილა დოლიძე - საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო თამარ წილოსანი - აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების ნაწილი აცხადებს, რომ მაუწყებლის დირექტორად მუშაობის პერიოდში სოსო სტურუა ხელისუფლების ზემოქმედების ქვეშ იყო, ამიტომ მრჩევლად მისი არჩევა რისკის შემცველია და საფრთხეს უქმნის სარედაქციო დამოუკიდებლობას. სოსო სტურუა აჭარის ტელევიზიას და რადიოს 2013-2016 წლებში ხელმძღვანელობდა.

მრჩეველთა საბჭოს 4 წევრის არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც 2019 წლის ოქტომბერში, 6-წლიანი უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს მიერ „თავისუფალი დემოკრატების“ კვოტით არჩეულ ნატა იმედაიშვილს, „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატ გიორგი ირემაძეს და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს ირაკლი დარცმელიძესა და ბეჟან გობაძეს. საბჭოს მეხუთე წევრი გიგა ჩხარტიშვილი „ქართული ოცნების“ კვოტით 2018 წელს აირჩიეს მას შემდეგ, რაც საბჭო საკუთარი სურვილით დატოვა ზაზა ხალვაშმა.

საბჭოს 4 ახალი წევრის ასარჩევად კონკურსი 2019 წლის აგვისტოში გამოცხადდა.

მრჩეველთა საბჭოს ახალმა შემადგენლობამ აჭარის ტელევიზიის და რადიოს ახალი დირექტორი უნდა აირჩიოს. საბჭოს წინა შემადგენლობამ მაუწყებლის დირექტორ ნათია კაპანაძეს უნდობლობა 2019 წლის აპრილში გამოუცხადა.

XS
SM
MD
LG